ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე და სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

მან ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდა, უმრავლესობა დატოვონ.

"გუშინ ტელეკომპანია " პირველმა" გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენები, რომელზეც ვსაუბრობთ და ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, რესტორანი, სადაც მეუღლეს დაბადების დღე გადაუხადა, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს მისი 300 000-ლარიანი მაჯის საათი, ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული 2 ავტომობილი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან და ა.შ. ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა და არავინ ამაზე პასუხს არ აგებს, არც თავად ფიქრობს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში. მისი გადადგომის შემდეგ, წულუკიანს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი თუ მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, ამით ქართველ ხალხს არაფერი გამოუსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, ირაკლი შოთაძე, მინდა მას ვუთხრა: თუ ახლა კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი.

ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის დაკავებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ "რედ ბული" უყიდა, ვარცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და 2 პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, " რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ. ამ ქვეყანაში ერთადერთ შემთხვევაში შეიცვლება რეალობა, თუ "რუსული პარტიის" უმრავლესობა დაიშლება და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება. თუ ამას "რუსული პარტიის" პარლამენტის წევრები არ გააკეთებენ, ჩვენი ხალხის გასაკეთებელია",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო