დავით კეზერაშვილი, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად დავაყენებთ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფრის სათავეში დგას დავით კეზერაშვილი.
„კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი აშშ-ს, რომ იქ დღემდე მოქმედებს რუსული კანონი და სწორედ ამ რუსული კანონის წყალობით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია „ფორმულასთან“ , ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების თაობაზე. გახსოვთ, ხშირად ისმოდა იქ ნახსენები გვარები, რაღაც ჩერჩილი და ა.შ. ამბობდნენ, რომ აი, დამოუკიდებელი ექსპერტი, თუ პოლიტიკოსი და ა.შ. როგორ ღელავს საქართველოს ბედზე. აღმოჩნდა, რომ თურმე, ის ღელავს ლობისტურ კონტრაქტზე, რომელშიც ის არის ნახსენები. ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში ისინი ჩართულნი არიან ასეთ ქმედებებში, რომელიც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წინააღმდეგ, არამედ ეს ლობისტური კონტრაქტორი მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა, არავისთვის არის გასაკვირი. ამ ყველაფრის სათავეში დგას კეზერაშვილი. რატომღაც ეს ოლიგარქი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა,მუდმივად დავაყენებთ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს. მისი თქმით, ძირითად, ორი თემა რჩება - დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს თემა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით შესაბამისი შედეგი ორ კვირაში იქნება.
„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, იცით, რომ ამ თემაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. კანონპროექტი შევიმუშავეთ, ორი მოსმენით უკვე მივიღეთ და დარჩენილი იყო მესამე მოსმენა. ეს კანონპროექტი ზუსტად შეესატყვისებოდა უკრაინულ ვარიანტს, მოლდოვამაც ასევე ანალოგიური ვარიანტი შეიმუშავა. თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს, რომ უკრაინული კანონი, რომელსაც მანამდე ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ, მიუღებელია. ამის გამო გვთხოვეს, აღარ მიგვეღო ეს კანონი, მიგვეღო რაღაც სამოქმედო გეგმა და ახლა ვმოქმედებთ ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით. სწორედ ამის მიხედვით შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რატომ ახლა? ამას მარტივი ახსნა აქვს. რეალურად, უკვე იწყება შეფასების დოკუმენტის მომზადება, შესაბამისად, რაც ადრე გავაკეთებდით უკეთესია, ამ პრინციპით ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ დოკუმენტში, რომელიც ოქტომბრისთვის მომზადდება. ასევე არის სხვა თემებიც, რაზეც მუშაობა გაგრძელდება, იგივე სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი. ძირითად, ეს ორი თემა რჩება- დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს თემა. ყველაფერთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება დეკემბრის შესაბამის რიცხვამდე, როცა ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ყველ შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება. დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ორ კვირაში გვექნება შესაბამისი შედეგი. სასამართლოსთან დაკავშირებით გარკვეულ მინიშნებებს ველოდებით ევროპიდან და ოქტომბერში გაგრძელდება ეს პროცესი. ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ“,- განაცხადა კობახიძემ.