ანა წითლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად

პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ასევე, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფაროს - იგივე შოვის ტრაგედიასთან,– ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ვინმე ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის.

„ქართული ოცნების“ პირობებში არაფრის გამორიცხვა შეიძლება, რადგან ვიცით როგორია მისი მეთოდები. თუ ოპოზიციიდან ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა ოპოზიციის. თუმცა ეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მაშინ, როდესაც საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი ნათელია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია ექნება და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპული კურსი დააზიანოს. მეორე მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაფაროს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. იგივე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ერთი თვის განმავლობაში, გვაყურებინებს აი ამ სპექტაკლს საქართველოს პარლამენტში, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია, რომელსაც რეალურად, ამ მოცემულობით, პერსპექტივა არ აქვს,“ - აცხადებს ანა წითლაძე.

ანა წითლიძემ ასევე ისაუბრა ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ეს ფაქტი იმის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება 11 წელია აკეთებს.

„ის 11 წელია ძალადობაზე დგას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველას თავს ესხმის. „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის მთავარი სამიზნეა, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ფორპოსტია ევროპულ გზაზე. ამიტომ, რაც ჩოხატაურში მოხდა, მანამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რაც მოხდა, თავდასხმები ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე, ეს არის ის, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ხელისუფლებას ეკისრება. ეს არის ის, რაც დამახასიათებელია „ქართული ოცნებისათვის“. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ძალადობით შესაძლებელია ვიღაცამ უკან დაიხიოს, მაგრამ 11 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის საპირისპიროს ვაჩვენებთ.

საარჩევნო წელი იწყება და მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ პირობებში, მსგავსი ტიპის შემთხვევები გაათმაგებული იქნება, რადგან გარდა ძალადობისა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია და მოლოდინი იმისი, შსს დააკავებს თუ არ დააკავებს თავდამსხმელებს და ეს ადამიანები რეალურად დაისჯებიან თუ არა ძალადობის გამო, ჩვენ არ გვაქვს. გვახსოვს წინა შემთხვევები, როდესაც ვიღაცები ფორმალურად დაუკავებიათ, თუმცა შემდეგ გირაოთი გაუშვიათ და ეს მოძალადეები ისევ ქუჩაში ყოფილან,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი