შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ქარსელაძის თქმით, ვერტმფრენს საკუთარი სამობილიზაციო პერიოდი გააჩნია.
"ვითარება ისედაც მძიმეა და ნუ შევეცდებით, რაღაც მიზეზების მოძებნას. ყველას მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რადგან საუბარია ადამიანებზე. ნუ ეძებთ მიზეზებს, მაშინ, როდესაც მაქსიმალური ძალისხმევა კეთდება. რაც შეეხება ვერტმფრენს, მართალია არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის, ვერტმფრენსაც გააჩნია სამობილიზაციო პერიოდი. შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე. შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2-წუთიან ინტერვალზეა საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ, თითქოს, რაღაცამ დაიგვიანა, ჩვენც ვისურვებდით, რომ საერთოდ წინასწარ გვცოდნოდა ეს ყველაფერი და საერთოდ არ მომხდარიყო, საერთოდ, ყველაზე კარგი იქნებოდა”,- განაცხადა ქარსელაძემ.