ბექა ბასილაია - წარმომადგენლობითი, მათ შორის ფრენების ხარჯების გამო მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ბრალი აქვთ წარდგენილი და ჯანაშიას მთელი ქონება დაყადაღებულია - ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეგვაქვს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია და მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. განცხადებას გენერალურ პროკურატურაში ადვოკატი დღეს, დღის განმავლობაში შეიტანს.

როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები სახეზეა, თუმცა, მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს არის კორუფცია, თუ გაფლანგვა.

ადვოკატის განცხადებით, პრემიერმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ქონება გამოიყენა და ხარჯი, რომელიც მიუნჰენში სპეციალური რეისით გაფრენას დასჭირდა, სდსს-ის მხრიდან იქნა დაფარული.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი, დადგინდა, რომ აღნიშნული რეისის ხარჯი ვინმეს მიერ დაიფარა და არა სახელმწიფოს მხრიდან, საქმე კორუფციას ეხება.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში განცხადება შეგვაქვს. ეს დანაშაულებია გაფლანგვა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება სამოხელეო დანაშაულთა კანონით გათვალისწინებული ქმედებებით. „ქართულმა ოცნებამ“ ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება დაიწყო იმით, თითქოს, რეისი, რომელიც კერძო მიზნებით სახელმწიფო ქონების გამოყენებით შესრულდა და მრავალი ათეული ათასი ლარი დაჯდა, ვიღაცის ჯიბიდან დაიფარა. ეს გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სიტყვიერ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ვერ დავეყრდნობით, როცა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები ჩანს. თუნდაც, დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდა, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც არანაკლები სიმძიმის დანაშაულია, ეს არის კორუფციული დანაშაული.

დანაშაული ცალსახად ჩადენილია, მთავარია, რა კვალიფიკაცია დადგება - ეს გაფლანგვაა, თუ კორუფცია. ყველა შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს. თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ნაცვლად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება აწარმოოს, ქცეულია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებების შემსრულებლად”, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, ფრენების ხარჯი ფიგურირებს ე.წ. პიჯაკების საქმეშიც, რომელზეც ბრალდებულები - სდსს-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არიან.

„პიჯაკების“ საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას, საქართველოს გენერალ მაიორს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებათ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა, მათ შორის, ფრენის ხარჯები. განსხვავებით ღარიბაშვილის შემთხვევისა, მიხეილ სააკაშვილის ფრენები რეალურად სახელმწიფოს მიზნებიდან გამომდინარე იყო. მაგალითად, როცა ისინი საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ევროპაში ჩაფრინდა კურორტზე, როცა საუბრობენ, რომ ამერიკაში, ავღანეთში ჩაფრინდა სააკაშვილი და ამაზე ბრალდებებია წარდგენილი, უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი ევროპაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხვდებოდა, ეს იყო არაფორმალური შეხვედრა, მაგრამ სახელმწიფოებრივი შინაარსის შეხვედრა. რაც შეეხება ამერიკას, რაც ბრალშია წარდგენილი, საჯაროდ, კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილი სენატორ ბაიდენს ხვდებოდა, ავღანეთში კი, ქართველ სამხედროებს შეხვდა. ამ ფაქტებზე, მხოლოდ იმიტომ რომ, ეს იყო არაპროტოკოლური, წინასწარ დაუწერელი შეხვედრა, ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს, ბრალი აქვთ წარდგენილი, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუკი, რამე ებადა თეიმურაზ ჯანაშიას, სდსს-ში მუშაობის პერიოდში შეძენილი კი არა, მემკვიდრეობით მიღებული, ისიც კი დაყადაღებულია. ამ დროს, ღარიბაშვილი ცალსახად, პირადი მიზნებით იყენებს სახელმწიფო ქონებას და მრავალ ათეულობით ათას ლარს ხარჯავს“, - აცხადებს ბასილაია.

მისივე განმარტებით, ახლა ხელისუფლება აღნიშნულის ყალბი ფინანსური დოკუმენტებით გადაფარვას შეეცდება.

„ვხედავთ, რომ სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა სამწუხაროდ, გზადაგზა, ახალ-ახალ ვერსიებს გვთავაზობს. დარწმუნებული ვარ, რომ ხარჯები, რაც ამ რეისისთვის იქნა გაწეული, ბიუჯეტიდან იქნა გაწეული, ახლა შეეცდებიან, რომ ეს გადაფარონ, ყალბ ფინანსურ დოკუმენტაციას შექმნიან, თითქოს რეისი სახელმწიფო სახსრებით არ შესრულებულა, მაგრამ იქ არ იქნება არც ერთი გადარიცხვა, სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერებს შექმნიან, მათთვის სანდო პირებს მოაწერინებენ ხელს, თითქოს, ბიუჯეტიდან კი არ გადაირიცხა თანხა, სახელმწიფოს სახსრებით კი არ ანაზღაურდა, ვიღაცამ თავისი ხარჯი გაწია. ან უფრო მეტიც, შეიძლება ეს საკითხი ღიად დატოვონ და თქვან, ვინც ეს ხარჯი თავის თავზე აიღო, მას სახელმწიფოს ვალი აქვს და გადასახდელი აქვს, ჯერ კიდევ დაფარული არ აქვსო - ათას ვერსიას მოვისმენთ. ისინი უფრო დიდ შარში გაეხვევიან, რადგან, დღეს „გაპრავების“ რეჟიმში არიან, როცა დანაშაულის „გაპრავების“ რეჟიმში მთელი სახელმწიფო მანქანა ერთვება, იქ ახალ-ახალ დანაშაულებს ეყრება საფუძველი“, - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო