შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, გოგი ფაცაციამ, ქალაქ ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ბათუმში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.
„ღონისძიებას ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.