ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ,  პრემიერ-მინისტრთან ერთად, 2008 წელს,  შინდისთან გმირულად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო

შინდისის ბრძოლიდან 15 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, შინდისში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ვეტერანები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ახლობლები.

„ეს არის ისტორია, იმ თავდადების და გმირობის, რომელმაც სახე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მართვა არ არსებობდა, ეს კაცები იყვნენ ისინი, ვინც თავიანთი მკერდით, სიცოცხლის ფასად, ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას სახე შეუნარჩუნეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ძლიერი და თავისუფალი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

„2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა, ქართველ სამხედროებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებს შორის, რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა_შინდისში, მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. ქართველმა მებრძოლებმა, საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ტანკზე ქართული დროშა შენიშნეს. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, მანქანებში მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და 5 ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა... ტანკები რუსული იყო, დროშა კი - სატყუარა. ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, როგორ გამოჩნდა შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით, როგორ ჩაუსაფრდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რკინიგზიდან 200-250 მეტრში, ჩახერგეს გასასვლელები და ააფეთქეს ქართული საბრძოლო შენაერთის მანქანები. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც.

ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 17-მა ქართველმა მებრძოლმა, საქართველოს ისტორიას, საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით, გმირობის კიდევ ერთი ფურცელი შემატა! სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს.

2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. 2020 წელს, შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში კიდევ ერთხელ დაიბადნენ საქართველოსთვის - გმირებად! 17 ქართველი მებრძოლი - ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, მარლენ ბარამია, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, შმაგი კუპატაძე, ფელიქს კაკაურიძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ლევან მელქაძე, ილია გაბუნია, თეიმურაზ ბერიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში