მმართველმა გუნდმა ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვის გადაწყვეტილება შეცვალა - პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს სტანდარტული პროცედურით განიხილავს

მმართველმა გუნდმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების დაჩქარებულად განხილვის გადაწყვეტილება შეცვალა - პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს სტანდარტული პროცედურით განიხილავს.

“საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. პროექტის ინიცირებისას მოთხოვნილი იყო პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა როგორც ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მათი შეთავაზებაა, რომ პარლამენტმა პროექტი სტანდარტული პროცედურით განიხილოს, რაც ბიურომ გაიზიარა.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო