გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთანაა ნაზიარები აქტივობები, რომელსაც ახორციელებს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს - რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება ბილწია და ამ სიბილწესთან არის ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტს ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოეყენებინა ამისთვის, ისევე როგორც 26 მაისს გამართული ღონისძიება.

"კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან ასეთი უხეში თამაში პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ყოველთვის ვთვლიდით, რომ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირების იმ ხარისხში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას პრობლემა შეუქმნას. მაგრამ წარმოიშვა არანაკლებ სერიოზული პრობლემა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებენ, როცა ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს აქვთ საუბარი სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე.

რასაკვირველია, თუკი ხმის მიწვდენა უნდა პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებისთვის, პარლამენტის ტრიბუნაც შეიძლება გამოყოფილიყო და მრავალი ელჩის მონაწილეობით ის საზეიმო ტრიბუნაც, 26 მაისს ფიცის დადების ცერემონიალი მაქვს მხედველობაში.

საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩანს ის, რომ დაპირისპირება არსებობს პოლიტიკურ ძალთა შორის და პრეზიდენტს პოზიცია უკავია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ნარატივს იმეორებს, ამას წყალი არ გაუვა და ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი. ამას გუშინ თვალთმაქცობა ვუწოდე, რომ ერთი მხრივ, ისაუბრო სურვილზე, საქართველომ მიიღოს სტატუსი და მეორე მხრივ ყველა განცხადებას აკეთებდე და ყველა მოქმედებით აჩვენებდე, რომ ასეთი სტატუსი საქართველომ არ უნდა მიიღოს და იმეორებდე იმ ფორმულას, რომელიც ახლა შემოგვთავაზეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა. ესაა თვალთმაქცობა, რბილად რომ ვთქვათ. პოზიციათა სხვაობა, რაც არ უნდა იყოს, ზედმიწევნით უნდა იყოს გათვლილი და მთავრობა წყვეტს მისცეს თუ არა ამ საკითხებზე საუბრის მანდატი პრეზიდენტს. უნდა იყოს შეჯერებული პოზიცია (მთავრობას და პრეზიდენტს შორის), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი მიდის იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას დაუპირისპირდეს და ამას სხვა ინტერპრეტაცია, სხვა კომენტარი და სიტუაციიდან გამოძრომის ნებისმიერი მცდელობა არ ესადაგება", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ჰაერიდან მოტანილი თემებია რუსეთისთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ოპოზიციას სურს მსგავსი აღქმა გააჩინოს ახალგაზრდებში.

"ყველაფერი ჰაერიდან მოტანილია, თუნდაც ჩინეთის მაგალითი ავიღოთ, როცა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი მონათლულ იქნა ისე, თითქოს საგარეო ვექტორი იცვლება მაშინ, როცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპა საუბრობს, რომ ვისაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, გააღრმაოს, ხოლო აშშ საკმაოდ ინტენსიურ დღის წესრიგთან გადავიდა ჩინეთთან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ეს ერთი საკითხი კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამდენად ბილწია თავის ორმაგი სტანდარტებით რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება, მათი კომენტარები, რომ გააჩინონ აღქმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თითქოს ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება და ამ სიბილწესთან არის ახლა ნაზიარები ის აქტივობები, რომელიც დაგეგმა და რომელსაც ახორციელებს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, "ქართული ოცნების" მძლავრი მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი. სამწუხარო ფაქტია, რომ ამდენი გამოწვევების შუაში მდგომ ქვეყანას კიდევ ერთი დამატებით ცხელი წერტილი უნდა შეუქმნას და ამ სტრატეგიის მონაწილე ხდება საქართველოს პრეზიდენტი",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს