ლევან ლორთქიფანიძე - ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში ევროკავშირი უნდა აძლიერებდეს საქართველოს პოზიციებს, მარტოს ჩინეთთან ურთიერთობა ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, შოვში მომხდარ ტრაგედიას გვერდს ვერ აუვლით. როგორც ამ ტიპის დიდი ტრაგედიების შემდეგ ხდება ხოლმე, იყო მოლოდინი, რომ მთელი სახელისუფლებო გუნდი და პოლიტიკური კლასი ისაუბრებდა იმაზე, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში შეიქმნება ქვეყანაში სტიქიური მოვლენების წინასწარი შეტყობინების სისტემები, რისი გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამგვარი ტრაგედიების თავიდან აცილება.

უცნაურია, მაგრამ ვერტმფრენების შეძენაზე გაკეთებულ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით ამის მსგავს ხელისუფლების მხრიდან არაფერი ისმის გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კრიტიკულ სიტუაციაში.

ეგ კი არა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ახლა იმ ხალხის კრიტიკაზეა გადასული, ვინც შეძლო თავიც გადაერჩინა და თავისი ახლობლებიც. და მათ მონათხრობს მომხდარზე „სპეკულაციას“ უწოდებს.

ოპოზიციის ნაწილი ითხოვს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. არადა, შსს აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს. ანუ, სამაშველო სამსახურმა რამდენად დროულად და კარგად იმოქმედა, ამ საქმეს ის უწყება გამოიძიებს, რომელსაც იგი ექვემდებარება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხდება? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას?

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირია. სამთავრობო გუნდის წევრებს ნულოვანი თვითკრიტიკულობა ახასიათებთ და პასუხისმგებლობას იშვიათად იღებენ საკუთარ თავზე.

მათი მტკიცებით, ისინი თავად არასდროს არაფერში არ არიან დამნაშავენი, ყველაფერში ბრალი გარეშე ძალებსა თუ მოვლენებს მიუძღვით. მაგალითად, ქართულ-დასავლური ურთიერთობების გაფუჭება მხოლოდ ბრიუსელისა და „გლობალური ომის პარტიის“ პასუხისმგებლობა ყოფილა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვნებიანად იბრძოლა და პროფესიონალურად იშრომა, რათა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისგან განაპირებული არ ვყოფილიყავით.

ცხადია, საქართველოს მარტო დარჩენას რიგმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათმა უღიმღამო და სუსტმა პოზიციებმაც შეუწყვეს ხელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებისთვის პატიოსნად იღვაწა.

ანალოგიურ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე შოვთან დაკავშირებითაც. ცხადია, გრანდიოზული კატასტროფა მოხდა, მასზე რეაგირება და ადამიანების გადარჩენა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა.

ჩვენი ეპოქის ყველა განათლებულმა ადამიანმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ხშირად კლიმატის ცვლილების შედეგები არაპროგნოზირებადია, მაგრამ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს პონტოელი პილატეს მსგავსად ხელების დაბანის უფლებას.

ჩვენი ეპოქის ყველა განათლებულმა ადამიანმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ხშირად კლიმატის ცვლილების შედეგები არაპროგნოზირებადია, მაგრამ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს პონტოელი პილატეს მსგავსად ხელების დაბანის უფლებას

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველოს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებები უარს ამბობენ იმგვარი სამშენებლო რეგულაციების დაწესებაზე, რომლებიც საცხოვრებელ ნაგებობებს მდინარეთა კალაპოტს დააშორებდა. მიმდინარეობს ქაოსური განაშენიანება სოფლად და ქალაქად.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მთავრობები მხოლოდ საბაზრო პრინციპებით ხელმძღვანელობენ, მათთვის მთავარია მოგება, არ უსმენენ მეცნიერებს, არ მიმდინარეობს ჩვენი მთების, მყინვარების, სტიქიის ზონების სისტემური კვლევა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სულს ღაფავენ, გეოლოგიის დეპარტამენტში ლიბანური თუ სირიული რესტორანია გახსნილი. სპეციალისტები საუბრობენ, რომ ჩვენს სამაშველო სამსახურებს წვდომა არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ა.შ.

დღეს ამ თემებზე უნდა მსჯელობდეს საქართველოს ხელისუფლება და გამოსავლის გზებს ეძებდეს. ნაცვლად ამისა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ იდეალურია და სტიქიის წინააღმდეგ რიგით მოქალაქეთა ბრძოლის მეთოდებს აყენებს ეჭვქვეშ, რაც სრულიად უღირსი ქმედებაა. სტიქიის მსხვერპლთა ნაწილი არაკომპეტენტურობით აღბეჭდილ კრიტიკას კი არა, ღირსების ორდენით დაჯილდოებას იმსახურებს.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, იმაზე რას იტყოდით?

- ხანდახან სრულიად განცვიფრებული ვარ ხოლმე საქართველოს ოპოზიციურ ძალთა უფანტაზიობითა და უნიჭობით. არ შეიძლება ყველა პრობლემაზე ერთი და იგივე პასუხი გქონდეს, საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიების შექმნის გარდა სხვა ფუნქციებიც აქვს.

ამ დღეებში წავიკითხე პროფესორ ვახუშტი მენაბდის წერილი. კონსტიტუციონალისტი თავის მოკლე წერილში აღწერს ხუთ ნაბიჯს, რომელსაც შექმნილ ვითარებაში ნორმალური, უბრალო პარლამენტი გადადგამდა:

„ რას იზამდა ნორმალურ პარლამენტის შოვის ტრაგედიის შემდეგ?

  1. ჩანიშნავდნენ რიგგარეშე სესიას;
  2. თუ პრემიერს არა, გარემოს დაცვის და შს მინისტრებს მოიწვევდნენ სასწრაფო მოსმენაზე;
  3. მომიჯნავე საკითხზე თემატური მომხსენებელი (დეპუტატი) შეკრებდა ყველა მასალას, კომპეტენტურ ადამიანს და მოამზადებდა კითხვებს, იმავეს იზამდა ყველა ფრაქციის წარმომადგენელი;
  4. შექმნიდნენ დროებით კომისიას, რომელსაც დაევალებოდა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, პრობლემების გამოკვეთა და გამოსავლის ძიება;
  5. კომისიის დასკვნის საფუძველზე:

ა. თუ გამოიკვეთებოდა ვინმეს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არავის მოერიდებოდნენ;

. თუ საჭირო ახალი იქნებოდა რეგულაციები და ინსტიტუტები - შეიქმნებოდა;

. გაძლიერდებოდა არსებული ინსტიტუტები (გაიდლაინები და მატერიალურ ტექნიკური ბაზა).“

მოკლედ, პარლამენტს კომისიის შექმნის გარდა უამრავი სხვა ბერკეტი აქვს საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტაციისა და პრობლემაზე რეაგირებისთვის. საუბედუროდ, ჩვენ სრულიად არაკომპეტენტური, მკვდარი საკანონმდებლო ორგანო გვყავს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ეხმარება.

პირველივე გვამის აღმოჩენისას იაფფასიანი მეთოდებით რომ იწყებ ქულების დაგროვებას, სწორედ ეს უქმნის „ქართულ ოცნებას“ კონტრპროპაგანდის წარმოებისა და მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტები გადატანის შანსს

თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკურ ბრძოლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროის ადეკვატურად შერჩევას. ტრაგედიის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების, პოლიტიკური კლასის კონსოლიდაციაა საჭირო, ყველას ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს სამაშველო ოპერაციის გულშემატკივრობა და დაზარალებულთა დახმარება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი 2-3 დღის შემდეგ უნდა დაიწყო შესაბამისი საპარლამენტო საშუალებების გამოყენებით. ეს არის სერიოზული მიდგომა.

პირველივე გვამის აღმოჩენისას იაფფასიანი მეთოდებით რომ იწყებ ქულების დაგროვებას, სწორედ ეს უქმნის „ქართულ ოცნებას“ კონტრპროპაგანდის წარმოებისა და მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტები გადატანის შანსს.

- შოვის ტრაგედიამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უამრავი მეწყერსაშიში ადგილებია, გლობალური დათბობის გამო დნობა აქვს დაწყებული ყინულოვან მასებს, აუცილებელი კია სტიქიური მოვლენების წინასწარი შეტყობინების სისტემები გვქონდეს.

მეტიც, მაქსიმალურად ვაკვირდებოდეთ მყინვარებს, მეწყერსაშიშ ადგილებსა და ღვარცოფებით გამორჩეულ მდინარეების ხეობებს, სადაც საკურორტო ინფრასტრუქტურა ზოგან განვითარებულია, ზოგან ახლა გეგმავენ განვითარებას.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამდით საიმისოდ, რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეტყობინების სისტემები და ყველაფერი ის, რაც შოვის მსგავს ტრაგედიისაგან ქვეყანას დააზღვევდა?

- საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი რომ ვიყო, უფრო თავდაჯერებულად გიპასუხებდით თქვენს კითხვაზე. ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად რა ნაბიჯებია გადასადგმელი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ სახელმწიფოს კონცეფციაა შესაცვლელი.

დღეს საქართველოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც მიაჩნია, რომ ჩვენთან მინიმალური სახელმწიფოს მოდელი უნდა მუშაობდეს. მინიმალური სახელმწიფო მხოლოდ მართლწესრიგის უზრუნველყოფაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, არ ერევა ეკონომიკაში, ბაზარს აძლევს ყველაფრის დარეგულირების უფლებას, მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს.

მე კი ძლიერი სახელმწიფოს კონცეფციის მომხრე ვარ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები აქვს და ყველა სფეროს საკუთარი გეგმის მიხედვით არეგულირებს. ასეთი სახელმწიფო მხოლოდ კომერციული სიხარბის იმპერატივით არ მართავს საზოგადოებრივ პროცესებს და ცდილობს საკუთარი მიზნები ცოდნას, მეცნიერებას დააფუძნოს.

დღეს საქართველოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც მიაჩნია, რომ ჩვენთან მინიმალური სახელმწიფოს მოდელი უნდა მუშაობდეს. მინიმალური სახელმწიფო მხოლოდ მართლწესრიგის უზრუნველყოფაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, არ ერევა ეკონომიკაში, ბაზარს აძლევს ყველაფრის დარეგულირების უფლებას, მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს

მოკლედ, მარტივად რომ გიპასუხოთ, საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებაა საჭირო, რათა ახალი საბიუჯეტო რესურსებით მოვაწყოთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონის გეოლოგიური, ჰიდროლოგიურ თუ სხვა მახასიათებლებს შეისწავლიან.

მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია მეცნიერების დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საბანკო-საფინანსო სისტემა, ტურიზმისა და სამშენებლო ბიზნესი გეოლოგიისა თუ სხვა დარგების სკოლებს ვერ შექმნის და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩართვას.

მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია მეცნიერების დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საბანკო-საფინანსო სისტემა, ტურიზმისა და სამშენებლო ბიზნესი გეოლოგიისა თუ სხვა დარგების სკოლებს ვერ შექმნის და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩართვას

- ერთი მხრივ შოვის ტრაგედიამ გადაფარა, მეორე მხრივ იმან, რომ აგვისტოს თვე პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიური არაა, მეორე პლანზე გადაიწია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი და მისი შედეგები.

მიუხედავად ამისა, ამ თემაზე არა ერთი კრიტიკული მოსაზრება იქნა გამოთქმული, ეს თემა რომ კარგა ხანს იქნება აქტუალური ფაქტია. აქტუალური იგი იქნება იმის გამო, რომ ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება.

უკვე ვიცით, რომ თუ ევროპულ მიმართულებაზე წინსვლა გვექნა, იგი მხოლოდ დათქმებით იქნება მოცემული და იმის გამო, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ფასი ახალ პოლიტიკურ რეალობაში აშკარად მომატებული აქვს.

როგორ შეაფასებდით ევროპის ზღურბლზე მდგარი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩინეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გავრცელდა?

- რადიო „პალიტრას“ შუადღის სტუდიაში სტუმრობის დროს მე ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ჩინეთი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. რა მაძლევს ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს?

ჩინეთი მთელ მსოფლიოს იპყრობს თავისი ეკონომიკური ძალაუფლებით. ჩინური კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში შედიან თავიანთი კაპიტალით, თავიანთი მუშახელით, ეწევიან ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, ადგილობრივი საზოგადოებები იძარცვებიან თავიანთი სიმდიდრისგან და მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან ჩინური მხარის კეთილ ნებაზე.

ცხადია, მხოლოდ ჩინური მხარისთვის არ არის დამახასიათებელი ამგვარი ნეოკოლონიალიზმი. ზუსტად იმავე სტრატეგიით მოქმედებენ დასავლური წარმოშობის ტრანსნაციონალური კორპორაციებიც. უბრალოდ, განსხვავება გახლავთ ის, რომ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით ევროპაში ამგვარ ნეოკოლონიალიზმს სერიოზული მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები ჰყავთ, ჩინეთი კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოა 21-ე საუკუნის სამყაროში.

ჩინეთში ნებისმიერი ალტერნატიული მოსაზრება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მესამე სამყაროს ექსპლუატაციის პეკინურ გეგმებს, სასტიკად იდევნება. ბუნებრივია, ქვეყანა, რომელიც თავად უარყოფს ყველა დემოკრატიულ სტანდარტს, არც მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულ სახელმწიფოებს სთხოვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას და უპრობლემოდ თანამშრომლობს დიქტატორულ რეჟიმებთან.

ქვეყანა, რომელიც თავად უარყოფს ყველა დემოკრატიულ სტანდარტს, არც მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულ სახელმწიფოებს თხოვს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას და უპრობლემოდ თანამშრომლობს დიქტატორულ რეჟიმებთან

გარდა იმისა, რომ ჩინეთი ეკონომიკური ექსპანსიითა და ავტორიტარიზმის გავრცელებით ემუქრება მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, იგი ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო კულტურას წარმოადგენს. ქრისტიანული ეთიკა, ანტიკური ფილოსოფია, რომაული სამართალი არის ის კატეგორიები, რომლებიც ჩვენ ავად თუ კარგად ევროპასთან გვაკავშირებს, დასავლეთს ჩვენთვის მაინც მეტ-ნაკლებად გასაგებ ფენომენად აქცევს.

როგორი სუსტი, კრიზისებით დატანჯული და „გარყვნილიც“ არ უნდა იყოს დასავლეთი, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ჩინეთთან კი საქართველოს კულტურას არაფერი სერიოზული არ აკავშირებს, რაც გაუცხოების, ძლიერი მხარის მიერ დაჩაგვრის საფრთხეს აჩენს.

როგორი სუსტი, კრიზისებით დატანჯული და „გარყვნილიც“ არ უნდა იყოს დასავლეთი, ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ჩინეთთან კი საქართველოს კულტურას არაფერი სერიოზული არ აკავშირებს, რაც გაუცხოების, ძლიერი მხარის მიერ დაჩაგვრის საფრთხეს აჩენს

ისე არ გამიგოთ, რომ თითქოს ჩინეთთან მეგობრობის, თანამშრომლობის შესაძლებლობას გამოვრიცხავ. პირიქით, მასთან პარტნიორობის გარეშე შეუძლებელია საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბება.

უბრალოდ, ძლევამოსილ მონსტრთან არშემდგარი სახელმწიფოს წვრილფეხა ჩინოსნების საშუალებით არ უნდა ვაწარმოებდეთ მოლაპარაკებებს. ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში ევროკავშირი უნდა აძლიერებდეს საქართველოს პოზიციებს. მარტოს ჩინეთთან ურთიერთობა ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს.

- ჩინეთში ხელისუფლების ვიზიტის შემდეგ გავრცელდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ ჩინური ტელევიზიისთვის.

იგი მრავალი თვალსაზრისით იყო საგულისხმო და მნიშვნელოვანი, მაგრამ, შეუძლებელია ყურადღების გარეშე არ მიგვექცია პრემიერის იმ განცხადებაზე, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანში აეროპორტის მშენებლობას ეხებოდა. პრემიერმა პრაქტიკულად თქვა, რომ ოფიციალური თბილისი მიესალმება თუ ამ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას ჩინეთი მიიღებდა.

არადა, ეს განცხადება გაკეთდა იმის ფონზე, როცა ვიცით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერის შედეგები ოქტომბრის თვეში უნდა იყოს ცნობილი. ხოლო რაც შეეხება ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ამაზე, საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას ჯერ მიღებულიც არ აქვს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროცესები ხდება იმ ვითარებაში, როცა ლამის მთელ მსოფლიოში ჩინური კომპანიების რეპუტაცია შელახული იმ თვალსაზრისით, რომ მათი ქმედებების უკან საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კომპონენტი. გარდა ამისა, სწორედ ამის გამო აფრიკის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთის წილი მცირდება და დასავლეთის კომპანიების პოზიციები იზრდება.

ვითარებაში, როცა კონსტიტუციაში გვიწერია რომ ჩვენი მიზანი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიისა და ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობა?

- თუ გვინდა ძლიერ, შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრება, მაშინ ჩვენს სადისკუსიო ველზე უნდა დავაბრუნოთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ცნება.

ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური თუ საბიუჯეტო ინტერესების დაცვისთვის, დამოუკიდებელი სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ყველა აეროპორტი და ნავსადგური იყოს სახელმწიფოს საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკული ინფრასტრუქტურა მხოლოდ კომერციულ ან სხვა ქვეყნების იმპერიალისტურ მისწრაფებებს მოემსახურება.

ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური თუ საბიუჯეტო ინტერესების დაცვისთვის, დამოუკიდებელი სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ყველა აეროპორტი და ნავსადგური იყოს სახელმწიფოს საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკული ინფრასტრუქტურა მხოლოდ კომერციულ ან სხვა ქვეყნების იმპერიალისტურ მისწრაფებებს მოემსახურება

ცხადია, ახალი პორტებისა და აეროპორტების მშენებლობისათვის შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება პრობლემაა, მაგრამ სახსრების გამონახვა გადაუჭრელ ამოცანას არ წარმოადგენს.

ათასი იდიოტური პროექტისთვის გვიწევს კრედიტებისა და გრანტების აღება, ათას გაუგებრობაში იგეგმება საპენსიო ფონდის შემოსავლების დაბანდება.... თავმოყვარე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა თავად, ინვესტორთა მინიმალური ჩარევით აეშენებინა ვაზიანის აეროდრომიც და ანაკლიის პორტიც.

უბრალოდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებელ ეკონომიკურ აქტორად არ ცნობს და რომელიც მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნისთვის სახიფათო გარიგებებში შევიდეს.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებელ ეკონომიკურ აქტორად არ ცნობს და რომელიც მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნისთვის სახიფათო გარიგებებში შევიდეს

ყურადღება უნდა გავამახვილოთ დასავლეთის სისუსტეებზეც. ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველოს არ სჭირდება მხოლოდ 12 პუნქტიანი გეგმა გენდერული საბჭოების და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსება.

ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და გამჭვირვალობაზე მომუშავე პროექტების ორგანიზება. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა რეალური ეკონომიკის შექმნას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ ადგილზე ფეხს ჩინეთი მოიკიდებს. დროა გამოფხიზლდნენ და სერიოზულად შეხედონ საქართველოს, როგორც ევროპის დასაყრდენს კავკასიაში.

- გასულ კვირას ხმაური მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორია ივანიშვილმა გაასხვისა. გვახსოვს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რომ იპოდრომისა და ლაგუნა ვერეს ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფები მოაწესრიგებდნენ და დედაქალაქს გადასცემდნენ.

ახლა ვიგებთ, რომ ლაგუნა ვერეს კომპლექსის შემძენი კომპანიის უკან შესაძლოა სანქცირებული რუსი ოლიგარქი აღმოჩნდეს, რომელიც ნათესაურ კავშირშია ქართველ ექსდეპუტატთან „ნაციონალებიდან“.

ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის მოქალაქეების ჩვენში მომრავლება და დაფუძნება ჩვენი ყოველდღიურების ნაწილადაა ქცეული. ისინი, ვინც „ბათუმის გათურქებაზე“ ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ, არაფერს ამბობენ იგივე „ბათუმის გარუსებაზე“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

გარდა ამისა, არა ერთმა ურბანისტებმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენება ქალაქის იმ ნაწილში უდიდეს სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემაზე გავრცელებულ ცნობებსა და მასზე ხელისუფლების წარმომადგენელთა დუმილს?

- „ლაგუნა ვერეზე“ გაიზარდე... ბაბუა და ბებია მეგობრობდნენ „თბილწყალკანალის“ დირექტორთან, იუზა ცარციძესთან, რომელმაც უმშვენიერესი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. მის გაჩანაგებას ვერავის ვაპატიებ.

ამასთანავე, თუ ნამდვილი ევროპისკენ მივისწრაფვით, იქაურ სოციალურ სტანდარტებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. უცხოეთის მოქალაქე მხოლოდ 2 ევროს ვიხდიდი ხოლმე ბერლინში, არაჩვეულებრივ მუნიციპალურ აუზზე შესასვლელად.

თუ ნამდვილი ევროპისკენ მივისწრაფვით, იქაურ სოციალურ სტანდარტებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. უცხოეთის მოქალაქე მხოლოდ 2 ევროს ვიხდიდი ხოლმე ბერლინში, არაჩვეულებრივ მუნიციპალურ აუზზე შესასვლელად

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ელიტისთვის არც საბჭოთა ეპოქაში პატიოსნად მშრომელი ადამიანების მიერ შექმნილი სიკეთეებია მნიშვნელოვანი და არც სპორტისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ფენისთვის. მათ ახლის შექმნა არ შეუძლია, მხოლოდ სხვების მიერ შექმნილის განიავებით სურთ შემოსავლის მიღება.

სამწუხაროდ, მიდგომა პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ამგვარი დამოკიდებულების გამო ვცხოვრობთ ჩამორჩენილ სახელმწიფოსა და ველურ კაპიტალიზმში. მალე აღარაფერი აღარ დაგვრჩება გასაყიდი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა