2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე, მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის თაობაზე კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 20 მოვაჭრის წინააღმდეგ შევიდა განცხადება, მათგან 13-ის მიმართ წარმოება კვლავ მიმდინარეობს, 6 მოვაჭრის მიმართ შეწყდა, 1-ის მიმართ კი წარმოება სააგენტომ შეფასების გარეშე დაასრულა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი "ევროოპტიმისტები", კონკურენციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს შესაბამისი კითხვებით დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მიმართა.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არცერთი მოვაჭრის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ მითითება ან კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა და ჯარიმა.
"გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის თაობაზე შემოსულია 12 განცხადება, ჯამში 20 მოვაჭრის წინააღმდეგ, აქედან 6 მოვაჭრის მიმართ არ დაიწყო/შეწყდა დაწყებული წარმოება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესის/კანონით სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
აღსანიშნავია, რომ ერთი მოვაჭრის მიმართ სააგენტომ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა საქმის შესწავლა, კერძოდ, საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და ჩათვალა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდოს და დოკუმენტები შეადგინოს ქართულ ენაზე და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა.
შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებით აღებული პირობითი ვალდებულებები სააგენტომ შესრულებულად მიიღო.
დღეის მდგომარეობით, 13 მოვაჭრის მიმართ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და საქმისწარმოება ჯერ არ არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ ხსენებული 13 მოვაჭრიდან 10 მოვაჭრეზე ინფორმაცია მოწოდებულ იქნა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ. ხსენებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ განხორციელდა მონიტორინგი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივ კვების ობიექტებში, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ზემოხსენებული მოვაჭრეების კვების ობიექტებში საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.
ამასთან გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, არცერთი მოვაჭრის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეაგირების ზომა - დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ მითითება ან კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა, ან კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული რეაგირების ზომა - ჯარიმა, იმის გამო, რომ მოვაჭრემ უარი განაცხადა მომხმარებლისთვის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდებაზე," - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.