პროფკავშირების საჩივრების საფუძველზე სახალხო დამცველმა შრომის ინსპექციას წინადადებით მიმართა

პროფკავშირების გაერთიანების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე, დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შესახებ, სახალხო დამცველმა შრომის ინსპექციას ზოგადი წინადადებით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შრომითმა ინსპექციამ 20 დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფკავშირებმა დამსაქმებელთა მხრიდან გამოვლენილ ანტიპროფკავშირულ აქტივობებთან დაკავშირებით, რაც სხვადასხვა დამსაქმებლის მიერ სხვა და სხვა ქმედებით გამოიხატა, სახალხო დამცველს კოლექტიური შრომითი დავების მიმდინარეობისას არაერთი საჩივრით მიმართა. მაგალითად, პროფკავშირის მიუღებლობის ცალკეული შემთხვევები ასე გამოიყურებოდა:

სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა“, კოლექტიური შრომითი დავის მედიაციისა და საპროტესტო აქციების პარალელურად, ცალმხრივად და დასაქმებულთა (სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები) მოთხოვნებისგან აცდენილი სახით შინაგანაწესში შეიტანა ცვლილება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფთან დაკავშირებით, რაც სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა; ცენტრმა მედიაციის ვადის ამოწურვისთანავე დასაქმებულებთან შეხვედრა გამართა პროფკავშირისა და ყველა დასაქმებულის ინფორმირების გარეშე იმავე საკითხებზე, რომლებიც მედიაციის საგანს წარმოადგენდა; ცენტრი ზეწოლას ახდენდა დასაქმებულებზე, რათა დაეტოვებინათ პროფკავშირის წევრობა და დაგეგმილ გაფიცვას არ ჰქონოდა მასშტაბური ხასიათი. ყოველივე აღნიშნულით ცენტრმა უგულებელყო სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის პრინციპები; გარდა ამისა, ცენტრმა პროფკავშირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს - ნუგზარ ნემსიწვერიძეს პროფკავშირის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად უარი უთხრა ცვლის გადაცვლაზე მაშინ, როცა ცვლების გადაცვლა ცენტრში მიღებული პრაქტიკაა.

შპს „ევოლუშენ ჯორჯია“ დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირსა („ლაბორი“) და „ევო-კავშირთან“ თანამშრომლობაზე; აჭიანურებდა შეხვედრას; პროფკავშირის აქტიურ წევრებს სამსახურებრივ ჯგუფში შეეზღუდათ პროფკავშირთან დაკავშირებული სტატუსების გამოქვეყნება; სამუშაო ადგილზე პრობლემების შესახებ პროფკავშირის მიერ გაგზავნილ მიმართვას კომპანიამ ცილისწამების უარყოფის შესახებ მოთხოვნით უპასუხა; პროფკავშირის მიმართ გამოხატა ირონიული და დამამცირებელი დამოკიდებულება; პოლიციაში უსაფუძვლო საჩივარი წარადგინა; პროფკავშირის წევრებს სამუშაო ადგილზე შეუქმნა მტრული სამუშაო გარემო; ტელევიზიით გავრცელებული კრიტიკული რეპორტაჟის პასუხად პროფკავშირის თავმჯდომარისა და პროფკავშირის აქტიური წევრების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა შეურაცხმყოფელი კომენტარები, მათ შორის, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, პროფკავშირის თავმჯდომარის შესახებ მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა დეზინფორმაცია, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფმა სხვა პირმა კი პროფკავშირის კომიტეტის წევრს მასთან ვერბალური კონტაქტი აუკრძალა; მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების მხრიდან ზეპირსიტყვიერად კვლავაც ჟღერდება დამცინავი კომენტარები პროფკავშირის წევრი დასაქმებულების მიმართ; შპს „ევოლუშენ ჯორჯია“ არ აძლევს უფლებას პროფკავშირის წევრ დასაქმებულს, დამსაქმებელთან ინდივიდუალურ შეხვედრას დაესწროს პროფკავშირის კომიტეტის წევრი, როგორც დასაქმებულის სამართლებრივი წარმომადგენელი; პროფკავშირის წევრებს აქვთ აღქმა, რომ დამსაქმებელი მათ განსაკუთრებულად აკონტროლებს.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსმა“ შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მიმდინარე მედიაციისა და გაფიცვის მონაწილე აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისადა მრეწველობის პროფკავშირის წევრ დასაქმებულებს არ აუნაზღაურა გაფიცვამდე ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასი, რაც საბანკო ვალდებულებების გამო, მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებდა. იგივე მეთოდით შეეცადა შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ 2022 წელს გაფიცულ დასაქმებულებზე ზეწოლას. მედიაციის პროცესში შპს „საირმე მინერალ ვოთერსმა“ დასაქმებულთა ნაწილს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაც დააკისრა; გაფიცვამდე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე პროფკავშირის მიერ გაგზავნილ მიმართვას დამსაქმებელმა დაგვიანებით უპასუხა, რაც შეხვედრის არაკეთილსინდისიერ გაჭიანურებაზე მიუთითებდა, მოგვიანებით კი, მოლაპარაკებებში მონაწილეობის წინაპირობად შეხვედრის პროფკავშირის თავმჯდომარის გარეშე ჩატარებას ასახელებდა; კომპანია საჯაროდ აფიქსირებდა პოზიციას, რომ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე ცდილობდა არა დასაქმებულთა, არამედ საკუთარი ინტერესების დაცვას მაშინ, როცა დასაქმებულებმა სახალხო დამცველს დაუდასტურეს, რომ სწორედ პროფკავშირში გაწევრიანების და პროფკავშირის მეშვეობით შეძლეს ისეთი საბაზისო შრომითი უფლებებით სარგებლობა, როგორებიცაა: შვებულება, საავადმყოფო ფურცელი და სხვ., მოლაპარაკებებში მონაწილეობა პროფკავშირის წარმომადგენლობით კი, იმიტომ სურდათ, რომ არ გააჩნდათ სამართლებრივ საკითხებზე ცოდნა და დამსაქმებელს არ ენდობოდნენ; გაფიცვის შეწყვეტის მიზნით, დამსაქმებელმა გაფიცულთა სამუშაო ადგილებზე ვაკანსიებიც გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველმა მხედველობაში მიიღო პროფკავშირების გამოცდილება, რომ „დამსაქმებელს აქვს მიუღებლობა პროფკავშირის მიმართ, რადგან მიაჩნია, მესამე პირი ერევა მასა და დასაქმებულს შორის და რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეცლება ხელიდან. სწორედ ამიტომ დაჟინებით ცდილობს დამსაქმებელი, არ გაძლიერდეს პროფკავშირი. გაძლიერება, პირველყოვლისა, წევრთა რაოდენობის ზრდით გამოიხატება. სწორედ ამიტომ არის დამსაქმებელი კონცენტრირებული განსაკუთრებით ისეთ ქმედებებზე, რაც დათრგუნავს გაწევრიანების სურვილს. რაც ნაკლები წევრი ჰყავს პროფკავშირს, მით ნაკლებად ანგარიშგასაწევი ხდება დამსაქმებლისთვის.“

აღწერილ გარემოებებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენები ცხადად გამოკვეთს, რა გამოწვევების წინაშე დგას პროფკავშირი წევრთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისას.

ამასთან, დამსაქმებელთა ქმედებებს სახალხო დამცველი პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების, პროფკავშირის შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერების ან ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობად აფასებს, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს პროფკავშირის წევრების უფლებების შეზღუდვა დისკრიმინაციული საფუძვლით.

სახალხო დამცველი საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დამსაქმებლები ვალდებულები არიან, შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოონ პროფკავშირთან. დამსაქმებელს ეკისრება პროფკავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შექმნაც. ამასთან, აკრძალულია, პროფკავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის კანონის დაცვით ჩატარებისას მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედება. სახალხო დამცველი მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მიუთითებს, რომ „სახელმწიფოებმა არა მხოლოდ უნდა დაუშვან, არამედ, პრაქტიკულადაც შესაძლებელი გახადონ პროფკავშირების მხრიდან კოლექტიური ღონისძიებების განხორციელება; უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფკავშირის უფლება, მოუსმინონ და ჰქონდეს შესაძლებლობა, იღვწოდეს მისი წევრების ინტერესთა დასაცავად. ამ მხრივ, ხაზგასმით აღინიშნება საჯარო უწყებების ვალდებულება, აქტიურად წაახალისონ ეკონომიკის სფეროში დიალოგისა და მოლაპარაკებების კულტურა. გაფიცვის ან პროფკავშირის წევრთა ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ იმგვარი ქმედებების განხორციელებას, რომლებსაც, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს პროფკავშირის წევრებზე, ან მასში გაწევრიანების მსურველებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაერთიანების თავისუფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

სასამართლო მხედველობაში იღებს დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტექნიკას, რომლებსაც, შესაძლოა, ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს პროფკავშირული აქტივობების განხორციელებისა და კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის უფლებებზე, მათ შორისაა ქმედებები, რომლებიც პროფკავშირებს ხელს უშლის, შეინარჩუნოს წევრები, ან მოიზიდოს ახალი წევრები (მაგალითად, პოტენციური დისკრიმინაციის შიშის გამო), რაც პროფკავშირის წარმომადგენლობით ხასიათს ამცირებს.“

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს 20 დღის ვადაში: შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, შრომის ინსპექციის მხრიდან:

დამსაქმებლებისთვის კოლექტიური შრომითი უფლებების დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშემწყობი ინფორმაციის პროაქტიულ მიწოდებას;

კოლექტიური შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას;

დასაქმების ადგილებზე ინსპექტირების განხორციელებისას სტრატეგიულ მიმართულებად შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ზედამხედველობის განსაზღვრას.

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გაუზიაროს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს.

პროფკავშირების გაერთიანება როგორც დამსაქმებლებთან, ისე სახელმწიფო ორგანოებთან დიალოგისა და თანამშრომლობის არაერთ ფორმატში ხაზს უსვამს კოლექტიური შრომითი დავების პრევენციის მიზნით მოლაპარაკებებისა და სოციალური პარტნიორობის აუცილებლობას და მიესალმება სახალხო დამცველის ზოგად წინადადებას, შრომის ინსპექციის სამსახურმა განსაკუთრებულად გაუწიოს ზედამხედველობა კოლექტიური შრომითი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობას.

პროფკავშირისა და პროფკავშირის წევრთა ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმეებში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავდა“, - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო