ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2023

მოსკოვის ულტიმატუმი თბილისს - რატომ ალაპარაკდა კრემლი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე

“გაყალბების საფრთხე ნაკლებია” - ექსპერტები ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე

რა მიმართულებით მიიწევენ წინ უკრაინელები - “რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე, როგორც ტყვეების”

* * *

მოსკოვის ულტიმატუმი თბილისს - რატომ ალაპარაკდა კრემლი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე

“რატომ დაიწყო კრემლმა კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემის აქტუალიზება და საქართველოსთვის ფაქტობრივად ულტიმატუმის წაყენება. შესაძლოა თუ არა მოსკოვი თბილისი წინააღმდეგ დაძაბულობის ახალ კამპანიას იწყებდეს - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციას გაამწვავებს. მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა უზრუნველყო 2008 წელს ომის შეჩერება, თუმცა, თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან, აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთთან მიერთების პერსპექტივა არსებობს. “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები... დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრა”, - განაცხადა მედვედევმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვის ულტიმატუმი თბილისს - რატომ ალაპარაკდა კრემლი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე.

“დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვართან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, - განაცხადა მედვედევმა, რომლის თქმით, დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება “მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა - ჩვენ რუსეთს საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე. მისივე თქმით, მედვედევის გზავნილი პროვოკაციაა და მას საქართველო მშვიდად უნდა შეხვდეს. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ კრემლი სიტუაციის დაძაბვას ცდილობს საქართველოში და ეს არის შანტაჟი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი განმარტავს, რომ მედვედევის განცხადებები არასერიოზულად აღსაქმელია”, - დასძენს გამოცემა.

“ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ უკრაინაში ვერ მიაღწიეს წარმატებას. უკრაინაში გრძელვადიანი ომი წარმოებს და ახალი მიმართულებაა საქართველო, რომელიც შედარებით სუსტია და ალბათ მოსკოვის გეგმებში არის, რომ დასავლეთის ძალები გაიყოს. ეს არის მუქარა საქართველოს მიმართ, რომ არ გაბედოს უკრაინის მხარდაჭერა. საიდან მოიგონეს, რომ სიტუაცია დაძაბულია საქართველოში, რუსოფობია არის და ა.შ. ეს ყველაფერი არის მაგათი უშიშროების სამსახურის შემუშავებული რაღაცა სცენარი. საბოლოო ჯამში გრძელდება საქართველოს დაშანტაჟება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იდეებით. სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, აფხაზეთს არასდროს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ რუსეთთან მიერთება უნდა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იქ მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის, რომ შეუერთდეს რუსეთს. მაგრამ, აფხაზები ამის წინააღმდეგი იქნებიან კატეგორიულად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის საქართველოს დაშანტაჟება. მაგრამ, ნუ ვიტყვით, რომ მუქარას რეალურად განხორციელება არ უწერია. იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა საქმე უკრაინაში, რანაირად გაგრძელდება ეს ყველაფერი. რუსეთს ურჩევნია, რომ მეორე ფრონტი არ გახსნას საქართველოში, არ მოახდინოს ძალების გაყოფა, მაგრამ, ასეთი დაშანტაჟებით დასავლეთს მაინც მოუწევს თავისი ძალების გარკვეული ფოკუსირება საქართველოზეც. რუსეთისთვის მომგებიანი არის დასავლეთმა თავისი ყურადღება მაქსიმალურად მიმართოს საქართველოსკენ, ეს უკვე შეასუსტებს მის ძალისხმევას უკრაინასთან მიმართებაში. ამიტომ დასავლეთსაც ძაბავენ, აჩვენებენ რომ უკრაინაში თუ ძალიან მაგრად მოგვაწვებით, აი, აგერ არის კიდევ ერთი სუსტი ადგილი საქართველო, რომელსაც ჩვენ მივხედავთ. ნებისმიერ სიტუაციაში ავაფეთქებთ საქართველოსთან სიტუაციას, შევიყვანთ ჯარს - აი, ასეთი სახის შანტაჟი მიდის დასავლეთისა და ჩვენიც”, - განმარტავს პოლიტოლოგი.

“რუსეთს იმდენი ხალხი ჰყავს საქართველოში უკვე ჩამოყვანილი, მათ შორის ალბათ უამრავი პროვოკატორი, დაზვერვის და უსაფრთხოების თანამშრომლები და ა.შ. მათ შორის სამხედროებიც არიან ალბათ, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათ ყოველთვის შეუძლიათ სიტუაციის არევა. რომ მოუნდეთ, არევენ სიტუაციას საქართველოში, მოაწყობენ ტერაქტებს, რუს ტურისტებზე თავდასხმებს და დააბრალებენ ქართველებს - რუსეთს ეს შეუძლია გამოიყენოს როგორც საბაბი და შემოიყვანოს ჯარები საქართველოში” - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

“უპირველესად გასათვალისწინებელია, ვისგან მოდის ეს სიტყვები, ბატონი მედვედევი ჯერ ერთი გახლდათ უაშუალო ინიციატორი და ხელმძღვანელი რუსეთის სახელმწიფოსი, როდესაც რუსეთმა აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასე რომ ეს მის მიერ შექმნილი პრობლემაა. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მედვედევს ახასიათებს ექსტრემალური გამოხტომები, რასაც დიდი ხანია ყურადღებას არავინ არ აქცევს, ეს ყველაფერი აღიქმება როგორც არასერიოზული. ის იყო ავტორი ინიციატივის დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გამოყენების რუსეთის მიერ, ის ემუქრებოდა ასევე ჰააგას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ბირთვულ დარტყმას მიაყენებდა, თუკი ვინმე გაბედავდა ბატონი პუტინის დაპატიმრებას... რაც შეეხებასაქართველოს რატომ მაინცდამაინც ახლა - რუსეთის ეს ელიტის ფენა, რომელსაც წარმოადგენს ბატონი მედვედევი ახლა ცდილობს ყველანაირად როგორმე გაამწვავოს მდგომარეობა. სიტუაცია უკრაინაში პრაქტიკულად კრახით მთავრდება, და ეს მათთვის მიუღებელია. ამიტომ შეიძლება საქართველოს მიმართ ასეთი ტონით დაამთავრონ, შეიძლება სცადონ სხვა მიმართულებით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“გაყალბების საფრთხე ნაკლებია” - ექსპერტები ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე

“ელექტრონული სისტემით 2024 წლის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელექტრონული სისტემის შემოღება არ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება და რომ “ქართული ოცნების” პირობებში ელექტრონული არჩევნები ყველა რისკს ვერ დააზღვევს. ოპოზიციის მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში და დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვის არის განწირული, როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გაყალბების საფრთხე ნაკლებია” - ექსპერტები ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე.

“2020 წელს ვიხილეთ, როგორ ხდებოდა არჩევნების ცალყბად აღიარებადა მეორე მხრივ კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ, ვერც ერთი ქაღალდი, ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველა მიუთითებდა, რომ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა თუ იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბებისა და შედეგების მყისიერი გამოცხადების პრობლემა აღარ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. ელჩმა გააკეთა განცხადება, შემდეგ ამას ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაყოლა განცხადება, რა თქმა უნდა ახლა მესამე, მეოთხე მიაყოლებს და წინასწარ დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყაბებულია” - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი. “ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ცრუ ნარატივებით პოლიტიკური ჯგუფები წინასწარ ხვდებიან გარდაუვალ მარცხს და ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული არჩევნებით რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოვა. ცესკო კი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს რომ პოლიტიკური მიზნებისგან გამომდინარე არ დააზიანონ მნიშვნელოვანი ისტორიული საარჩევნო პროცესი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენად სანდოა ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარება და შედეგის დათვლა ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ელექტრონულ სისტემას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების ელეტრონული სისტემით ჩატარების დროს გაყალბების საფრთხე ნაკლებია. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო არჩევნების ჩატარება ტექნოლოგიის გამოყენებით გარკვეულ რისკებს შეიცავს და ეს დაქვემდებარებულია როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ ასპექტებთან. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროგრამა რომელიც შეადგინა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საკმარისი გარანტიაა იმისა, რომ ვენდოთ მათ პროფესონალიზმს”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიციის გარკვეულ კრიტიკას და შენიშვნებს არ ვეთანხმები. გიორგი ვაშაძე ყოველ წელს თავად მოუწოდებდა ელექტრონული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები. გარკველი რისკები არსებობს, მაგრამ ქვეყანა ოდესმე ხომ უნდა გადავიდეს ცივლიზებულ მეთოდებზე. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იქნება პირველ ეტაპზე არჩევნების ჩატარება, რადგან ტექნიკური ელემენტები შემოდის. რაც შეეხება პოლიტიკურ ელემნეტებს, ეს ყველა არჩევნების დროს არსებობს, ყველა ქვეყანაში და არა მხოლოდ საქართველოში. როგორ იქნება კონფიგურაცია, ოპოზიცია როგორ დაჯგუფდება, როგორ ჩაატარებენ ამ არჩევნებს პატიოსნად, თუ ამ სისტემას გამოიყენებენ მანიპულაციისთვის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ 2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან საინტერესო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ “ქართული ოცნება” არათუ ამ არჩევნებში, არამედ 2030 წლის არჩევნებში აპირებს იყოს ხელისუფლებაში, ალბათ პირველ ადგილზე გავა, მაგრამ 50%-ს ვერ აიღებს. ჩემთვის სინტერესოა ვინ ეყოლება პარტნიორი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

“დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამის შემდგენელთა მიერ სანდოობას. ვფიქრობ, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილი სისტემა, როგორიც არის “სმარტმატიკი”, რომელსაც ბევრ ქვეყანაში აქვს გამოყენებული თავისი პროგრამა, საიმედოობა ძალიან მაღალია, მანიპულირების საფრთხე დაბალი. მე ვიცნობ ამ სისტემას, მქონდა ურთიერთობა ამ სისტემასთან. ვფიქრობ, საკმარისი გარანტიაა იმისა, რომ ვენდოთ მათ პროფესონალიზმს. რეპუტაციის შელახვა მათ არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურად დააზიანებს. ამ სისტემით სხვადასხვა უბნებეში უკვე ჩატარდა ტესტირება და პრეტენზიები არ ყოფილა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

რა მიმართულებით მიიწევენ წინ უკრაინელები - “რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე, როგორც ტყვეების”

“უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთ ფრონტზე რობოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს. გარდა ამისა, როგორც კოვალოვმა აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლის მიმართულებით. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ზარალს აყენებენ მტრის სამიზნეებს. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც. გენშტაბის სპიკერის თქმითვე, მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკას, მარინკასა და ნოვომიხაილივკას რაიონებში. უკრაინის თავდაცვის ძალები სოფელ რაბოტინოდან მოსახლეობას ევაკუაციას ხოლო უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ. საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ რაბოტინოს არტილერიით ბომბავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მიმართულებით მიიწევენ წინ უკრაინელები - “რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე, როგორც ტყვეების”.

“მოსკოვის მერის, სერგეი სობიანიანის თქმით, ქალაქის ცენტრში მშენებარე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ამის პარალელურად კი მოსკოვზე დრონებით თავდასხმა არ წყდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, დრონი ელექტრონული საბრძოლო სისტემით ჩაახშეს, თუმცა, მან კონტროლი დაკარგა და შენობას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ჩაიმსხვრა შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორ-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ფანჯარა. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთმა მომხდარი შეაფასა, როგორც “კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი”. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით კი, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით დააბრუნებს, რადგან სხვა ვარიანტი ჯერ არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ მას გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით, თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ მან უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს”, - განაცხადა დანილოვმა. მისი თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა. “მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში”, - განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება არსებობდეს. “რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან”, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან შეთანხმებას საბედისწერო შეცდომას უწოდებს. წერს, რომ ყველანაირი გარიგება ამ ქვეყანასთან ომის შემდეგ ეტაპებში პირდაპირი ინვესტიციაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნათელია, რომ განმეორებითი საბედისწერო შეცდომები კაცობრიობის ისტორიის უბედურებაა. თუმცა, ჯერ კიდევ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა არის არა მხოლოდ წახალისება, არამედ, უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობა”, - წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და “ჯიპას” პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინელებს წინსვლა რობოტინეს სამხრეთით აქვთ, სადაც რუსულ პოზიციებს უტევენ. პროფესორი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რობოტინეს წმენდა პრაქტიკულად დასრულდა, მაგრამ დასახლების უშუალო მომიჯნავედ, სამხრეთით, შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს, ისევე როგორც გაწმენდითი ოპერაცია. სწორედ ამიტომ დასახლებაში ჯერ დროშა არ აღმართულა”, - დასძენს გამოცემა.

“ამ ეტაპზე უკრაინელები აქტიურად ბომბავენ რუსულ პოზიციებს ნოვოპროკოპივკაში რობოტინეს სამხრეთით, სადაც არამხოლოდ რობოტინედან უკუქცეული რუსები აფარებენ თავს, არამედ დამხმარე რეზერვებიც. საარტილერიო დაბომბვა ძალიან ინტენსიურია. ფაქტობრივად ამ მხრივ უპირატესობა უკრაინელთა ხელშია. ამ სექტორზე უკრაინული დანაყოფები როგორც კოპანის მიმართულებით გააქტიურდნენ, ასევე ვერბობესაკენაც. პრაქტიკულად მათი შეტევა რუსული პოზიციების წინააღმდეგ არამხოლოდ ცენტრში რობოტინე-ნოვოპროკოპივკა - არამედ ფლანგებიდანაც ვითარდება. რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე როგორც ტყვეები. უკრაინელები საკმაოდ თამამად აყრიან ტექნიკას ერთი მიმართულებით და არც დანაკარგს ერიდებიან. უკრაინელებმა ტოკმაკის ირგვლივ რუსული ფორტიფიცირებული პოზიციები ინტენსიურად დაბომბეს. განადგურდა სამეთაურო პუნქტიც. დაიბომბა ბერდიანსკიც”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელებმა რუსული კოლონა გაანადგურეს. საპასუხოდ, რუსებმა მდინარე ოსკილის ხიდებზე მიიტანეს იერიში. ხმელეთზე სიტუაცია უცვლელია, რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ. მსხვერპლი მათ რიგებში დიდია. იმისათვის, რომ თავიანთი ამხელა მსხვერპლი გაემართლებინათ, რუსებმა გაავრცელეს ცრუ პროპაგანდისტული ვიდეო, თითქოს ამ მიმართულებით მათ სინკივკა აიღეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ვიდეო ბახმუტის სამხრეთით იყო გადაღებული, ხოლო სინკივკა უკრაინელთა მყარ კონტროლში რჩება. შეტაკებები დასახლებაში არცკი მიმდინარეობს. უცნობია რა ხდება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. უკრაინელები დუმან, ხოლო რუსები აქტიურ უკრაინულ საარტილერიო დარტყმებზე და სანაპიროს ირგვლივ შეტაკებებზე საუბრობენ”, - ამბობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ზელენსკის ბალკანური ტურნეს, ძალაინ შედეგიანი აღმოჩნდა. წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთის ხელთ არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანების უკრაინისათვის გადაცემაზე ისევე, როგორც უკრაინული მარცვლეულის ბულგარეთის გავლით გატანის შესახებ. მაგრამ ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი მაინც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და ზელენსკის შეხვედრა გახლდათ. ზოგადად, გარკვეულწილად, ბულგარეთი და დიდწილად სერბეთი რუსეთის დასაყრდენადაა მოაზრებული ევროპაში, თუმცა სახელმწიფო ინტერესები მიამიტობა და ბავშვობა არაა და არც ერთი ეს ქვეყანა რუსეთზე სრულ დამოკიდებულებას მის ინტერესებად არ მოიაზრებს. ამ გაგებით ბულგარეთი, ძირითადად, გამოსულია რუსული საყრდენიდან ხოლო სერბეთი ბალანსის პოლიტიკას ცდილობს, თუმცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდამჭერია“, - დაასკვნის კობერიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო