„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა და ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ბესო ქათამაძემ ბრიფინგი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი ლიდერები ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც, სახელმწიფო გურულ გლეხებს ისევე დაეხმარება, როგორც ეს კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის განადგურების დროს ხდება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თხილის დაბალი ფასების გამო, გურიას შიმშილი ემუქრება.
როგორც კახა ასკურავამ აღნიშნა, თხილის ფასი 3 ლარია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
„მსგავსი დაბალი ფასი, გურიაში წელს რომ დაფიქსირდა, არასდროს ყოფილა, დამემოწმებიან ადგილობრივები. როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს ჩამოვიდა, აქედან ერთ კილომეტრში, თეატრთან ვკითხე, ოზურგეთში რომ ჩამოხვედი თხილის ფასი იკითხე-თქო? და რატომ უნდა მეკითხა თხილის ფასიო, იმიტომ უნდა გეკითხა, რომ 2010-2012 წლებში 12-დან 15 ლარამდე ღირდა თხილი და კორუფციული ფასიაო ამაზე ამბობდა“, - განაცხადა კახა ასკურავამ
თათია ნიკოლაშვილის თქმით, „გურიაში, სადაც ბაზარში ცეცხლის ფასი აქვს ყველა პროდუქტს, ყველაზე დაბალი ფასი თხილს აქვს“.
„წილში ჩაუსხდნენ მაღალჩინოსნები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს. სისხლის ფასად მოპოვებულ მოსავალს წყალში უყრიან ამ ადამიანებს. მინიმალურ ფასზე დავარდა ბოლო წლებში თხილი და შემდეგ თავად გააქვთ ექსპორტზე, თავად ყიდიან უფრო მაღალ ფასად, იღებენ მოგებას და დამატებით მდიდრდებიან ამ მშრომელი ადამიანების ხარჯზე. იმ გურიაში, სადაც ცეცხლის ფასი აქვს ყველა პროდუქტს ბაზარში, ყველაზე დაბალი ფასი აქვს თხილს“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა
ბესო ქათამაძემ კი აღნიშნა, რომ ერთადერთი მოთხოვნა სუბსიდირებაა.
„სახელმწიფომ 21 მლნ ლარი დახარჯა თხილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ეს თხილის ხარისხი გაუმჯობესდა მონოპოლიზებული ბაზრისთვის, რომელიც მაფიოზურად ხელში აქვთ ჩაგდებული „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ „ოცნების“ შემომწირველებს, რომლებსაც კონკრეტული მიღების პუნქტები აქვთ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც გურულ გლეხს ამ რთული ვითარებიდან გამოიყვანს - ეს არის სუბსიდირება გურული გლეხის“, - განაცხადა ბესო ქათამაძემ.