აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში.
რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი იყო ტურისტული სეზონის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა - ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით.
,,საზღვაო ტურისტული სეზონის დასაწყისშივე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ომის პარტიის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ყალბი და დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24 %-ს.
ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში - დაახლოებით, 45 ახალი ტურისტული დანიშნულებისობიექტი შეემატა აჭარის მაღალმთიანეთს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომოირი რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. მათივე ცნობით, 2023 წლის 7 თვის მონაცემით, განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია +9.7%-ით.
„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.
აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა, როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში. მთიან აჭარას მხოლოდ წელს 45 ახალი ობიექტი დაემატა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.