გეოლოგი - შოვის ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები მოხდა - ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქია ბევრი ბუნებრივი ფაქტორის თანხვედრის შედეგად განვითარდა და მისი განმეორების საფრთხე არ არსებობს.

მისივე თქმით, გარდა 1991 წლის მიწისძვრისა, მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა.

„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები მოხდა. კერძოდ, მდინარის სათავეებში 2 მყინვარია, რომლებიც ინტენსიურად დნება. ამას უხვი ნალექი დაემთხვა. ჩამოირეცხა ნაპირები, გააქტიურდა ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესები. ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც ცნობილია.

მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში უმოკლეს პერიოდი მივიდნენ და სამუშაოები დაიწყეს. დღესაც 6 ჯგუფი მუშაობს. ათვალიერებენ არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ატარებენ ინსტრუმენტულ მონიტორინგს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.

სიტუაცია დასტაბილურდა, კვლევები მიმდინარეობს. სტიქია სრულად ბუნებრივ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე, გამეორების საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. 210 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს და სხვადასხვა უსაფრთხო ტერიტორიაზე მოათავსეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს