ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2023

რუსეთის არაოფიციალური ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და ევროპასთან მიახლოების შანსი

რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა - რა მდგომარეობაა დამეწყრილ ზონაში

როგორ დალაგდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე

* * *

რუსეთის არაოფიციალური ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და ევროპასთან მიახლოების შანსი

“საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოოო პასუხს წლის ბოლოსთვის ელოდება, ნატოსთან მიმართებაში კი მსგავსი პერსპექტივა ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს. როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, აქ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთია, რომელმაც უკრაინასა და საქართველოს დე ფაქტოდ ვეტო დაატო, განსაკუთრებით ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით. მათივე შეფასებით, 2008 წლის საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, საქართველო ნატოსთან ორჯერ უფრო ახლოს იყო, ვიდრე დღეს ვართ - ერთი 2008 წლის აგვისტოს ომამდე, როცა ბუქარესტის სამიტზე ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან და 2016 წელს, “ოცნების” კოალიციური მმართველობის პერიოდში, როცა ალიანსმა საქართველოს სპეციალური პაკეტი და ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამა შესთავაზა, პარალელურად კი სამხედრო წვრთნები მიდიოდა და თავსებადობა იზრდებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთის არაოფიციალური ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და ევროპასთან მიახლოების შანსი / “საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, როგორც ნატოში ისე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით”.

“ექსპერტები დასძენენ, რომ საქართველოსთვის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი მაინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. მათი თქმით, ეს ქვეყნისთვის ფაქტიურად გამოცდა იქნება დასავლურ ინსტიტუტებთან მიმართებაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ნატოში ინტეგრაციის თვასაზრისით, ქვეყანაში ჯერჯერობით პროგრესი არაა. რაც შეეხება ევროკავშირში გაერთიანების პროცესს, მისი თქმით, აქ გარკვეული ძვრებია, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ საბოლოო პასუხი ევროკავშირმა კვლავ გადადოს და 2024 წლის არჩევნებს დაელოდოს. თსუ-ს პროფესორი და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია კი ამბობს, რომ 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დასავლეთი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესი შენელდა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ამ თვალსაზრისით შესამჩნევი აქტიურობა არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განსაკუთრებით რეგრესს ნატოსთან ინტეგრაცია განიცდის. როგორც ჩანს, დღევანდელი მართველი პოლიტიკური პარტია ამ პროცესის გააქტიურებისგან თავს იკავებს. ნატო- საქართველოს მაღალი დონის კომისიის სხდომა ბოლოს როდის გაიმართა, ესეც საკითხავია. ნატოს სამიტზე დოკუმენტებში პირდაპირ ეწერა, რომ მეგობრებო ჩამოყალიბდით - ვის მხარეზე ხართო. რაც შეეხება იმას თუ სად ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, ეს ისედაც ჩანს, რომ თუ 12 რეკომენდაციას შევასრულებთ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ, მხოლოდ სამია შესრულებული და მეეჭვება, რომ წლის ბოლოს დადებითი შედეგი გვქონდეს. შესაძლოა დრო კიდევ გაწელონ, 2024 წლის არჩევნებს დაელოდონ და საბოლოო პასუხი ამის შემდეგ გვითხრან. თუ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, შანსი გვექნება და თუ პროცესი გაყალბებებით წავიდა, შანსს ხელიდან გავუშვებთ. სამი რეკომენდაციის შესრულება არაფერს ნიშნავს, ისიც ძალიან ზოგადი საკითხებია და ეს არაა იმის გასაღები, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. პოლარიზაციის დონე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვერ მივიღეთ და ის, რაც მმართველმა გუნდმა წარადგინა, იმასთან არ აღმოჩნდა თავსებადი, რა დავალებაც გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“2008 წლის ომის შემდეგ ნატოსთან უფრო ახლოს, ვიდრე დღეს ვართ ორჯერ ვიყავით - 2008 წელს, როცა მაპის სტატუსის მიღების რეალური შანსი გვქონდა და 2016 წელს, როცა “ქართული ოცნების” კოალიცია იყო, მაშინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ჩვენ სპეციალური განსაკუთრებული პაკეტი და ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამა შემოგვთავაზეს, წვრთნები მიდიოდა და სამხედრო თავსებადობა იზრდებოდა. ამის მერე სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით 2022 წლის უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან. უკრაინაც ომშია და ნატოში ინტეგრაცია მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, რაც ომის გამარჯვებით დაასრულებს. ომმა კი გაჭიანურებული სახე მიიღო, ვერც რუსები გადადიან შეტევაზე და უკრაინის შეტევაც იმ ტემპის არაა, რომ ფრონტზე რაიმე გარდატეხა შევიდეს. როგორც ვხვდები, სტრატეგიული შეტევა გაზაფხულისკენ გადაიწევს, ამით კი თავისთავად ომი დასრულების ვადები კიდევ გადაიწევა. საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, როგორც ნატოში ისე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით”, - დაასკვნის მაისაია.

“ნატოსთან მიმართებაში გარკვეული სტაგნაცია არსებობს - საქართველო 2008 წლის შემდეგ წინ ნამდვილად ვერ წავიდა, განსხვავებით უკრაინისგან, რომელმაც ვილნიუსის ბოლო სამიტზე ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ამით ეს დუეტი ფაქტიურად დაირღვა და ჩვენზე ოდნავ წინ არიან. ძირითადად ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის “დამსახურებაა” და ამან დასავლეთის პოზიცია კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად კი ინარჩუნებს ნატოში გაწევრიანების პროცესს, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს და შესაბამისად, ენთუზიაზმიც არ იქნება. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ პირიქით, ომის შემდეგ უფრო დიდი შესაძლებლობები გაიხსნა. თუნდაც ის, რომ კანდიდატის სტატუსზეა ლაპარაკი, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია, რომ ამ ეტაპზე რაღაც შედეგები დაიდოს, ვიდრე ნატოსთან მიმართებით. რაც შეეხება იმას, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს რამდენად მიიღებს, სხვადასხვა სცენარები არსებობს - ერთ-ერთი ვარიანტია, რომ შესაძლოა სტატუსი მოგვცენ, ან მოგვცენ დროებით, დათქმებით და ამის შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს როგორ ჩავატარებთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა - რა მდგომარეობაა დამეწყრილ ზონაში

“რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები კვლავ მიდის, დაკარგულ ადამიანებს ჩამოწოლილი მეწყერის მიმდებარე ცხრა ლოკაციაზე ეძებენ. განახლებული მონაცემებით, მიწის მასიდან 21 ცხედარია ამოყვანილი, ნაპოვნია ადამიანის ფრაგმენტიც. სამუშაოებში ჩართულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, ჯარი, მაშველები და ავიაცია. ხუთშაბათს დამეწყრილი ზონიდან ერთი არასრულწლოვნისა და ქალის ცხედრები ამოიყვანეს, ერთი კოტეჯებთან ახლოს, მეორე კი დაახლოებით 2 კმ-ში იქნა ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი დაახლოებით 25კმ-ია, სადაც 12 დაკარგულს ეძებენ. სტიქიას 210 ადამიანი გადაურჩა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტრომ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები მიიღო, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მისი თქმით, ერთი ფოტო გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს, ხოლო მეორე ფოტო სტიქიის შემდგომ არის გადაღებული და დასტურდება, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა - რა მდგომარეობაა დამეწყრილ ზონაში.

“ბუნებრივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით. ორი დღის წინ, მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, თითქოს, ადგილი ჰქონდა წყლის დაგროვებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რასაც აღნიშნული ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე სტიქიის შემდგომ არის გადაღებული, დასტურდება თუ როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით. საკმაოდ დიდ ფართობზეა საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები”, - განაცხადა შამუგიამ, რომლის თქმით, “ფოტოებთან დაკავშირებით დეტალებს და ანალიზს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღესვე წარუდგენენ საზოგადოებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქვე აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა საზოგადოებას ბოლო მონაცემები გააცნო. მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან დიდი ტერიტორია არის გადამოწმებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შეიძლება მერე არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდის და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა იმიტომ, რომ პროზექტურაშია. ამ დროისთვის თუ არ ვცდები, 4-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს... გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურაა და გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ვცდილობთ, ყველაფერი იმ პროტოკოლის ფარგლებში იყოს, რაც მსგავს სიტუაციებში აუცილებელია”, - განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე აზრით იმ პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხი, რომლებსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს”, - დასძენს გამოცემა.

“განახლებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროც ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, დილით, სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო. ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. “ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. ასევე, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები. მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროებისთვის, მობილიზებულია დამატებითი რესურსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად რეგიონული ირაკლი ქარსელაძე, აცხადებს,რომ სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რისი მეშვეობითაც სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა გადაიყვანეს, რომელიც ცოცხალ ძალას ეხმარება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქარსელაძის თქმით, ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და “ეს ამოცანაც შესრულებული იქნება”, ამბობს, რომ გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო. “გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი”, - განმარტა ქარსელაძემ. 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული: მუხლი 116 -ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მუხლი 240 - ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

როგორ დალაგდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე

“ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გაჩნდა მონახაზები, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას. “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილისა და “სტრატეგია აღმაშენებელის” “გამარჯვების პლატფორმას” ამ დრომდე არ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები. “ლელო” ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკური ძალებთან მართავს, რომლებსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა”. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებენ გაერთიანებას. “ოცნებაში” კი დარწმუნებულები არიან, რომ რადიკალური ოპოზიცია ახალი მეთოდების შემუშავებაზე ფიქრობს იმ გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებალად, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელოდება. რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია და როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს საკუთარი ძალების გაძლიერება, გამსხვილება, ახალი პროგრამების შემუშავება და ელექტორატის მოზიდვა. ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პალიტრა შემოდგომაზე არ შეიცვლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დალაგდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე.

“როგორ დალაგდება ოპოზიცია შემოდგომაზე, ან რა გზას აირჩევს, არ ვიცი, თუმცა, როცა უკრაინაში ომია, ასეთ ვითარებაში ოპოზიციაში ვინმეს თავში თუ მოსდის აზრი, რომ სიტუაცია გაამწვავოს, მაშინ პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს და სხვა საქმე მოძებნოს; რევოლუციური სცენარისთვის საზოგადოება მზად არ არის. ასეთი სცენარის მოწინააღმდეგე არის ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ი. წერტილოვანი გამოსვლები იქნება, პერმანენტული გამოსვლები არ იქნება. “ვარდების რევოლუცია” რომ მზადდებოდა, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული იყო და პროცესი მთელი თვე გრძელდებოდა. ამიტომ დღეს რევოლუციაზე ფიქრი სისულელეა. ოპოზიციას რჩება ერთი სცენარი - მან უნდა იმუშაოს ხანგრძლივად, პერმანენტულად ამომრჩევლის დარწმუნებაზე. უნდა შესთავაზოს რეალური გეგმა, რომელსაც ამომრჩეველი დაიჯერებს. ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ გამსხვილდნენ, ჩამოაყალიბონ პროგრამა, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს შექმნის ქვეყანაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიცია საპროტესტო მუხტს ქუჩაში ვერ ააგორებს, ამიტომ მხოლოდ სატელევიზიო პერფორმანსებით შემოიფარგლება. პერფორმანესებს მოაწყობს ნებისმიერ თემაზე. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ხალხის შეგროვება არ შეუძლია, რევოლუციური სცენარის განხორციელებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება პარტიებს შორის გადაჯგუფებებს, ვაშაძისა და ხაბეიშვილის ალიანსი პოლიტიკურ სიტაციას ვერ შეცვლის. ვერც მელიასა და გვარამიას შესაძლო გაერთიანება, ეს ვერსია უკვე გამოშვებული ბოლია. ნულოვანი პერსპექტივა აქვს “ლელოს” და გახარიას. არა აქვთ შანსი გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ერთადერთი ვისაც ბარიერის გადალახვა შეუძლია ოპოზიციიდან ეს არის “ნაცმოძრაობა”. მაგრამ, რადგან ბლოკები აღარ არის, პრობლემად რჩება საარჩევნო სიები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“ვისაც აქვს გარანტია, რომ გამსვლელ ადგილებზე ჩაწერენ, ის პოლიტკიური ძალა შეიძლება გაერთინდეს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ვისაც ასეთი შანსი არ ექნება, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ გაერთიანედება. პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების გარანატია არის ორგანიზებულობა, ფინანსები და ქარიზმატული ლიდერი. დღეს ოპოზციიას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი. ხალხში მთხოვნაც რომ იყოს გაჩნდეს ქარიზმატულ ლიდერი, ამ პოლიტიკურ ნიადაგში არავინ ივარგებს. საქართველოში ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პარტია შექმნილიც არ არის და ასეთი პატარ-პატარა დაჯგუფებები სიტუაციას ვერ შეცვლის. ასე, რომ შემდგომაზე პოლიტიკური პალიტრა არ შეიცვლება”, - დაასკვნის მამრაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო