შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო - არავის თავგანწირვაში არ ეპარება ეჭვი არავის, პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, ვინც სტიქიას გადაურჩა

ესეც არის სწორედ სპეკულაციის ნაწილი - ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან არის სურვილი, რომ უთანხმოების ატმოსფერო შემოიტანონ.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღეა ვაკვირდებით და ეს არის სურვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, ვინც დროულად იმოქმედა და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს და გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, მართალია ამ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, მაგრამ ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და არავინ არ ჩავარდნილა პანიკაში, სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ არ აჰყვნენ პანიკას და დაეხმარნენ ერთმანეთს.

მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რა თქმა უნდა, რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ. როცა ხარ ეპიცენტრში, გარკვეული შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს და ამ მობილიზების მაგალითებიც ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო