გურიაში, კერძოდ ოზურგეთში ახლა მთავარი პრობლემა არის თხილის ფასი, ულუკმაპუროდ ტოვებენ ადამიანებს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, დაარეგულიროს თხილის ფასი და დაეხმაროს მოსახლეობას, მაგრამ ესენი ადამიანების პრობლემებით არ ინტერესდებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში, სადაც პარტიის ოზურგეთის საკრებულოს წევრები თხილის ფასის დარეგულირებას ითხოვდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.
მათივე ცნობით, პროტესტის ნიშნად თათია ნიკოლაშვილმა საკრებულოს სხდომა დატოვა.
„როგორც ხედავთ არაფერი მსგავსი ამ ადამიანებს არ აინტერესებთ, ყოველთვის პირზე აკერიათ „ნაციონალური მოძრაობა“, ის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დროსად 11-დან 14 ლარამდე ღირდა თხილი. 16 საკითხი ჩამოთვალეს და ერთი საკითხი არ შეეხება ხალხის პრობლემებს. ეს არის სწორედ ამათი სახე. ადამიანების პრობლემებით არ ინტერესდებიან, ბავშვები უნდა წავიდნენ სკოლაში და რით უნდა წავიდნენ, როდესაც ერთადერთი შემოსავალი ოზურგეთელებისთვის არის თხილი“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.