საგარეო და საშინაო საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.
- შოვში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის მეთხუთმეტე წელი გაიხსენა.
უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში. ასეთ ფონზე, ვნახეთ როგორ და რა ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე.
ვნახეთ ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებები, რომელიც აშკარად აცდენილი იყო იმას, რაზეც 2008 წლის აგვისტოს ომზეა ჩამოყალიბებული კოლექტიურ დასავლეთში.
მხედველობაში მაქვს, ის, რომ თუ ახლა დასავლელი პოლიტიკოსები მათ მიერ 2008 წელს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ, იმაზე, რომ მათ სათანადო პასუხი არ გასცეს რუსეთს, ასევე იმაზე, რომ მათი რეაქცია უფრო მკაფიო ყოფილიყო საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიაზე, შესაძლოა, რუსეთს 2014 წელს არც ყირიმის ანექსია მოეხდინა და არც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი არ დაეწყო.
ასეთ ფონზე ჩვენი ხელისუფლება ისევ იმაზე საუბარს არჩევს, რასაც წლების წინ ამბობდა - შესაძლებელი იყო რუსეთთან ომის აცილება და რომ არა „სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მოღალატური ქმედება“, რუსეთი ჩვენი ტერიტორიების აღიარებას არ მოახდენდა.
ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი 2008 წლის აგვისტოს ომზე არ ერიდება რუსეთის დადანაშაულებას, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აგვისტოს ომის არ აცილებაში ისევ წინა ხელისუფლებას სდებს ბრალს?
- მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად აღნიშნეთ დასავლეთში მკვეთრად შეიცვალა შეფასებები და მიდგომები რუსეთის მიმართ, ჩვენი ხელისუფლება კვლავ აქცენტს წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს დაშვებულ შეცდომებზე აკეთებს.
ამის ერთი მიზეზი, ალბათ ის არის, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მომგებიანად თვლის 2008 წლის ომის თემის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. მეორე მიზეზი კი გახლავთ „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა.
არ შეიძლება ქვეყნის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების დავიწროება შიდა პოლიტიკურ დონეზე და მათი პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად გამოყენება
შესაბამისად, გვაქვს ასეთი მოცემულობა - თუ კი რაიმე საკითხი ან თემა შიდაპოლიტიკურად მომგებიანია, იგი არ უნდა შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების გამო.
სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მიდგომით, ხშირად, ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესები ზიანდება, რადგან არ შეიძლება ქვეყნის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების დავიწროება შიდა პოლიტიკურ დონეზე და მათი პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად გამოყენება.
- ომის აცილების თემას რომ გავყვეთ, უამრავი რამ შეიძლება გავიხსენოთ. კიევს რომ უარი არ ეთქვა „მინსკის შეთანხმების“ შესრულებაზე, რომლის შესრულების პირობებში დონბასში კრემლის მიერ ხელოვნურად შექმნილი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები მხოლოდ ნომინალურად იქნებოდა უკრაინის ტერიტორია, რეალურად ისინი მოსკოვს იქნებოდნენ დაქვემდებარებული და ამ „რესპუბლიკებს“ ექნებოდათ შესაძლებლობა გავლენა მოეხდინათ კიევის საგარეო პოლიტიკაზე.
ანუ, უკრაინაში იქნებოდა მშვიდობა რუსული სცენარით. კაცმა რომ თქვას, ასეთი მშვიდობა ჩვენ ჩვენს კონფლიქტის ზონებში 2008 წლის აგვისტოს ომამდეც გვქონდა და აგვისტოს შემდეგ „ახალი რეალობა“ გვაქვს, რომლის აღიარებას ჩვენგან კრემლი ითხოვს.
უკრაინის ომის ფონსა და აგვისტოს ომის მე-15 წელს, როცა ვიცით, რომ აგრესიული მეზობელს ჩვენს მიმართ ისევ ის მიზნები აქვს, რაც ყოველთვის ჰქონდა, ალბათ ყველაზე აქტუალურია საქართველომ რა ისწავლა აგვისტოს ომის „რუსული გაკვეთილებიდან“, რა გააუმჯობესა და როგორ ავამაღლეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და გავაუმჯობესეთ ეროვნული უსაფრთხოება?
ამ კითხვებზე, ხელისუფლებას საუბარი არ უყვარს, მაგრამ, თქვენი სავარაუდო პასუხი როგორი იქნება?
- ვიდრე თქვენ შეკითხვას ვუპასუხებდე მინდა მოკლედ შევეხო ე.წ. „მინსკის შეთანხმების“ შესრულების საკითხს. მე არ ვფიქრობ, რომ მოსკოვი იყო დაინტერესებული ამ შეთანხმების შესრულებით. მას როგორც სჩვევია, ჯერ მოახდინა შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება, შემდეგ კი მოირგო მედიატორის სტატუსი ამავე კონფლიქტის დარეგულირებაში მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მხარე იყო.
რაც შეეხება ომის თავიდან აცილებას, დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ უკრაინა რუსეთთან ომის აცილებას, სამწუხაროდ ვერ მოახერხებდა. მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინაში უკავშირდება მის საერთაშორისო პოლიტიკურ ამბიციებს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენის ინტერესს, რასაც ზოგიერთი ექსპერტი ამა თუ იმ ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობასაც უწოდებს.
დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ უკრაინა რუსეთთან ომის აცილებას, სამწუხაროდ ვერ მოახერხებდა. მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინაში უკავშირდება მის საერთაშორისო პოლიტიკურ ამბიციებს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენის ინტერესს, რასაც ზოგიერთი ექსპერტი ამა თუ იმ ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობასაც უწოდებს
შესაბამისად, არც „მინსკის შეთანხმება“ და არც დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსი, ჩემი აზრით, არ წარმოადგენს იმ საკითხებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განაპირობეს.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი ქვეყანაში მოშლილია. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სხვა მრავალი ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი უკვე კარგა ხანია გასაახლებელია. მართალია ამის თაობაზე ხშირია საუბარი, თუმცა, რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით არ ჩანს.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაც უშუალო კავშირშია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასთან, რაშიც როგორც უკვე ვახსენეთ, რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი მოშლილია. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სხვა მრავალი ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი უკვე კარგა ხანია გასაახლებელია. მართალია ამის თაობაზე ხშირია საუბარი, თუმცა, რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით არ ჩანს
საექსპერტო შეფასებებს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელთა არაერთი განცხადება მოგვისმენია, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების პირველ ხანებში იმის თაობაზე, რომ თუ კი რუსეთი გადაწყვეტს იგი საკმაოდ სწრაფად და მარტივად განახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა,ა დადებითად არ მეტყველებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე.
- უკრაინის ომის ფონზე გაჩნდა შესაძლებლობა დაჩქარებულად მომხდარიყო ნატოსთან დაახლოება. მეტი სარგებელი მიგვეღო ალიანსთან თანამშრომლობაში. როგორც ამბობენ, ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები მართლაც იდგმება, მაგრამ, ამის პარალელურად გვესმის საუბრები ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექტების მშენებლობის შესახებ.
ასევე ჩვენი პრემიერისგან იმაზე საჯარო მსჯელობა უკვე „ევროპულ მოედანზე“, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის მიზეზი ყოფილა კიევის სურვილი გამხდარიყო ნატოს წევრი. არა რუსული ნეოიმპერიული მისწრაფებები, არამედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი.
ბევრის აზრით, სავარაუდოდ, პრემიერის ეს განცხადება აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი არ მიუწვევიათ ნატოს ვილნიუსის სამიტზე. მიუხედავად ამისა, დამკვირვებელთა მეორე ნაწილი იმედოვნებს, რომ საქართველოს 2024 წლის ვაშინგტონის ნატოს სამიტზე ექნება წინსვლა.
როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოლიტიკას ქვეყნის ნატოსთან ინტეგრირების თვალსაზრისით?
- 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენ გვქონდა მხოლოდ მცირე პროგრესი ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს 2014 წლის უელსის სამიტზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცება.
ზოგადად, ჩვენ სამწუხაროდ კვლავ ვრჩებით ბუქარესტის სამიტის ჩანაწერის ფარგლებში, რომლის თანახმად საქართველო გახდება ნატოს წევრი, მას შემდეგ რაც წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებს.
ჩემი აზრით, ხელისუფლების აქტიურობა ნატოში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით უკვე კარგა ხანია რაც მკვეთრად შენელდა და ფაქტობრივად არ ჩანს. რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ფონზე, ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა საქართველოსთვისაც, თუმცა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არ გაღრმავებულა.
ობიექტურად საქართველოს ნატოში გაწევრიანება რთული პროცესია. შესაბამისად, პროგრესის მისაღწევად აუცილებელია ინტენსიური მუშაობა პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, რათა მათ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ასეთი მუშაობის არარსებობის პირობებში დიდად არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე რაიმე წინსვლა ექნება
ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეიცვალა მიდგომა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, კერძოდ მოიხსნა წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების გავლით უკრაინის ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა, ხოლო ჩვენ კვლავაც ბუქარესტის სამიტის მოცემულობაში დავრჩით.
ობიექტურად საქართველოს ნატოში გაწევრიანება რთული პროცესია. შესაბამისად, პროგრესის მისაღწევად აუცილებელია ინტენსიური მუშაობა პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, რათა მათ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ასეთი მუშაობის არსებობის პირობებში დიდად არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე რაიმე წინსვლა ექნება.
- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სულ უფრო შესამჩნევი ხდება საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. ევროკავშირის ზღურბლთან მყოფმა საქართველომ აღადგინა ფრენები რუსეთთან მაშინ, როცა, რუსული თვითმფრინავებისთვის და ხომალდებისთვის სულ მეტი ქვეყანა ხურავს საჰაერო სივრცესა და პორტებს.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გამო იზრდება რუსი მოქალაქეების რიცხვი საქართველოში და თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული ისინი ქვეყნისთვის დემოგრაფიული პრობლემის გარდა უსაფრთხოების პრობლემა აღმოჩნდნენ.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ცხოვრებისთვის სასათბურე პირობებს ქმნის? მათი რიცხვის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს?
- პირველი მიზეზი ის არის, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. კერძოდ, არ ხდება ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკების სათანადოდ შეფასება, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ფარგლებში.
შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ უახლოეს პერსპექტივაზე გათვლით ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და რა მოხდება თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ამაზე არ ვღელავთ რაც არასწორია.
ცხადია, საქართველოს აქვს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესი, რასაც ვახორციელებდით კიდეც ჩინეთთან აქამდე გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში. ამიტომ რა სარგებელს იღებს დამატებით საქართველო ამ ახალი შეთანხმების გაფორმებით ჩემთვის პირადად გაუგებარია
მეორე მიზეზი გახლავთ ხელისუფლების ინტერესი გაზარდოს ეკონომიკური აქტივობის დონე საქართველოში, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან საქართველოში, განსაკუთრებით კი რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების და რუსეთთან ვაჭრობის ზრდასთან.
მესამე მიზეზი ალბათ ის არის, რომ ხელისუფლება ვერ ხედავს რუსეთთან ეკონომიკური აქტივობის გაზრდის გამო ქვეყნისთვის მიყენებულ რაიმე პოლიტიკურ ზიანს. კერძოდ, არ თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის საქართველოში ზრდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიმართ უარყოფით გავლენას ახდენს.
- ცოტა ხნის წინ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ თემაზე არა ერთმა ექსპერტმა გამოთქვა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება.
შეთანხმების გარკვეულ პუნქტებზე მართლაც პასუხგაუცემელი კითხვებია დარჩენილი, მასზე ხელისუფლებას უნდა ეპასუხა, მაგრამ შოვის ტრაგედიამ კორექტივები შეიტანა ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგში. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ?
- რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, აქ მეც მეტწილად ვიზიარებ ექსპერტთა მიერ გამოთქმულ კრიტიკულ დამოკიდებულებას. სრულიად გასაგებია, რომ ჩინეთს გაუჩნდა გლობალური ამბიციები. მისი აქტიურობა სულ უფრო იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მათ შორის ჩვენს რეგიონში. ამ ფონზე, ჩინეთი გამოდის სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივებით, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში მისი როლისა და გავლენის გაზრდის ხელშეწყობას ემსახურება.
რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ანგარიში გაუწიეს საქართველოს საზოგადოებას, რომელშიც აშკარად პროდასავლური განწყობა დომინირებს. ამით ასევე, შეამცირეს სივრცე პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც საკუთარი ნარატივების გასამყარებლად ხშირად იშველიებს პროგრესის არარსებობას საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე
ცხადია, რომ ჩინეთის ინტერესები მრავალმხრივია, მას ამ ინტერესების რეალიზებისთვის სათანადო პოლიტიკური თუ ფინანსური რესურსები გააჩნია და სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.
ამავე დროს, გასაგებია, რომ საქართველოს ინტერესებისა და რესურსების მასშტაბი ჩინეთთან თანაზომადი არ არის. ცხადია, საქართველოს აქვს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესი, რასაც ვახორციელებდით კიდეც ჩინეთთან აქამდე გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში. ამიტომ რა სარგებელს იღებს დამატებით საქართველო ამ ახალი შეთანხმების გაფორმებით ჩემთვის პირადად გაუგებარია.
- უკვე ვიცით, რომ სავარაუდოდ რა პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
როცა ვამბობთ, ვიცით, ვგულისხმობ იმას, რომ სტატუსს დათქმებით მოგვანიჭებენ იმის გამო, რომ ბრიუსელს არ უნდა ქვეყანა ძალიან არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას და კიდევ იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოსკოვთან და პეკინთან „პოლიტიკური თამაშებში“ შორს არ წავიდეს. თუ ასეა, გამოდის რომ ხელისუფლების ვაჭრობამ ბრიუსელთან და კოლექტიურ დასავლეთთან გაჭრა?
- მე მგონი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გადაჭარბებულად არ უნდა შევაფასოთ საქართველოს „პოლიტიკური წონა“, როგორც ამას სამწუხაროდ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. ბრიუსელის მიერ დათქმებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მონიჭების გადაწყვეტილება უფრო იმას უკავშირდება, რომ როგორც თქვენ აღინიშნეთ უკრაინას და მოლდოვას კიდევ უფრო მეტად არ ჩამოვრჩეთ.
ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოლდოვა და უკრაინაც არ მიეკუთვნებიან „უპრობლემო“ ქვეყნების კატეგორიას და გარკვეულ სფეროებში, სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშების თანახმად, საქართველო უფრო წინ არის ვიდრე ეს ქვეყნები.
ასევე, სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, საქართველოს მართალია, სამწუხაროდ, არ აქვს სრულყოფილი პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, მაგრამ გარკვეული პროგრესიც სახეზეა ზოგიერთი მიმართულებით და ესეც იქნა ალბათ მხედველობაში მიღებული.
რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ანგარიში გაუწიეს საქართველოს საზოგადოებას, რომელშიც აშკარად პროდასავლური განწყობა დომინირებს. ამით ასევე, შეამცირეს სივრცე პრორუსული პროპაგანდისთვის, რომელიც საკუთარი ნარატივების გასამყარებლად ხშირად იშველიებს პროგრესის არარსებობას საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი