ნატალი საბანაძე - სახეზეა დემოკრატიის მოშლის აქტიური მცდელობა დემოკრატიული მეთოდებით,  საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ამოცანაა დღეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სეზონის წინ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ. იმედია ამას მოვახერხებთ, მაგრამ, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, გვერდს ვერ აუვლით თემას რომელთაც გასული კვირა დასრულდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება დააანონსა.

ამ თემაზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ კომენტარები უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე სამართლებრივი. გასაგებია, რომ მმართველი გუნდის მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები აქვს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ქვეყნის ინტერესები ზარალდება.

გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მთავრობის განმარტებაც თემაზე, რატომ არ მისცა მას ევროპაში ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა, დამაჯერებლად არ გამოიყურება. რადგან იმპიჩმენტის ალბათობა საკმაოდ დაბალია, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კომპანია კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ რეალობას? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტთან დაკავშირებით დაწყებულ ისტორიას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებმაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭონ?

- პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა არის სიმპტომატური იმ პოლიტიკური გარემოსი რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც მკვეთრად პოლარიზებული, მზარდად ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული. მე ავხსნი რატომ ვიყენებ სწორედ ამ ტერმინს. მას აქვს ალბათ რამდენიმე მხარე რომელიც ზედაპირზე დევს, კონსპირაციული ფარული გეგმების არც მწამს და არც არის ამ შემთხვევაში საინტერესო, ეს არის პოლიტიკური, სამართლებრივი და ალბათ პერსონალურიც.

სამართლებრივად მიდის დავა კონსტიტუციონალისტებს შორის, მართლა დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, ტექნიკური, ვიწროდ ტექსტობრივი წაკითხვა გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვთქვათ რომ პრეზიდენტმა არ მიიღო მთავრობისგან თანხმობა და არსად წასვლის უფლება არ ჰქონდა.

უფრო ფართო, კონტექსტური წაკითხვა რომელიც ასევე გაითვალისწინებს 78-ე მუხლს და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს წარმოადგენდეს ქვეყანას საზღვარგარეთ, ნაკლებად ცალსახა სურათს ქმნის და კითხვის ქვეშ აყენებს მთავრობის უარის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

მაგრამ, კონსტიტუციაზე დავით ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ იმ მთავარი, პოლიტიკური ასპექტისგან რაც ამ ისტორიის ახლავს. განსჯის საკითხი აქ არა აბსურდული იმპიჩმენტი უნდა იყოს, არამედ მთავრობის უარი პრეზიდენტის ვიზიტებზე როცა ამ ვიზიტების გაცხადებული მიზანი არის ლობირება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

კონსტიტუციაზე დავით ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ იმ მთავარი, პოლიტიკური ასპექტისგან რაც ამ ისტორიის ახლავს. განსჯის საკითხი აქ არა აბსურდული იმპიჩმენტი უნდა იყოს, არამედ მთავრობის უარი პრეზიდენტის ვიზიტებზე როცა ამ ვიზიტების გაცხადებული მიზანი არის ლობირება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის

ყველასთვის ნათელია, მოგწონს ქალბატონი სალომე თუ არა, რომ ამ საქმეს ყველაზე კარგად სწორედ ის გააკეთებს ნებისმიერ სხვა მთავრობის პირთან შედარებით. მას აქვს ინსტიტუციური, პრეზიდენტობიდან გამომდინარე და პერსონალური, მისი პირადი გამოცდილებიდან და კავშირებიდან გამომდინარე წონა საამისოდ და მას სურს ამის გამოყენება. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისთვის ევროპაში ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ხელის შეშლა უდრის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას და აქ ბევრი მარჩიელობა რაა საჭირო.

მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისთვის ევროპაში ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ხელის შეშლა უდრის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას და აქ ბევრი მარჩიელობა რაა საჭირო

აქვე დავამატოთ პერსონალური საკითხიც, რომელიც ასევე სიმპტომატურია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის და რომელიც გულისხმობს პირადი სიმპათიებით ხელმძღვანელობას თუნდაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

გასაგებია რომ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არის ღია, პერსონალური დაპირისპირება. პრეზიდენტმა არ გაამართლა მმართველი გუნდის იმედები და არ იქცა მათ მიერ მართულ თოჯინად. ამიტომ მისი საქციელის არაკონსტიტუციურობაზე აპელირება, მის პირად დისკრედიტაციასაც ემსახურება, თუმცა, ეს პირიქით მოტრიალდება.

გასაგებია რომ ევროპელი პარტნიორები მას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ და მთავრობის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება მისი ზოგადი პოლიტიკური მნიშვნელობის შესაბამისად.

აქვე ღირს დავამატოთ რომ კარგი მომენტია ვიმსჯელოთ კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზე. როგორც იცით, მომავალი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი. ეს სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო მოდელთან რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაგრამ მოდელის ხარისხს განსაზღვრავს კონტექსტი.

კარგი მოდელი, შეუსაბამო კონტექსტში ვერ იმუშავებს. საქართველოში სადაც სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი მოშლილია, სადაც ერთი პარტიის დომინირების ტრადიციაა და კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ არის, დამოუკიდებელი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია დემოკრატიული სისტემის დასაცავად. ეს ეპიზოდი ამაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ჩემი აზრით ეს საკითხი განხილვას იმსახურებს.

საქართველოში სადაც სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი მოშლილია, სადაც ერთი პარტიის დომინირების ტრადიციაა და კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ არის, დამოუკიდებელი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია დემოკრატიული სისტემის დასაცავად. ეს ეპიზოდი ამაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ჩემი აზრით, ეს საკითხი განხილვას იმსახურებს

- საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, ამ ზაფხულში საშინაო პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმაც, მხედველობაში მაქვს შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე და სულ ახლახან დიდი წვიმის გამო დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების გაუგებარი რეაქცია.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნიდან ბევრი ხალხი გავიდა, ბევრიც წასვლას აპირებს, მეზობელი, ოკუპანტი რუსეთიდან კი მიგრანტთა რიცხვი იზრდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა არა თუ იზრდება, დუღს კიდეც, მაგრამ, რატომღაც, ეს არც სამომხმარებლო კალათის პროდუქტების ფასებს ეტყობა და არც ხალხის უმრავლესობის ჯიბეებს.

ამ ფონზე რუსული ბიზნესი წარმატებით აგრძელებს ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობას, ამის პარალელურად კი იზრდება საქართველოს ეკონომიკის რუსულ სანქცირებულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2023 წლის ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას?

- დავიწყებ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკით რომელიც ჩემი აზრით კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შეუზღუდავი შემოშვება იყო და არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. ამით მათ შეძლეს კოვიდით გამოწვეული მძიმე შედეგების გარკვეულ წილად გადაფარვა. რუსი მოქალაქეების შემოსვლით იხეირა საბანკო, მომსახურების, სამშენებლო სექტორებმა. ასევე მოსახლეობის იმ ნაწილმა ვინც კოვიდამდელი ტურისტული ბუმის იმედად საკუთარი რესურსი ჩადო გასაქირავებელი ფართების შესაძენად და გასამართად.

შესაბამისად, კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი თითქოს თავიდან ავიცილეთ. მაგრამ ეს არ არის მდგრადი, განვითარებაზე მიმართული ეკონომიკური პოლიტიკა, ეს უფრო მოკლე ვადიან ეკონომიკურ ავანტიურას ჰგავს, რომლითაც მოსახლეობის უმეტესობა კი არ ხეირობს არამედ ზარალდება.

რუსი მოქალაქეების შემოსვლით იხეირა საბანკო, მომსახურების, სამშენებლო სექტორებმა. ასევე მოსახლეობის იმ ნაწილმა ვინც კოვიდამდელი ტურისტული ბუმის იმედად საკუთარი რესურსი ჩადო გასაქირავებელი ფართების შესაძენად და გასამართად... ეს უფრო მოკლე ვადიან ეკონომიკურ ავანტიურას ჰგავს, რომლითაც მოსახლეობის უმეტესობა კი არ ხეირობს არამედ ზარალდება

რუსული მიგრაციას წახალისებას ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ზოგადად ჯდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის კონტექსტში. აქვე აღსანიშნავია რომ საქართველო არ იქცა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა თავშესაფრად, პირიქით მათ სწორედაც რომ პრობლემები ექმნებათ საზღვარზე. რეალურად საქართველოში იქმნება ახალი ეროვნული უმცირესობა, რომელსაც, როგორც ყველა უმცირესობას, იმის და მიუხედავად მიგრაციის შედეგად შეიქმნა ის თუ ისტორიული გადანაწილების შედეგად, აქვს თავისი უფლებები და მოთხოვნები.

მათი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, აქ იგულისხმება განათლება მშობლიურ ენაზე, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა და სხვა.

რუსული მიგრაციას წახალისებას ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ზოგადად ჯდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის კონტექსტში... რეალურად საქართველოში იქმნება ახალი ეროვნული უმცირესობა, რომელსაც, როგორც ყველა უმცირესობას, იმის და მიუხედავად მიგრაციის შედეგად შეიქმნა ის თუ ისტორიული გადანაწილების შედეგად, აქვს თავისი უფლებები და მოთხოვნები

მე დიდ ხანს ვმუშაობდი ეროვნული უმცირესობების უფლებებზე ამიტომ დისკრიმინაციას ეროვნული ნიშნით რა თქმა უნდა არ ვემხრობი. უბრალოდ, არ შეიძლება არ ვთქვა რომ რუსული უმცირესობა, მოსკოვის ხელში პოლიტიკური ზეწოლის კარგად დაცდილი ინსტრუმენტია. შესაბამისად დასაფიქრებელია რა გრძელვადიანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალი რუსული უმცირესობის გაჩენას საქართველოში.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ხდება საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე. მე ამაშიც პოლიტიკურ პრობლემას ვხედავ, რადგან ქვეყნიდან გადის ახალგაზრდა ხალხი რომელიც დემოკრატიული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ხდება საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე. მე ამაშიც პოლიტიკურ პრობლემას ვხედავ, რადგან ქვეყნიდან გადის ახალგაზრდა ხალხი რომელიც დემოკრატიული ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს

ეს ის ხალხია რომლის პოლიტიკური მოთხოვნაა ადამიანის უფლებები, პირადი თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები. სწორედ ამის ძიებაში გარბიან ისინი საქართველოდან და შესაბამისად სუსტდება დემოკრატიული ტრანსფორმაციის იმპულსი ქვეყანაში.

- საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ახალ პოლიტიკურ სეზონზე სხვადასხვა ამოცანები აქვთ დასაძლევი და გადასაწყვეტი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას.

იმ რეალობების გათვალისწინებით რაც ჩვენში რეალურად არსებობს და ჩამოყალიბებულია, სავარაუდოდ, რა პრობლემები აქვს გადასაწყვეტი ხელისუფლებას, პოლიტიკური ძალებსა და საზოგადოებას?

- ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ზედიზედ მეოთხედ მოიგოს არჩევნები ან „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად, რაც პროპორციული არჩევნების პირობებში რთულია, ან მის მიერ შექმნილ პარტიასთან ერთად კოალიციაში, როგორიცაა მაგალითად „ხალხის ძალა.“ ყველა ნაბიჯი რომელსაც ხელისუფლება დგამს ამ ბოლო პერიოდში, ემსახურება ქვეყანაში ჰიბრიდული, ანტი-დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას რომელსაც აქვს დემოკრატიულობის ფასადი მაგრამ ავტორიტარული შინაარსი.

ეს არის უნგრეთის ტიპის რეჟიმი, და ასეთები ძალიან მომრავლდა მსოფლიოში, სადაც არჩევნები იმართება, დემოკრატიული თამაშის წესები თითქოს არ იცვლება, მაგრამ სათამაშო მოედანი იმდენად არათანაბარია, რესურსების კონტროლი და კონცენტრაცია იმდენად დიდია ხელისუფლების ხელში, რომ რეალურად სახელისუფლებო პარტიას წარმატება სტრუქტურულად გარანტირებული აქვს.

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ზედიზედ მეოთხედ მოიგოს არჩევნები ან „ქართულმა ოცნებამ“ სუფთად, რაც პროპორციული არჩევნების პირობებში რთულია, ან მის მიერ შექმნილ პარტიასთან ერთად კოალიციაში, როგორიცაა მაგალითად „ხალხის ძალა.“ ყველა ნაბიჯი რომელსაც ხელისუფლება დგამს ამ ბოლო პერიოდში, ემსახურება ქვეყანაში ჰიბრიდული, ანტი-დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას რომელსაც აქვს დემოკრატიულობის ფასადი მაგრამ ავტორიტარული შინაარსი

ასეთი ჰიბრიდული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ღიად ავტორიტარულის წინააღმდეგ. ისინი იყენებენ დემოკრატიულ ბერკეტებს, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობა, იმისთვის რომ შექმნან არადემოკრატიული მმართველობის სისტემა. ამიტომ გამოვიყენე თავიდან სიტყვა ანტი-დემოკრატიული ჩვენს რეალობასთან მიმართებაში.

სახეზეა დემოკრატიის მოშლის აქტიური მცდელობა დემოკრატიული მეთოდებით. შესაბამისად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დღეს და ამავდროულად, ყველაზე დიდი გამოწვევა.

სახეზეა დემოკრატიის მოშლის აქტიური მცდელობა დემოკრატიული მეთოდებით. შესაბამისად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დღეს და ამავდროულად, ყველაზე დიდი გამოწვევა

სამწუხაროა რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ასეთი მყიფე აღმოჩნდა. ჩვენ არასოდეს არ გვყოლია ჩვენი ვაცლავ ჰაველი. არ გვყოლია ხელისუფლებაში პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა რომლის მთავარი მიზანი სწორედ გამართული, ინსტიტუციური დემოკრატიის შექმნა იქნებოდა და არა სისტემის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორგება.

ამასთან ერთად ქვეყნის საგარეო კურსის გასწორება არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ლოგიკურია ჰიბრიდული, ანტი-დემოკრატიული რეჟიმისთვის ეძებოს მსგავს რეჟიმებთან პარტნიორობა და ალიანსი. შესაბამისად და ბუნებრივად ხდება დემოკრატიულ დასავლეთთან პარტნიორობის შესუსტება.

- როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ აუცილებლად ვისაუბრებდით თუნდაც ცხელ ზაფხულში იმ პოლიტიკურ პროცესზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

სწორედ ამ ზაფხულში მოეწერა ხელი ჩინეთსა და საქართველოს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას ქვენების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

და ეს ყველაფერი ხდება ვითარებაში, როცა წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საუბრისას, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვით - „ჩვენგან ჩვენი პარტნიორები ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა“.

კი გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საგარეო კურსში ცვლილებები მომხდარი არაა და წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ გაქვთ განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დასავლელი პარტნიორების დასარწმუნებლად რომ ქვეყნის საგარეო კურსში ცვლილებები არ მომხდარა?

- ჩემი აზრით ქვეყნის საგარეო კურსი შეცვლილია და აქ კითხვის ნიშანი არ დგას. ეს არ არის გაცხადებული ცვლილება, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. ამ ცვლილების თანმდევი არის მისი უარყოფა. კურსი იცვლება, მაგრამ არა ღიად არამედ ცვლილების უარყოფით.

ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებით, საქართველო ფაქტობრივად გადადის ე.წ. მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე. ამის ნაწილია, რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, დასავლეთის მიღმა მოკავშირეების ძიება და სხვა.

ქვეყნის საგარეო კურსი შეცვლილია და აქ კითხვის ნიშანი არ დგას. ეს არ არის გაცხადებული ცვლილება, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. ამ ცვლილების თანმდევი არის მისი უარყოფა. კურსი იცვლება, მაგრამ არა ღიად არამედ ცვლილების უარყოფით

ეს თავისთავად ცვლილებაა იმ ცალსახად პრო-დასავლური კურსისგან რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ალბათ ყველაზე მდგრადი მახასიათებელი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, საქართველო არ აწარმოებდა დაბალანსების პოლიტიკას არამედ პირიქით, დაუბალანსებლად პრო-დასავლური იყო. ეს ეფუძნებოდა იმის აღქმას რომ სუვერენული საქართველოსთვის ეგზისტენციალური რისკები მოდის რუსეთიდან და ინსტიტუციურ დასავლეთში ინტეგრაცია იყო ამ რისკების შემცირების და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი და უალტერნატივო გზა.

დღეს ჩვენ ვხედავთ რომ დასავლური გზის უალტერნატივობის შესახებ ნარატივი შეცვლილია. გვეუბნებიან რომ სხვა ძალებიც არსებობენ მსოფლიოში, სხვა მოდელებიც კარგად ფუნქციონირებენ, თუნდაც ჩინური ან რუსული თავისი მართული სუვერენული დემოკრატიით.

დღეს ჩვენ ვხედავთ რომ დასავლური გზის უალტერნატივობის შესახებ ნარატივი შეცვლილია. გვეუბნებიან რომ სხვა ძალებიც არსებობენ მსოფლიოში, სხვა მოდელებიც კარგად ფუნქციონირებენ, თუნდაც ჩინური ან რუსული თავისი მართული სუვერენული დემოკრატიით

პრემიერის მხრიდან ჩინური მოდელის და ჩინეთის ლიდერის ქება-დიდებაც ამაზე მეტყველებს. ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან იდეოლოგიურად კონსერვატიულ-პოპულისტურ ბანაკში გადაბარგებას. ეს თავისი არსით ევროსკეპტიკური ბანაკია, რომელსაც ასევე ახასიათებს რუსეთის მიმართ სიმპათიები.

ეს გასაგებიც არის, რადგან ამ იდეოლოგიური ბანაკის ინტელექტუალური და ფინანსური ცენტრი სწორედ მოსკოვშია.

ამავე დროს საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს, უფრო სწორედ პროცესის იმიტაციას. ამ პროცესის მთავარი და რეალური მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირის, როგორც კლუბის, წევრობაა, არამედ მიზანი დემოკრატიული ტრანსფორმაციაა.

საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს, უფრო სწორედ პროცესის იმიტაციას

სწორედ ამას ემსახურება ის 12 რეკომენდაციაც. ჩვენი მთავრობა რეკომენდაციების შესრულების იმიტაციით არის დაკავებული. მაგალითად მათ გაიტანეს დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ერთის მხრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, კანონი ხომ მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, თავისი შინაარსით და მიზნით ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიულ პრინციპებს ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების არსს. ეს არის კანონი, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის ხელისუფლებას შეავიწროოს და პერსონალური წნეხის ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მისი მხარდამჭერიც.

ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვანიჭოს და ამავე დროს მოახდინოს პირობების ისეთი ფორმულირება, რომელიც მხოლოდ იმიტაციის საშუალებას არ მისცემს ხელლისუფლებას და რეალურ რეფორმებს შეუწყობს ხელს

კრიტიკაზე პასუხია რომ, უკრაინის კანონი გადმოვწერეთ და რა არ მოგწონთ. ესეც იმიტაციის ნათელი მაგალითია. ნებისმიერ კრიტიკაზე პასუხია რომ სხვისი გადმოვიღეთ. ეს არის ლეგიტიმაციის წყარო, ეს იყო პასუხი აგენტების კანონზეც.

დეპოლარიზაციას რაც შეეხება, პასუხი არის ის რომ არსად არ გვინახავს, გვაჩვენეთ და გადმოვიღებთ. ნათელია რომ ჩვენი იმიტაციის პოლიტიკა და ის რასაც ევროკავშირი რეალურად ელის ჩვენგან ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამ კონტექსტში, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის არ მიცემა საქართველოს ვერ მოაბრუნებს გადახვეული კურსიდან. პირიქით, მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტი შესუსტდება. ამიტომ ალბათ, ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვანიჭოს და ამავე დროს მოახდინოს პირობების ისეთი ფორმულირება, რომელიც მხოლოდ იმიტაციის საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას და რეალურ რეფორმებს შეუწყობს ხელს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო