ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა და მისი არჩევნებში გამოყენება კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება არ არის გამყალბებელი და ქურდი. ამერიკის ელჩის განცხადება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის გარეთ „რუსულ ოცნებას“ განაჩენი გამოტანილი აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “არასწორი რაღაცები” არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ თვეებით ადრე შეიძლება დაიგეგმოს და მოხდეს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გამოსავალი მაქსიმალური მობილიზება და მოქალაქეების საარჩევნო პროცესში, მოქმედებებსა და ადმინისტრირებაში ჩართვაა.
მისივე თქმით, ამერიკის ელჩის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს და კელი დეგნანმაც საქართველოს მოსახლეობას სწორედ არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
„მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა და მისი არჩევნებში გამოყენება კარგია, იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება არ არის გამყალბებელი და ქურდი. ამას არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც ამბობენ. კელი დეგნანამა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „რუსული პარტიის“ მმართველობის პირობებში გაყალბების მაღალი რისკები არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს არავინ ენდობა.
რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ცხადია, აქაც არსებობს მანიპულაციის საშუალებები. მაგალითად, თეა წულუკიანს შეუძლია დაბეჭდოს პირადობის მოწმობები და არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს. შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს სამართლიანი თამაშის წესი, სანამ „რუსული ოცნებაა“ მმართველი.
ყველამ უნდა იცოდეს ის, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ქართველ ხალხს უჭერენ მხარს. ისინი ცვლილებებს ემხრობიან. მაქსიმალურად უნდა მოვბილიზდეთ და მოქალაქეები საარჩევნო პროცესში, მოქმედებებსა და ადმინისტრირებაში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ.
ამერიკის ელჩის განცხადება ამერიკის სახელმწიფოს პოზიციას ნიშნავს. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისაგან ვერ მოისმენთ პუტინის, ლავროვის, მარგარიტა სიმონიანისა და სხვების კრიტიკას, თუმცა ხშირად მოუსმენთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვას. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს. ამავდროულად, დასავლელი პარტნიორები უარყოფენ ამას და ამბობენ, რომ ხალხს ევროინტეგრაცია და მშვიდობა უნდა. ასეთი განცხადება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის გარეთ „რუსულ ოცნებას“ განაჩენი გამოტანილი აქვს.
არჩევნების გასაყალბებლად, ცხადია, დიდი რისკები არსებობს, თუმცა რისკის შესამცირებლად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით. სექტემბრიდან სამუშაოების ძალიან აქტიურ ფაზაში გადავალთ. ერთადერთი გამოსავალი ხალხის ჩართულობა და აქტიურობაა და საქართველოს მოსახლეობას კელი დეგნანმაც ამისკენ მოუწოდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.