ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთს წყალმომარაგება სრულად აღუდგა, ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, ხოლო ელექტროენერგიის გარეშე 20 ოჯახია დარჩენილი.
,,ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე, გზები გასწორდა, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ქალაქ ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი.
გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფლებში, პარალელურად, ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ ზარალს აღწერენ და აფასებენ, ასევე ასურათებენ სახლებს. აღწერას უნდა დაემთხვეს გეოლოგების შეფასება, რადგან გეოლოგი თუ იტყვის, რომ იმ ლოკაციაზე არ იცხოვრება, ასეთ დროს უნდა მოხდეს ოჯახის გასახლება.
ამასთან, გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის დაგუბება. გუშინ ერთ-ერთ ლოკაციაზე შეინიშნებოდა წყალშეკრება, გუშინვე შეაფასეს და სამაშველო სამსახურმა დროულად მოახდინა განეიტრალება, დაიცალა წყლის შეგუბება, რომელიც შესაძლოა, საფრთხის შემცვლელი ყოფილიყო", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ თალაკვაძემ.