„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიშა ბოლქვაძე ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხოლოდ წელს ხელვაჩაურის მერიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი კომფორტისთვის ნახევარი მილიონი დახარჯა.
მან დღევანდელ ბრიფინგზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, კომფორტი მოიკლონ, ყურადღება მიაქციონ როგორც მოქალაქეებს, ასევე ხელვაჩაურსა და აჭარის რეგიონს.
„გინდა კიდევ ერთხელ გაცნობოთ, თუ რაში ხარჯავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის მიერ შევსებულ ბიუჯეტს. ჩვენ ხელთ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლითაც ირკვევა, რომ მხოლოდ წელს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი დახარჯა საკუთარი კომფორტისთვის მაშინ, როდესაც „რუსული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ათასზე მეტ გაჭირვებულ ოჯახს გაუუქმდა სოციალური დახმარება, მაშინ, როცა ყოველდღიურად ღარიბდებიან ჩვენი მოქალაქეები, „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა გააგრძელოს გულაობა სახელმწიფო ბიუჯეტით. მინდა მივმართო მათ, ეს თქვენი გულაობა დიდხანს ვერ გასტანს, ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში, ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ჩვენს სოფლებში ნაგვის ნარჩენებთან დაკავშირებით გვაქვს, დაუყოვნებლივ გამოასწორეთ. სოფლებში არასაკმარისი ნაგვის ბუნკერების გამო, იმის გამო, რომ არ გყავთ ავტომობილები, რომლებიც დროულად გაიტანენ ნარჩენებს, არის სრული ანტისანიტარია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თქვენი კომფორტისთვის კი არ შეიძინოთ ავტომობილები, შეიძინეთ ნაგვის გასატანი ავტომობილი, რომელიც მოემსახურება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას. ეს ბიუჯეტი შევსებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს. თქვენ პირადად გიხდიან ხელფასს ჩვენი მოქალაქეები და ბიუჯეტი მორგებული იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. ის, რომ დამატებით სხვადასხვა კორუფციული გზით შოულობთ მილიონებს, დამატებით კიდევ ნუ ეცდებით ბიუჯეტით შეიძინოთ ავტომობილები. წელს უკვე 9 ერთეული შეიძინეთ, ეს არის „რენოს“ და „ფიატის“ ტიპის ავტომობილები, რომლითაც თქვენ დასეირნობთ და „დაგულაობთ“, ამიტომ პირადად მივმართავ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც პალმის კუნძულსაც კი გვპირდებოდა. რისი შემსრულებლები და რისი გამკეთებლები ხართ, მაშინ, როცა ნაგავიც კი ვერ გაგიტანიათ სოფლებიდან, რისი შემსრულებლები ხართ მაშინ, როცა თქვენი პარტიული აქტივი და თქვენ პირადად „გულაობთ“ ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, დროულად მოეგოთ გონს, თქვენი კომფორტი მოიკლოთ, მიქციოთ ყურადღება მოქალაქეებს, ხელვაჩაურსა და აჭარის რეგიონს“, - მიმართა მიშა ბოლქვაძემ თორნიკე რიჟვაძეს.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.