იაგო ხვიჩია - მხარს არ დავუჭერთ პრემიერის იმპიჩმენტს, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერს ოპოზიცია ვერ ინატრებს - ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ? - „ქოცები“ არ გადააყენებენ და წაგებულ თამაშში რატომ მიმათრევ?!

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ პრემიერის იმპიჩმენტს, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერ-მინისტრს ოპოზიცია ვერ ინატრებს - პრემიერმა სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან ვიზიტის დროს წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ და თქვან, რომ მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა?- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდნენ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმპიჩმენტს. ჩვენ არ გვაწყობს პრემიერის იმპიჩმენტი. ოპოზიციას თუ მოგება უნდა, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერ-მინისტრს ვერ ინატრებს. მეტი რით დაგეხმაროს „ქართული ოცნება“, როდესაც ღარიბაშვილი ჰყავს პრემიერად? ღარიბაშვილს ძველი სკანდალები მოსდევს, ასევე ახალიც, მისი ბოლო პერიოდის პოლიტიკაც დაკავშირებულია დასავლური ცივილიზაციისგან დისტანცირებაზე. ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული. ამას დაემატა ის, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით დადის დასავლეთში ოჯახურ საქმეებზე. „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს პრემიერი, იმდენად შეერყა რეპუტაცია, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით? ეს თანამდებობა ხომ „ქართული ოცნების“ არის? „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა ვუთხრათ, უკეთესი პრემიერი დანიშნეო? პირობითად, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, კუჭავა რომ დანიშნონ პრემიერად? ოპოზიციას ამ თემის მხოლოდ ინიცირების უფლება აქვს იმ რაოდენობის ხმებით, რაც მაქსიმუმ შეიძლება მოაგროვოს, პრემიერი „ქართული ოცნების“ გადასაყენებელია. პრემიერი ახლა ყველაფრით ზიანდება, სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან ვიზიტის დროს წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ, რომ ვთქვათ და მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, რამდენად ხედავს საგამოძიებო უწყებების ჩართვის საჭიროებას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენა. როგორც ხვიჩია განმარტავს, „ერთი საკითხია ის, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება, ხოლო მეორე საკითხია ის, თუ ვის ვთხოვთ გამოძიების დაწყებას“.

„ქართულ ოცნებას“ ვთხოვთ საკუთარ პრემიერზე დაიწყოს გამოძიება?! ამ ხალხთან მექნებოდა კითხვა, ვისი გჯერათ? რომელი ინსტიტუტიაა, რომლისაც გჯერათ? სწორი რეაგირება იქნება ის, რომ დავიმახსოვროთ ეს ამბავი და დავიწყოთ მომზადება იმისთვის, თუ როგორ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“ მთლიანად.

„ლელო“ინდივიდუალურ ინიციატივას აყენებს, რომელზეც თვითონვე იციან, რომ პრემიერის გამარჯვებით დამთავრდება, „ქოცები“ არ გადააყენებენ და წაგებულ თამაშში რატომ მიმათრევ?!

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია დახარჯოს, მაგალითად იმ მიმართულებით, რომ ოპოზიციამ რაიმე მოიფიქროს, როგორ წარმოუდგენია ქვეყანა „ქოცების“ შემდეგ, როგორ დალაგდნენ ერთმანეთში, ბოლოს და ბოლოს პურ-მარილი მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს შეახვედროს, თუ „კაი“ საქმის გაკეთება უნდა. არა ის, რომ ამას დაველაპარაკები და იმას, რომ პოლიტიკოსობენ რაღაცას. ფულის ხარჯვა დაიწყოს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს ჩამოყალიბდნენ, როგორი იქნება ქვეყანა „ქართული ოცნების“ შემდეგ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, ღარიბაშვილი ბევრად მეტს აშავებს როდესაც ქვეყანაშია და არა მაშინ, როდესაც ის „თვითმფრინავით დაკატაობს“.

„თვითმფრინავი გაფრინდა? - გაფრინდა, იყო შიგნით ღარიბაშვილი და მისი ოჯახი ?- იყო. ასევე, პირადი ვიზიტი იყო. ვისაც არ უნდა გადაეხადა თანხები, პირველი ვერსიით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდა, უფრო ნაკლები ფულის მითვისებაზე გვიზის თუ არა ციხეში ხალხი? თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს, რომ ხარჯები დააბალანსოს. მაშინ, როდესაც ყოველდღე არღვევენ წესებს მოსახლეობის წინაშე, უმნიშვნელოა „ქართული ოცნების“ დარღვევებზე აპელირება, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით კატაობენ. ნეტა მართლა მარტო თვითმფრინავით დაკატაობდეს ღარიბაშვილი მთელ სამყაროში და სხვას არაფერს აკეთებდეს, აქ რომ არის ბევრად მეტს აშავებს, ვიდრე იქ რომ დაფრინავს“,- აღნიშნავს ხვიჩია.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვს გადადგმული, ჭაობში ჩაძირეს ქვეყანა, „ვტივტივებთ, არც წინ მივდივართ და არც უკან“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო