რა გამოწვევები არსებობს ავტოდაზღვევის მიმართულებით, რა ინიციატივები აქვს „დაზღვევის კავშირს“ არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოვლინების, სადაზღვევო შემთხვევების ოპერატიულად და უტყუარად დასადგენად და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას - აღნიშნულ საკითხებზე „დაზღვევის კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე საუბრობს.
- ბატონო ლაშა, როგორც სადაზღვევო მომხმარებლების აზრის მიხედვით, ასევე სადაზღვევო კომპანიების ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან ირკვევა, ავტოდაზღვევის საკითხები კვლავ გარკვეულ გამოწვევად რჩება. ამის მაჩვენებელი “ავტოკასკოს” სტატისტიკური მაჩვენებლების წლიდან წლამდე უმნიშვნელო პროცენტული ზრდაა. ორივე მხარეს შეინიშნება გარკვეული პრობლემური საკითხები. ყველაზე დიდი საცალო გაყიდვები მიუხედავად, არცერთი მხარე არაა კმაყოფილი. თქვენი აზრით, რა არის ამის ძირითადი მიზეზები?
- დაზღვევა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მისი შეძენით დამზღვევის პასუხისმგებლობა მთავრდება, ან ნაკლები წინდახედულობა მოეთხოვება. ამ საკითხს ეძღვნებოდა თითქმის 2 წლის წინ გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუ - „ავტოდაზღვევაში ნულოვანი ფრანშიზა - ქართული დაზღვევის „ფატალური“ თავისებურება“. ამ პერიოდის განმავლობაში, „დაზღვევის კავშირი“ მუდმივად ახდენს საკითხის მონიტორინგს, რაც გვიჩვენებს, რომ არსებობს საჭიროება კიდევ მივუბრუნდეთ ამ დაზღვევის პერიპეტიებს. მაგალითისთვის, შეიძლება ადამიანმა თავის სახლთან დატოვოს მანქანა და ის განადგურებული დახვდეს. ამ დროს, მიუხედავად დაზღვევის არსებობა/არარსებობისა, კანონმდებლობა შესაბამისი ორგანოების ჩართულობით, შემთხვევის გამოძიებას ითვალისწინებს. თუ არსებობს დაზღვევა და დადგინდა დამნაშავე, სადაზღვევო კომპანია დაზღვევის ანაზღაურების შემდგომ, რეგრესის უფლებით ისარგებლებს, თუმცა ასეთი შემთხვევების დადგენა/გამოძიება რთულია. ის საგამოძიებო ორგანოების მეტ ჩართულობას მოითხოვს. ამის გამო მზღვეველი, თავის დაცვის მიზნით, იძულებულია, ამგვარი სადაზღვევო შემთხვევის დროს მრავალი დეტალი დააზუსტოს, ასევე შექმნას პირობა, რომ არ გამოეპაროს სადაზღვევო თაღლითობა, რაც თავის მხრივ, კეთილსინდისიერ კლიენტებს დისკომფორტს უქმნის.
შესაბამისად, ძირითადად, ფროდების თუ არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოვლინების, სადაზღვევო შემთხვევების ოპერატიულად და უტყუარად დასადგენად, „დაზღვევის კავშირმა“ დაზღვევის რეგულატორთან, საგამოძიებო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, ინიციატივები დავაყენეთ. აღნიშნული, მათ შორის, საგზაო კამერებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც მოიცავს. სხვა ინიციატივა შეეხებოდა ზოგადად, არაკეთილსინდისიერ დამზღვევთა „შავი სიის“ შექმნას. ფაქტია, რომ რიგ შემთხვევებში მზღვეველს აქვს განცდა, რომ დამზღვევი იტყუება, თუმცა არ აქვს ქმედითი ინსტრუმენტები და ბერკეტები ამის საწინააღმდეგოდ და ანაზღაურების გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არა მარტო ქართული პრობლემაა, ჩვენს საკმაოდ მცირე ბაზარს, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ასეთი სიის წარმოება გაყალბების მსურველთა რაოდენობას შეამცირებდა.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია შემდეგ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, კერძოდ, დაზღვევის სქემაში ჩართული ადამიანებისთვის თვალნათელია, რომ არც თუ ისე იშვიათად ავტოდაზღვევის ზარალის დადგომის შემდგომ იწყება „გარჩევა“, რაშიც დაზღვევის კავშირსაც გვიწევს საკონსულტაციო აქტივობა ნაცნობის თუ უცნობის გამო, და ძირითადად, ასეთ საკითხს წავაწყდებით ხოლმე - „არ ვიცოდი, თუ წითელზე გავლას ან ღერძულა ხაზის გადაკვეთას არ აანაზღაურებდა დაზღვევა, არ ჩამიხედია და ახლა წავიკითხე კონტრაქტი, ან კიდევ - სხვა კომპანიები იხდიან და მე მქონია თურმე ასეთი პოლისიო“.
- და რომელი მხარეა მართალი ამ შემთხვევაში?
- დამზღვევების პრეტენზია სამართლიანიცაა და უსამართლოც. მოდით ვეცადოთ გავარკვიოთ სად იმალება ჭეშმარიტება. ჩამოვათვალოთ საბაზისო სადაზღვევო პრინციპები:
დამზღვევს უნდა ესმოდეს, რომ რაც უფრო ჭარბია და „არასადაზღვევო რისკებით“ დახუნძლული მისი სადაზღვევო კონტრაქტი, მით უფრო მეტია მისი სადაზღვევო პრემია, ვინაიდან, სხვა დამზღვევის ამგვარი „ზარალები“ მისი პრემიის (შენატანის) ხარჯზე ფინანსდება და პირიქით. ასევე მატულობს დაპირებასა და რეალობას შორის სხვაობა და ბუნდოვანება.
მეორეს მხრივ, დაზღვევა (მზღვეველი) არცერთ შემთხვევაში არ უნდა ახალისებდეს ისეთი ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) ანაზღაურებას, რომელიც კანონდარღვევის ირიბად წახალისებას ემსახურება, მაგალითად, ისეთ მოვლენებს როგორიცაა უკვე ნახსენები „წითელზე გავლა“ თუ „ღერძულა ხაზის კვეთა“, ან რამე ამდაგვარი. გარკვეული პერიოდის წინ დაზღვევა ავტოჯარიმების თანხების ანაზღაურებასაც თავის თავზე იღებდა, რაც რადიკალურად არასწორია და დამზღვევის უპასუხისმგებლობის, მისი მხრიდან კანონდარღვევის ერთგვარ წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს.
დაზღვევის კონტრაქტში განმარტებული სადაზღვევო შემთხვევა, არაგამიზნულობას, საღი და გონიერი წინდახედულობის, ალბათური შემთხვევითობის, პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილების (მზღვეველსა და დამზღვევს შორის) და ზოგადად, ადეკვატიზმის მაღალ სტანდარტს უნდა გულისხმობდეს.
- რა რეკომენდაციას იძლევა „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო პირობების (კომპანიის) შერჩევისას?
- პირველი: რაც უფრო ნათლად (თუნდაც მოცულობითი და დეტალური ჩანაწერით) და მარტივი (გასაგები) ენითაა გაწერილი სადაზღვევო კონტრაქტი, მით უფრო ადვილია ზარალის შემდგომი გადაწყვეტილების პროგნოზირება. მეორე: რაც უფრო ნაკლებია ისეთი რისკები (თუ არასადაზღვევო „ბენეფიტები“) დაფარული, რომელიც აშკარა დაუდევრობის შემთხვევების დაფარვას განაპირობებს, რაც ერთის მხრივ, თითქოს მოსახერხებელია დამზღვევისათვის, თუმცა გზაზე შემთხვევების სუბიექტურად მატების წახალისებაა, „რისკობრივი ინფანტილიზმის“ ხელშეწყობა და მხოლოდ ნეგატიურ გამოსავლიანობას ემსახურება. იმავდროულად სრულიად ეწინააღმდეგება ორმხრივი პასუხისმგებლობის/დაზღვევის ფუნდამენტურ მიდგომებს და საშუალო ვადაშიც კი განწირულია ჩამოშლისათვის. ასე რომ, დაზღვევის შეძენისას შეიძინეთ მხოლოდ სადაზღვევო მხარდაჭერა და არა გაურკვეველი და დაუბალანსებელი „ყველგან და ყველაფრისგან“ დაცვის დაპირება.