საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, ცხელი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური პროცესი ამა თუ იმ ფორმით მიმდინარეობდა, მაგრამ, რადგან სექტემბერში ახალი პოლიტიკური სეზონი უნდა დაიწყოს, საინტერესოა, თქვენ როგორ შეაფასებდით ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- სექტემბერში ახალი პოლიტიკური სეზონი და პოლიტიკური დუღილი ახალი ძალით დაიწყება. რა მოლოდინები და სურვილები შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური სეზონის წინ და რას შეიძლება ველოდოთ მოსალოდნელი პროცესისგან?
ჯერჯერობით, არსებული რეალობა ასეთია - პოლიტიკურ ავანსცენაზეა ორი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, რომლებიც, ფაქტობრივად განსაზღვრავენ მთელ პოლიტიკურ პროცესს. ამ პროცესში ჩართულნი არიან ამ პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული პოლიტიკური ძალები და ელექტრონული მედიასაშუალებები. ანუ, ორპოლუსიანი გარემო ნარჩუნდება.
მათ გარდა, პოლიტიკურ ველზე არიან მცირე გავლენის მქონე პარტიები, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული პოლიტიკური ბრძოლის მოქმედების გეგმებში. რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ამ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ მესამე პოლიტიკური ძალის რეალურად ჩამოყალიბებას.
რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ამ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ მესამე პოლიტიკური ძალის რეალურად ჩამოყალიბებას
იმისათვის, რომ 5%-იანი ბარიერი დაიძლიოს მესამე პოლიტიკურმა ძალამ, საჭიროა პოლიტიკური ძალების გამსხვილება-გაერთიანება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნებათ მათ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვითარდეს, რადგან არჩევნების მოახლოების გამო დრო არ ითმენს.
თუ მესამე პოლიტიკური ძალის შემოდგომაზე ჩამოყალიბება არ მოხდება, ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე მივალთ იმ მოცემულობით, რომელიც დღეს გვაქვს. ერთმანეთის ძირითადი ოპონენტები იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ და როგორც ხდება ხოლმე არჩევნების წინ შეიძლება გამოჩნდეს პატარ-პატარა ახალი პარტიები, მაგრამ ეს სურათს რეალურად არ შეცვლის.
- რადგან ერთ კვირაში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყება, ახლა საინტერესოა რა ტიპის პოლიტიკური ამოცანებით ხვდებიან პოლიტიკური ძალები ახალ პოლიტიკურ სეზონს.
მოდით, ხელისუფლების ამოცანებით დავიწყოთ. რადგან ახლა რაც ხდება, ყველაფერი 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, საინტერესოა რა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი სახელისუფლებო გუნდს.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელისუფლებო გუნდს საკმაოდ ბევრი საკითხი აქვს გადაწყვეტილი. საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილზე აქვს გავლენა, პოლიტიკური ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილი თუ ნეიტრალიზებული არაა, ჯერჯერობით არაა იმ ფორმაში, რომ მოქმედ ხელისუფლებას სერიოზული ოპონირება გაუწიოს.
თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა ძალთა ბალანსს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ სახელისუფლებო გუნდს ძირითადი საკითხები მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილი აქვს.
მიუხედავად ამისა, კითხვას ასე დავსვამ - რა ტიპის ამოცანები აქვს გადასაწყვეტი ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნების მზადების თვალსაზრისით?
- ვერ არ დაგეთანხმებით, რომ ხელისუფლებას ძირითადი ამოცანები არჩევნებისთვის გადაწყვეტილი აქვს. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ მის მთავარ სამიზნედ აირჩია „ნაცმოძრაობა“ და იგივე თამაშს ეწევა დღეს.
ამ 10 წლის მანძილზე შეიცვალა ის, რომ ამ პერიოდში რბილად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. საგარეო პოლიტიკის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯები გააქტიურებულია აღმოსავლეთით და სამხრეთით, მაგრამ, საშინაო პოლიტიკაში მისი ამოცანა კვლავ რჩება ისეთი, როგორც 10 წლის წინ იყო. მხედველობაში მაქვს „ნაციონალებთან“ ბრძოლა და ძირითად ოპონენტად მხოლოდ მათი აღიარება.
ხელისუფლება ცდილობს ქართულ პოლიტიკურ ველზე შეინარჩუნოს ორპოლუსიანობა, რადგან დარწმუნებულია, და ამაში შემიძლია დავეთანხმო, რომ თუ ორპოლუსიანი დარჩა ქართული პოლიტიკური ველი, ხელისუფლებას მართლაც აქვს გარანტირებული 2024 წლის არჩევნების მოგების შესაძლებლობა.
ხელისუფლება ცდილობს ქართულ პოლიტიკურ ველზე შეინარჩუნოს ორპოლუსიანობა, რადგან დარწმუნებულია, და ამაში შემიძლია დავეთანხმო, რომ თუ ორპოლუსიანი დარჩა ქართული პოლიტიკური ველი, ხელისუფლებას მართლაც აქვს გარანტირებული 2024 წლის არჩევნების მოგების შესაძლებლობა
თუ რეალურად შევხედავთ ამომრჩევლის ელექტორალურ განაწილებას, ვნახავთ, რომ საზოგადოებრივი აზრი, შესაბამისად, მხარდაჭერა რეალურად სამ დიდ ჯგუფად იყოფა - „ქართული ოცნების“, ნაცმოძრაობის“ და მესამე პოლიტიკური ძალის ელექტორატი.
2016 წლის არჩევნების შემდეგ არჩევნებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ კრიტიკულ ვითარებაში ამომრჩევლის ის ნაწილი, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, უფრო ხელისუფლებას აძლევს ხმას, ვიდრე „ნაცმოძრაობას“. ქართული ოპოზიციური სპექტრის პრობლემაც ეგაა.
კრიტიკულ ვითარებაში ამომრჩევლის ის ნაწილი, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, უფრო ხელისუფლებას აძლევს ხმას, ვიდრე „ნაცმოძრაობას“. ქართული ოპოზიციური სპექტრის პრობლემაც ეგაა
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორმე დაირღვეს ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ხომ 30 წელია ერთპარტიული მმართველობის პირობებში ვიცხოვრეთ. ამიტომ ვამბობ, მესამე ძალის გაძლიერება ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს და ისევ იმ ჭაობში და წრეზე არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც აქამდე ვიყავით.
- ოპოზიციის პრობლემებზე ნაწილობრივ კი ისაუბრეთ, მაგრამ იმ რეალობასა და ვითარებაში, რომელშიც ვართ, სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის ამოცანები ახალ პოლიტიკურ სეზონზე?
- ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც მესამე პოლიტიკურ ძალად შეიძლება მოიაზრებოდნენ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. გასაგებია, რომ მათთვის პოლიტიკური პროცესის დამოუკიდებლად წარმოება საკმაოდ რთული იყო, გარკვეულ წილად იძულებული იყვნენ მიჰკედლებოდნენ „ნაცმოძრაობას“.
2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს „მიკედლება“ ხელისუფლებამ შესანიშნავად გამოიყენა და ერთ ქვაბში „მოხარშა“ მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ არის დისტანცირებული.
დღესდღეობით, რაც აუცილებელია, რომ პატარა პარტიებმა გააკეთონ ისაა, რომ მათ არა მხოლოდ განცხადებებით უნდა დააფიქსირონ ხელისუფლების კრიტიკა, არამედ, იმაზეც უნდა ისაუბრონ, თავად რის გაკეთებას აპირებენ და როგორ. ამომრჩეველმა რომ ისინი სხვა პარტიებისგან განასხვაონ საკმარისი არაა ხელისუფლებასთან მხოლოდ ოპონირების რეჟიმში ყოფნა, ან ხელისუფლების ნაბიჯების კრიტიკა. დრომ გვაჩვენა, რომ ამგვარი ნაბიჯები რელევანტური არაა.
ძალიან ცუდ როლს თამაშობენ ის პოლიტიკური ძალები, ვინც მუდმივად ოპოზიციაში იყო, მერე ისევ „ნაციონალებში“ აღმოჩნდა, მერე ისევ გამოეყო და ეს პროცესი არ სრულდება.
ერთი წელი სრულიად საკმარისია, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან გაარჩიოს. ეს რომ მოხდეს, ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა. პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო, რომელიც განსხვავდება ამა თუ იმ საკითხზე „ნაცმოძრაობის“ პოზიციებისაგან. თუ არ განსხვავდება, ამას აზრი არ აქვს.
ერთი წელი სრულიად საკმარისია, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან გაარჩიოს. ეს რომ მოხდეს, ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა. პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო, რომელიც განსხვავდება ამა თუ იმ საკითხზე „ნაცმოძრაობის“ პოზიციებისაგან. თუ არ განსხვავდება, ამას აზრი არ აქვს
როცა „ნაცმოძრაობა“ იწყებს კომპანიას, რომ ოპოზიცია ერთმანეთის მიმართ არ უნდა იყოს კრიტიკული, ეს არის, ის, რაც წვრილი პარიებისთვის ყველაზე დამღუპველი რამაა.
წვრილმა პარტიებმა უნდა შეაფასონ რა გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, რატომ არ უნდა მასთან ყოფნა, და რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რატომ არ უნდა მასთან ყოფნა. და მთავარი, რას გააკეთებს თავად, თუ ხელისუფლებაში მოვიდა. ეს ამომრჩეველს მისცემს საშუალებას ერთმანეთისგან განასხვაოს პარტიები ერთმანეთისგან და გააკეთოს გააზრებული არჩევანი.
- ოპოზიციის პრობლემებზე საუბრისას „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ „ჩრდილოვანი კაბინების“ შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრეთ. ასე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის არჩევნებამდე „ჩრდილოვან კაბინეტზე“ მსჯელობა“?
- როცა მესამე ძალის არსებობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან გვარ-სახელით კი არ უნდა განსხვავდებოდნენ, არამედ პოლიტიკური გეგმებით, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებენ. ამისთვის, საჭიროა ანალიზი იმისა, რა არ მოგწონს ან მოგწონს დღევანდელ ხელისუფლების საქმიანობაში. საჭიროა იმის მკაფიოდ გამოკვეთა, თუ რას გააკეთებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური რეალობა. დასავლეთის გამოცდილებაა გასაზიარებელი. ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკურ ძალს ვისაც არჩევნების მოგება უნდა ჰქონდეს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოქმედების მკაფიო გეგმა. ვითარებაში, როცა ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერი არაა, ახალი ლიდერი შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ძალა ხელისუფლებისგან განსხვავებულ პროგრამას წარმოადგენს.
ხელისუფლებისგან განსხვავებული პროგრამის დამდებ გუნდს უნდა ჰყავდეს „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და ის ლიდერი, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი
ეს ამომრჩეველს საშუალებას მისცემს განსხვავება დაინახოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის. ოპოზიციაში ლიდერების ნაკლებობა შესაძლოა არ იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ბევრ მათგანს ყავლი აქვს გასული, ამიტომ ლიდერის შერჩევას ძალიან პრაგმატული მიდგომა სჭირდება.
- მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიც ცხელი იყო და პოლიტიკური პროცესიც მინავლებული, საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ აქტიური იყო ხელისუფლება. მხედველობაში მაქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, პრემიერის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შემდეგ ისრაელში.
ჩინეთში ვიზიტისას პეკინის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან გავიგეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას. თან ეს ხდება მაშინ, როცა წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლამის ყოველ დღე ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა თავისი არსით ანტიქართული და ანტიდასავლურია. ამის მაგალითი იყო აშშ-ს ელჩის მიმართ დეპუტატ ზარქუა გაკეთებული განცხადება.
ბევრი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. თქვენი დაკვირვებით, საგარეო პოლიტიკაში რა ტიპის ცვლილებებია მომხდარი?
- თავის თავად ანეკდოტია, როდესაც დეპუტატი ზარქუა აშშ-ს ელჩს საქართველოში პოლიტიკის არცოდნაში ადანაშაულებს. იმ რიტორიკის ფონზე, რასაც ვისმენთ, ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ, რიტორიკის ფონზე ნათლად ჩანს, რომ საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებებია მომხდარი.
ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებას, რომ ის პრორუსულია და ნაბიჯები გადადგა აღმოსავლეთისკენ, ჩინეთზე ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ, რუსეთი და ჩინეთი რამ გაყო? გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ მმართველობითი და თუნდაც ავტორიტარიზმის თვალსაზრისით. მოსკოვი და პეკინი რეალურად არიან თანხვედრაში ბევრ რამეში, მათ შორის დასავლეთთან დაპირისპირებაშიც.
ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებას, რომ ის პრორუსულია და ნაბიჯები გადადგა აღმოსავლეთისკენ, ჩინეთზე ამახვილებს ყურადღებას. მაგრამ, რუსეთი და ჩინეთი რამ გაყო? გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ მმართველობითი და თუნდაც ავტორიტარიზმის თვალსაზრისით. მოსკოვი და პეკინი რეალურად არიან თანხვედრაში ბევრ რამეში, მათ შორის დასავლეთთან დაპირისპირებაშიც
ჩინეთთან დაახლოება დასავლეთის გამალებული კრიტიკისა და ცილისწამების ფონზე მიმდინარეობს, რაც იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პრორუსების ბრალდებები როგორმე აიცილოს და მისი პრორუსობა საზოგადოებამ არ იწამოს.
საქართველოთი ჩინეთის დაინტერესება ბუნებრივია, პეკინი მუდმივად ცდილობდა სახმელეთო კავშირი ჰქონოდა დასავლეთთან, რკინიგზაც გაიყვანეს და ყაზახეთის საზღვრამდეა მიყვანილი ორლიანდაგიანი რკინიგზა. თავის დროზე უნდოდათ ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობა, მაგრამ ახლა ეს პროექტი რუსეთის გამო ჩაშლილია.
- თუ ანაკლიის პორტისა და ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახლოს აეროპორტის მშენებლობაში მონაწილეობა ჩინეთმა მიიღო, სავარაუდოდ, ეს რისი ნიშანი შეიძლება იყოს?
- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ამერიკამ გვითხრა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში თავიდან უნდა აგვეცილებინა ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობა და გავლენები. თუ ჩვენ ჩინეთის მიმართულებით გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს, ჩვენი საუბარი, რომ გვინდა დასავლეთი და ევროკავშირი, ეს თემები ჩვენთვის დაიხურება.
თუ ჩვენ ჩინეთის მიმართულებით გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს, ჩვენი საუბარი, რომ გვინდა დასავლეთი და ევროკავშირი, ეს თემები ჩვენთვის დაიხურება
ვაზიანის სამხედრო ბაზას სსრკ-ს დროს მოსკოვი აქცევდა დიდი ყურადღებას. ამიერკავკასიაში იგი ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა იყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ვაზიანის ბაზაზე ნატოს ეგიდით ჩატარდა ძალიან დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
სამხედრო საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვისაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხება, მათი თქმით, ფაქტობრივად, დღეს ვაზიანის ბაზა სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. თუ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ჩინელები აეროპორტის მშენებლობას დაიწყებენ, უკეთეს შემთხვევაში იგი არა ნატოს სამხედრო ბაზა, არამედ ჩინური აეროპორტი იქნება.
დღეს ვაზიანის ბაზა სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. თუ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ჩინელები აეროპორტის მშენებლობას დაიწყებენ, უკეთეს შემთხვევაში იგი არა ნატოს სამხედრო ბაზა, არამედ ჩინური აეროპორტი იქნება
და ასეთ შემთხვევაში იქ სამხედრო ბაზის ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება. სამხედრო ბაზისა და სამოქალაქო აეროპორტის ასე ახლოს ერთმანეთთან არსებობ, გამორიცხული მგონია.
- საქართველოს ამ ტიპის მოძრაობები საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური ხელისუფლების ტაქტიკაა, სტრატეგიაა, უკრაინაში ომის დასრულებას ველოდებით თუ რა ხდება?
- შესაძლოა, ეს იყოს კომპლექსური პროცესი. ერთია განცხადებები, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მათ რეალიზებას გარკვეული დრო სჭირდება. შესაძლოა, ამგვარი მოძრაობებით „ქართული ოცნება“ ცდილობდეს დროის მოგებას.
უკრაინასთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოზიცია ცუდია საქართველოს დასავლური ვექტორისათვის. უკრაინაში მოვლენათა განვითარების ოთხი სავარაუდო ვარიანტი არსებობს. თუ უკრაინა იმარჯვებს და იბრუნებს ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, ჩვენი პრობლემა გადაიჭრება, რადგან რუსეთი დამარცხდება.
თუ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს იწყებს და მოლაპარაკებებით იბრუნებს ტერიტორიებს, მაგრამ, ამ ტერიტორიებზე პუტინისტური რეჟიმები დარჩეს. თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ამ ტიპის მოლაპარაკებები გაიმართა, არაა გამორიცხული საქართველო გახდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანი. უკრაინაზე უარის თქმის სანაცვლოდ, რუსეთმა მოითხოვოს სამხრეთ კავკასიაზე თავისი გავლენის აღდგენა.
თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, არაა გამორიცხული საქართველო გახდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანი. უკრაინაზე უარის თქმის სანაცვლოდ, რუსეთმა მოითხოვოს სამხრეთ კავკასიაზე თავისი გავლენის აღდგენა
ვითარებაში, როცა ჩვენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილი, ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად ვაცხადებთ, შესაძლებელია, დასავლეთმა საქართველოზე ხელის ჩაიქნიოს.
თუ უკრაინამ ვერ დაიბრუნა ტერიტორიები და დაკონსერვდეს ის ვითარება, რაც დღესაა, ასეთ ვითარებაში, საქართველო მაინც წაგებული გამოვა, რადგან, რუსული გავლენები საქართველოში გაიზრდება. ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნება“ რას იზამს, ამას მნიშვნელობა არ ექნება.
ვითარებაში, როცა ჩვენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილი, ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად ვაცხადებთ, შესაძლებელია, დასავლეთმა საქართველოზე ხელის ჩაიქნიოს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი უკრაინაში მოვლენათა განვითარების ყველა სცენარი, რომლის პირობებში უკრაინა არ იმარჯვებს. ეს ხდება იმის ფონზე, დასავლეთს ვერ გაურკვევია ჩვენ მართლა გვინდა ევროპა თუ არა. ასეთ ვითარებაში დასავლეთი საქართველოსთვის არ იბრძოლებს. ვგულისხმობ არა სამხედრო მოქმედებებს, არამედ, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ყველა ომი დიპლომატიური მოლაპარაკებებით სრულდება და გამონაკლისი არც უკრაინა-რუსეთის ომი არ იქნება.
თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ინტერესები იქნას გათვალისწინებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, უნდა გვქონდეს გამოკვეთილად პროდასავლური პოლიტიკა და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული ყველაფერში მშვიდობიანი ფორმებით, კონსტიტუციის მოშველიება არაა საჭირო, საჭიროა ყოველდღიური საქმიანობა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი