პრეზიდენტისა და “ოცნების” ახალი მწვავე დაპირისპირება - რა მოჰყვება ზურაბიშვილის უნებართვო ტურნეს ევროპაში
კანდიდატის სტატუსი და საპარლამენტო არჩევნები - “პიარის თვალსაზრისით, ოპოზიციამ უკვე წააგო”
ევროკომისია ევროპის საბჭოს წინააღმდეგ - როგორი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შიდა შეუთანხმებლობის ფონზე
* * *
პრეზიდენტისა და “ოცნების” ახალი მწვავე დაპირისპირება - რა მოჰყვება ზურაბიშვილის უნებართვო ტურნეს ევროპაში
“მორიგი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის - სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას იწყებს, “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მთავრობის უარი და ნეგატიური პოზიცია პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით ანალიტიკოსებისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ფიქრობენ, რომ “თითქოსდა ეს ვიზიტი იმ საქმეს ემსახურება, რისკენაც მთავრობა მიდის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს”. თუმცაღა იქვე აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, “ოცნებას” პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა აქვს და შესაძლოა ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ოპოზიციური ნარატივით ჩავა - რომ კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხი იმსახურებს და არა საქართველოს ხელისუფლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტისა და “ოცნების” ახალი მწვავე დაპირისპირება - რა მოჰყვება ზურაბიშვილის უნებართვო ტურნეს ევროპაში.
“სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იგი ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. “საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს”, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მთავრობის ადმინისტრაციამ კი ოთხშაბათს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გერმანიის გარდა, საერთო ჯამში პრეზიდენტს კიდევ 9 საერთაშორისო ვიზიტზე ეთქვა უარი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.
“ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. როგორც მდინარაძემ თქვა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტების განსახორციელებლად არ აქვს მთავრობის თანხმობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და ამ კურსის შესაბამისად მოქმედებს. მისივე შეფასებით, ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლაც ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება”, - დასძენს გამოცემა.
“საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმებით გულში მაინც”, - განაცხადა მდინარაძემ. ოპოზიცია კი მმართველი პარტიის პოზიციას გაუგებას უწოდებს. როგორც “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სწორად იქცევა, როცა მთავრობის ნებართვის მიუხედავად მაინც გეგმავს ვიზიტს და პირიქით, პრემიერს აქვს ასახსნელი, თუ რატომ უშლის ხელს პრეზიდენტს”, - წერს სტატიის ავტორი.
“ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით). უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია - რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას. მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! (გაუგებარია) არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას. მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს”, - განაცხადა რაქვიაშვილმა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი,
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის უარი მოულოდნელი არ იქნება, ზურაბიშვილი კი ცდილობს პარტნიორები დაარწმუნოს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება მნიშვნელოვანია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის უარი მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა პრეზიდენტისადმი “ოცნების” უნდობლობაც გასაგებია”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე ცნობილია, რომ “ოცნების” მთავრობა მიანცდამაინც დიდ ინიციატივებს არ იჩენს. მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას არ უერთდება, რუსეთთან სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კრიტიკას იწყებს. ანუ საქართველოს მთავრობის პოზიცია იქ გარკვეუწილად ცნობილია. ის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არაა, ესეც მთავრობის პოლიტიკაში ჯდება. რაც შეეხება ზურაბიშვილის ვოიაჟს, ის ცდილობს, რომ სტატუსის საკითხი როგორმე მოაგვაროს. აქაც ევროპელი პარტნიორებისთვის რაიმე სიახლე არაა, უბრალოდ ზურაბიშვილი რამდენად შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ჩვენთვის სტატუსის მონიჭება აუცილებელია, ეს სხვა თემაა. თუმცაღა, მცდელობა რომ ჩანს და პრეზიდენტი სწორ ნაბიჯს რომ დგამს, ესეც ცალსახა და გასაგებია”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროპული ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ოცნება” მწვავედ გააკრიტიკოს?”- პასუხობს:
“კერძო საუბრებში რა და როგორ იქნება - ეს სხვა თემაა, მაგრამ საჯაროდ არ მგონია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ზღვარს გადავიდეს და რაღაც რადიკალური განცხადებები გააკეთოს. პრეზიდენტი შუალედურ ვარიანტს დაიჭერს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, ზურაბიშვილი საჯარო გამოსვლებში ყოველთვის მოზომილი იყო და ვფიქრობ, რომ ამ ტრადიციას არც ახლა დაარღვევს... ამ ტურნეს შედეგები ასე უცებ არა, მაგრამ მაშინ გამოჩნდება, როცა საბოლოო პასუხზე მიდგება საქმე. ამასთან, გარკვეულ შედეგზე მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა რაღაც განცხადებები გაკეთდება, არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ იმ სახელწმიფოთა მეთაურების მხრიდან, ვისთანაც შეხვედრა იქნება. ალბათ ერთობლივი პრესკონფერენციები იქნება და იქიდან შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ჯერჯერობით შეხვედრებს მყისიერი შედეგები არ ექნება”.
ვერ წარმომედგინა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ასეთი დონის ღრმა უთანხმოება იქნებოდა, რადგან თითქოსდა ეს ვიზიტი იმ საქმეს ემსახურება, რისკენაც მთავრობა მიდის - რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. თუ მთავრობასთან შეთანხმებული არაა და იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომ თითქოს ეს თვალთმაქცობაა და ა.შ., როგორც ჩანს, „ოცნებას" პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა აქვს და მიაჩნიათ, რომ ზურაბიშვილი ისეთ რაღაცას იტყვის, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს, პირიქით კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელს შეუშლის და ევროკავშირში ისეთ განწყობებს გააჩენს, რომ თითქოს სტატუსს მხოლოდ ხალხი იმსახურებს და არა საქართველოს ხელისუფლება. ამ ნარატივს კი ოპოზიცია ავითარებს. თუმცაღა, ამის მიუხედავად, თუ პრეზიდენტი ევროპაში მაიც ჩადის, ეს მისი კერძო ვიზიტია და მას მიიღებენ, როგორც მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სტატუსით”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“როცა ის ოფიციალურად უფლებამოსილი არაა, რომ ეს ვიზიტი განახორციელოს, მაშინ მისი ქმედებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. აქ კი უკვე იურიდიული კოლიზიები ჩნდება და ალბათ ხელისუფლებიდან ვინმე ამაზე კვალიფიციურ კომენტარს გააკეთებს თუ რასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მწვავე განცხადებებს არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ბოლო დროს ფაქტიურად “ოცნების” ოპონენტად გადაიქცა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასეთი განცხადებები გააკეთა, ამით ზურაბიშვილი ზიანს თავის რენომეს მიაყენებს, რადგან გამოდის, რომ ის საკუთარ ეგოს და პოლიტიკურ ინტერესებს აყვა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. არც ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდის, საკუთარ ხელისუფლებას არ აკრიტიკებს. ეს პოლიტიკური კულტურის ძალიან უხეში დარღვევაა და ევროპაშიც კარგ ტონად არ უნდა იყოს აღქმული”, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
კანდიდატის სტატუსი და საპარლამენტო არჩევნები - “პიარის თვალსაზრისით, ოპოზიციამ უკვე წააგო”
“როგორ აისახება დეკემბრის ბოლო საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს მმართველი პარტია დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და მეორეს მხრივ, როგორ გამოიყენებს ოპოზიცია ევროკომისიის შესაძლო უაყოფით პასუხს კანდიდატის სტატუსზე? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ პიარის თვალსაზრისით ამ საკითხში უპირატესობა “ქართული ოცნების” მხარესაა და ამაში ოპოზიცია თავადაა დამნაშავე. მათივე შეფასებით, თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოპოზიციას მთელი პოლიტიკური გეგმები და სქემა, რომელიც ხელისუფლების პრორუსულობაზე აქვს აგებული, დაეშლება. ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის მოქმედი ხელისუფლების გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება. ეს ოპოზიციამ კარგად იცის და ამიტომ შემოდგომიდან ამ თემას ისევ ჩაებღაუჭება, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი შეცდომაა, რადგან კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაშიც კი, “ოცნებას” უკვე ისე აქვს პიარი დალაგებული, რომ პასუხისმგებლობის თავიდა აცილება არ გაუჭრდება. იქნება საპროტესტო გამოსვლებიც, მაგრამ არა იმ სიმწვავის, რომ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვიოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კანდიდატის სტატუსი და საპარლამენტო არჩევნები - “პიარის თვალსაზრისით, ოპოზიციამ უკვე წააგო”.
“ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო სრულად იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ერთადერთი, ვინც ამ გზაზე მას ეღობება, ოპოზიციაა. “ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე. ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, იქნება პოლიტიკური, რაც ნიშნავს შანსებს 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი”, - ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ძალიან რთულია, რადგან საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში აქტიური მუშაობის ნაცვლად, ყველაფერს აკეთებს ქვეყნის შიგნით ევროსკეპტიციზმის გაღვივებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა - ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე ვერ მოგვცემს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მისია შესასრულებელი გვაქვს 2024 წლისათვის - იმისთვის, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვყვეთ, აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება არჩევნების შედეგად შეიცვალოს და ხელისუფლებაში დემოკრატიული, პროდასავლური ძალები მოვიდნენ, ვინც ყველა იმ რეფორმას გაატარებს, რაც აუცილებელია გაფართოების ტალღისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ტალღას ჩვენ ვერ დავეწევით, რადგან რეფორმები და გაფართოებისთვის მუშაობა ხელისუფლების მიზანი არ არის”, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფ “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პიარის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია უკვე წამგებიან პოზიციაშია და ამაში თავადვეა დამნაშავე. მმართველ პარტიას კი, თუნდაც სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები არ ემუქრება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან უკვე წააგო. ავხსნი რას ვგულისხმობ. ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ბოიკოტი გამოაცხადა და პროცესში არ მონაწილეობს. ამასაც კი ხელისუფლება პიარისთვის იყენებს და მათ საწინააღმდეგოდ ამუშავებს. არ ვიცი რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ოპოზიციამ, რომ რეალურად მიხვდნენ სად და რატომ სჯობნის მათ ხელისუფლება. ღმერთმა არ ქნას, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. იქნება რაღაც გამოსვლები, მაგრამ არა იმ მასშტაბის და სიმწვავის, როგორის იმედიც ოპოზიციას აქვს. ხელისუფლებამ უკვე თავის დაზღვევა დაიწყო და ისრები ოპოზიციის მისამართით გადაიტანა. სწორიც არის, რადგან ამის საშუალებას ოპოზიცია თავად აძლევენ. მეორეც, კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ხალხი ამას მხოლოდ ხელისუფლების ჩავარდნად არ გინიხილავს. იტყვიან - კარგი, თუ ხელისუფლება არ იმსახურებდა, ქართველმა ხალხმა ამისთვის ხომ ვიბრძოლეთ, ვიწვალეთ, რატომ არ მოგვცეს, ხომ გვეკუთვნოდა?! ამიტომ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლებას მაინც ექნება თავის გასამართლებელი არგუმენტები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ოპოზიციას მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი დაეშლება. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იქნება რაღაც გამოსვლები, მაგრამ ხელისუფლებამ თუ რაიმე კატასტროფა შეცდომა არ დაუშვა, საპარლამენტო არჩევნებზე მაინც გაძვრება. ხელისუფლების პიარი იმაზეა აგებული, რომ ოპოზიციას სურს სტატუსი არ მოგვცეენ, რათა შემდეგ ეს რევოლუციური სცენარისთვის გამოიყენონ და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. ოპოზიცია კი ამ შეხედულების გავრცელებას თავადვე უწყობს ხელს - დღე და ღამ გაჰყვირის, რომ თუ სტატუსი არ მოვცეს, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო. ოპოზიციას ყველა თემა გაუხუნდა და ხალხს ვერ აჯერებენ, რომ “ოცნებაზე” უკეთესები არიან. ამიტომ ვამბობ, რომ შემდოგომაზე მოსახლეობას რაღაც ახალი უნდა შესთავაზონ. ეს ორი თემა - ხელისუფლების პრორუსულობა და კანდიდატის სტატუსი უკვე გაცვდა, დაიღალა ხალხი ერთი და იგივეს მოსმენით. მათ სჭირდებათ ოპოზიციისგან საქმე და რეალურ პრობლემებზე საუბარი. ხელისუფლება მათ დაჯერებას საკუთარ სიმართლეში უფრო ახერხებს, ვიდრე ოპოზიცია, ეს კი ძალიან ცუდია, რადგან 2024 წელს შესაძლოა ამაზე ცუდი სიტუაცია მივიღოთ, მით უმეტეს, თუ კანდიდატის სტატუსზეც უარი გვითხრეს“, - დაასკვნის ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ ოპოზიცია პიარის თვალსაზრისით უკვე დამარცდა მმართველ პარტიასთან. როგორც მან “რეზონანსს” განიცხადა, კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, საზოგადოებაში იქნება უკმაყოფილება და ოპოზიციაც, ბუნებრივია, შეეცდება ეს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საპროტესტო მოძრაობაში “ნაციონალური მოძრაობა” ერთვება, რა თემასთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული ეს პროტესტი, როგორც წესი, ხალხი მისგან დისტანცირებას იწყებს. “არ ვიცი ამ გაკოტრებულმა და პოლიტიკურად სრულიად განულებულმა ოპოზიციამ რა უნდა მოახერხოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კანდიდატის სტატუსის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან. თუმცა ხალხი გაჰყვება თუ არა - ამაშია საქმე. მოსახლეობა თუ არ აჰყვა, ვერაფერს შეძლებენ”, ამბობს საყვარელიძე, რომელიც თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის თემაზე ხელისფლებამ ნებისმიერ შემთხვევაში პიარის კუთხით ოპოზიციას მოუგო”, - დასძენს გამოცემა.
“მოსახლეობა ხედავს, რომ “ოცნება” მუშაობს, თუნდაც 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ისიც კარგად იციან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მოლდოვასა და უკრაინაზე წინ ვართ რეფორმების კუთხით, თუმცა მაინც უარი გვითხრეს. ეს კი ხალხში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩვენებზე ძალიან დიდი გავლენა ექნება, თუ რა პასუხს მივიღებთ და ეს ღარიბაშვილმა უთხრათ კიდეც ევროპელებს - თუ გსურთ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაცია და ქვეყნაში არეულობის თავიდან აცილება, მაშინ მოგვეცით სტატუსიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე იქნება დამოკიდებული. თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მაშინ ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ამიტომ ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ამ ხალხისთვის საკუთარი, პირადი ინტერესები ყველაზე მაღლა დგას”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ევროკომისია ევროპის საბჭოს წინააღმდეგ - როგორი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შიდა შეუთანხმებლობის ფონზე
“ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე”, - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს წინააღმდეგობა ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ორივე მხარის განცხადებათა შინაარსი და არგუმენტები ლოგიკური და დამაჯერებელია. უბრალოდ, შარლ მიშელს თავისი განცხადება არ შეუთანხმებია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ეს პოლიტიკურად არაკორექტულად ჩაუთვალეს. რეალურად როდის დაიწყება ევროკავშირის გაფართოება, როცა ევროსტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება და რა არის წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი და როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ევროკავშირის პოზიცია, ამაზე ექსპერტები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ უკვე ნათელია 2030 წელი არ იქნება მთავარი და მთავარი იქნება როგორ გაგრძელდება მუშაობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკომისია ევროპის საბჭოს წინააღმდეგ - როგორი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შიდა შეუთანხმებლობის ფონზე.
“ორი დღის წინ სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი და ასპირანტი ქვეყნები “2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის”. მან ისაუბრა მკაფიო, თუნდაც ამბიციური, ვადების დაწესების აუცილებლობაზე, რათა “შენარჩუნდეს სანდოობა”. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ “შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა; ჩვენ კი უნდა ვიმოქმედოთ” და რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ გაფართოებას და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე “დააფიქსირებენ პოზიციას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით... და მე ველი, რომ ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საკითხები დაბრუნდება დღის წესრიგში”. ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღის დასახელება მიუღებელი აღმოჩნდა ევროკომისიისათვის და ეს პოზიცია ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტიმ გაახმოვანა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება “დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად”, - აცხადებს სპინანტი. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ორივე ევროპელული სტრუქტურა მართალია. ამასთან, მისი შეფასებით, გამოჩნდა, რომ ევროკომისიას გაფართოებასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური ხედვა აქვს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს წინააღმდეგობა დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ. უბრალოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოქმედებდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეუთანხმებლად, რაც უბრალოდ პოლიტიკურად არასწორად ჩაუთვალეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“დაპირისპირება არ არის, უბრალოდ ამაზე იქნება მსჯელობა. საქმე ისაა, რომ ორივე მართალია ამ შემთხვეავაში, მაგრამ შარლ მიშელი არ გულისხმობდა იმას, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეასრულონ პირობები და ისე შევიდნენ 2030 წელს ევროკავშირში. უბრალოდ შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ ჩვენ ყველამ რაღაცნაირად უნდა მოვინდომოთ, რომ 2030 წლისათვის ეს ქვეყნები რომლებიც ამდენი ხანია გაწევრიანებას ელოდებიან, გაწევრიანდნენ. დაუმსახურებლად გაწევრიანდნენო არ უთქვამთ. ევროკომისია თავისთავად არის ის ორგანო, რომელიც ამ დამსახურებას ამოწმებს და რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებას დაეხმაროს. ამიტომ მას თავისი შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, უფრო პესიმისტური ხედვა აქვთ და ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გულისხმობდა შარლ მიშელი, 2030 წლისთვის ვერ იქნებიან მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა იქნება. 2023 წლის ოქტომბერში გრანადაში იმსჯელებენ რა თქმა უნდა და რაღაც დასკვნებს გამოიტანენ. შარლ მიშელის წინადადება თუ გავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ გაიზრდება ალბათ დახმარება ამ ქვეყნების მიმართ და გაიზრდება მონიტორინგიც. შეეცდებიან, რომ ამ ქვეყნებში რეფორმები უფრო სწრაფად გატარდეს. მაგრამ თუ ქვეყნები არ იქნებიან თავისთავად დაინტერესებული, ცალმხრივად ეს არ მოხერხდება. სწორედ ამაზე თქვა შარლ მიშელმა, რომ ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ქმედებები”, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.
“მე ამას დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი. ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია. პირდაპირ იყო ნათქვამი ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტის განცხადებაში, რომ შარლ მიშელმა ეს განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციის გარეშე. ევროკავშირის სტრუქტურები კი არიან უბრალოდ წესებზე დაფუძნებული სტრუქტურები და არა ისე, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, როცა ერთი ერთს იტყვის და მერე აღმოჩნდება, რომ ვიღაცასთან არ არის შეთანხმებული. იქ ყველა ასეთი ტიპის განცხადებები უნდა იყოს შეთანხმბული. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ თემაზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება და მისი ვადები”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
„ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება შარლ მიშელს ჩაუთვალეს პოლიტიკურად არასწორად, რადგან ის შეიძლება ქმნიდეს, ერთი მხრივ, არასწორ მოლოდინებსა და ილუზიებს ევროკავშირის ასპირანტ და კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის ევროსკეპტიკურ განწყობილებებს, და მეორე მხრივ ქმნიდეს ზედმეტად ოპტიმისტურ მოლოდინებსაც. გასაგებია, რომ ხვალ ან ზეგ ამ ქვეყნებს ევროკავშირში არ მიიღებენ, იმიტომ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მაგრამ, ჩემი აზრით, კონკრეტული თარიღის დასახელება ჩაითვალა პოლიტიკურად არაკორექტულ გამონათქვამად და ამაზე ჰქონდა რეაქცია ევროკომისიას”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე.
“როგორ ჩამოყალიბდება ევროკავშირის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით ამ წინააღმდეგობის ფონზე? ეს ძალიან რთული კითხვაა. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია. არ ვიცით წინასწარ რა ძალები გაიმარჯვებენ და როგორ გადანაწილდება თანამდებობები, ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებში რა ადამიანები მოვლენ და ა.შ. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ ზოგადი განწყობებით, რასაც ახმოვანებენ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები, როგორც ჩანს, გაფართოების პოლიტიკა, შეიძლება პრაქტიკულად გადაწყვეტილად ჩაითვალოს. „მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორი იქნება გაფართოების რიგითობა. ჩემი აზრით, ჯერ უნდა დასრულდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების აბსორბირება, შარლ მიშელის სიტყვები რომ გავიმეოროთ, და ამის შემდეგ დადგება უკვე სხვა ქვეყნების ჯერი და სულ ბოლოს იქნება საქართველო”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.