ქუთაისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს

ქუთაისში, ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ქუთაისის მერიის ცნობით, სასულიერო პირებმა ომში დაღუპულ გმირებს პანაშვიდი გადაუხადეს. მათივე ინფორმაციით, ასევე მოეწყო ომისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წელს განსაკუთრებით მძიმეა ეს დღეები რაჭაში განვითარებული ტრაგედიიდან გამომდინარე.

„საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წელი გავიდა და დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ იმ გმირ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. წელს განსაკუთრებით მძიმეა ეს დღეები ჩვენთვის რაჭაში განვითარებული ტრაგედიიდან გამომდინარე, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელ საქართველოს“, - განაცხადა რწმუნებულმა.

ასევე, იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ჯერ არ დასრულებულა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვის 8 აგვისტო. 15 წლის წინ, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დავკარგეთ ადამიანები, ტერიტორიები. მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ჯერ არ დასრულებულა. დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპული ჩვენი თანაქალაქელების ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით არის საქართველოს განვითარების უალტერნატივო პირობა. ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს!“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქუთაისელი 8 ახალგაზრდა დაიღუპა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს