ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავითვლით ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც გურიაში სტიქიური უბედურება შეეხო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გურიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის მისამძიმრებით დაიწყო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება დაეხმარება ყველა ოჯახს, რომელსაც სტიქია შეეხო. ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებსა და საზოგადოებას სტიქიის ზონაში არსებული ვითარება გააცნო.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა ორი ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე და ერთი ხანდაზმული ქალბატონი. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებული იქნა ყველა სახელმწიფო უწყება, აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 21 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ხოლო ლანჩხუთში -15-ში. დღეის მდგომარეობით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რაიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის განმავლობაში შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა მოწოდებით და თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე, გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროში განთავსებულია 110 მოქალაქე, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით გადაადგილება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სასმელი წყალი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მინდა გითხრათ, რომ პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო 8000 აბონენტი, დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ხოლო ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7000 აბონენტი და დღეის მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი, დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი. რეგიონებიდან მუნიციპალიტეტებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო. რაც შეეხება გაზს - სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთსა და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი, დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარებს აქტიურად გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში, ამის შემდეგ, უკვე კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას. ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის