ანა ბუჩუკური - პრეზიდენტთან შეხვედრა ეხებოდა საკითხს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ევროინტეგრაციის პროცესს, მიუხედავად იმისა, რა რიტორიკას აწარმოებს „ქართული ოცნება“ - გვჯერა, არსებობს სივრცე, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და ევროინტეგრაციას ეხებოდა.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, შეხვედრის ინიციატორი თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო და ის ოპოზიციის წარმომდგენლებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ჩემი გუნდის წევრ, ნათია მეზვრიშვილთან ერთად ვიყავი. სხვა ვინ იყო შეხვედრაზე, ვერ გეტყვით, ინდივიდუალური შეხვედრები იყო, ცალ-ცალკე იყო შეხვედრები. კიდევ სხვას, ვის ხვდება, არ ვიცი.

ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის მხრიდან იყო [შეხვედრის] ინიციატივა.

შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შეხვედრა ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ევროინტეგრაციის პროცესს, მიუხედავად იმისა თუ რა რიტორიკას აწარმოებს „ქართული ოცნება“.

ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა ის, რასაც ჩვენი გუნდიც ამბობს, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 შეუსრულებელია. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს სივრცე იმისა, რომ დადებითი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე. არა იმიტომ, რომ მჯერა „ქართული ოცნება“ მურუსიძის სასამართლოს დათმობს, არამედ იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბრის თემა არ ყოფილა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

„პირველი, ვინც იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა იყო გიორგი გახარია. იმპიჩმენტის საკითხი აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. კანდიდატის სტატუსის მოლოდინის რეჟიმში იმპიჩმენტის საკითხის დაწყება, ევროკავშირისთვის ძალიან მძიმე გზავნილია.

ამასთან, იმპიჩმენტის საკითხი აზიანებს ქვეყნის შიგნით სტაბილურობას და ზრდის პოლარიზაციის ხარისხს.

რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერბალურად ამტკიცებს, რომ არ აპირებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭიროს, თუმცა იქ არის რამდენიმე უცნაური განცხადება. გამორიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს? ამას როგორ გაამართლებენ? - სააკაშვილი არ შეიწყალა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო