როდესაც საკუთარი პარტიის წევრებს, პარლამენტარებსაც კი არ ენდობიან და ამბობენ, რომ არავინ არ შევიდეს სხდომათა დარბაზში, რომ იქ ვიღაცამ მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტს, რამხელა უნდობლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ ეს ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმპიჩმენტის პროცესისადმი ოპოზიციის დამოკიდებულების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მოშლილი და ნდობადაკარგულია.
„ერთმანეთსაც კი აღარ ენდობიან, ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ მაინტერესებს ამ თემაში შესვლა. ჩვენთვის მთავარი იყო აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენთვის მთავარი არის დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, მათი სახე დაინახეთ ხომ როგორიც არის?! ერთი ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა, ისინი ძალადობდნენ კონსტიტუციაზე, როდესაც იყვნენ, თავის დროზე, ხელისუფლებაში და დღემდე აგრძელებენ კონსტიტუციაზე ძალადობას და ამის გამოხატულებაა ისიც, რომ მართალია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას. და მეორე, ეს პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ მათ თავის დროზე, მოატყუეს 3 მილიონ ამომრჩეველს. მთავარი ჩვენი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ლუსტრაცია და მთავარი მიზანი და მიზეზი, რატომაც აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, არის ყველაფრის გაშიშვლება - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახის გაშიშვლება და იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, მათი საერთო პატრონიდან გამომდინარე“,- განაცხადა კობახიძემ.