გიორგი ბარამიძე - საქართველოში „ბობოლა“ თემები დღემდე ოთარ ფარცხალაძესთან თანხმდება - მისი სანქცირება „მესიჯია“, რომ ამერიკა თავს არ გაისულელებს

ოთარ ფარცხალაძე დღემდე აკონტროლებს საქართველოს პროკურატურას და ძირითადი, „ბობოლა“ თემები ისევ მასთან თანხმდება, ოთარ ფარცხალაძე ალაგებს ყველა ისეთ პოლიტიკურად მგრძნობიარე თემას, რომელიც მნიშვნელოვანია რეჟიმის შესანარჩუნებლად - ამ რეჟიმმა ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

ბარამიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძის სანქცირება „მესიჯია, რომ ამერიკა თავს არ გაისულელებს“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმას აკეთებს, რასაც რუსეთი კარნახობს და საუბრობს იმ ბინძურ ტყუილს, რასაც რუსეთი ავრცელებს.

„ეს რეჟიმი რომ თავიდან ბოლომდე რუსულია, მგონი იმ ადამიანებმაც კარგად გაიგეს და დაიჯერეს, ვისაც არ სჯეროდა, როდესაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ამაზე ფაქტებით ვსაუბრობდით, რადგან ამ რეჟიმმა ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა და ერთი-ერთზე იმას აკეთებს, რასაც რუსეთი კარნახობს; ასევე, ხშირად ერთი-ერთზე იმას ამბობს შეფასებების თვალსაზრისით, რასაც რუსეთი ლაპარაკობს. მაგალითად, ბინძური ტყუილი, რასაც რუსეთი ავრცელებს, რომ დასავლეთს უნდოდა უკრაინაში ომი, იმავეს ლაპარაკობს ეს რუსული რეჟიმი. სიტყვათა წყობა: „გლობალური ომის პარტია“ მოიგონეს და არასდროს აკონკრეტებენ. კითხვა რომ დაუსვა, ამერიკა ან ევროკავშირი არის თუ არა „გლობალური ომის პარტია“, გაიქცევიან კითხვისგან, არ უპასუხებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლეთს გულისხმობენ. ასევე, საუბრობენ, რომ უნდათ, საქართველო შევიდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, თან ლანძღავენ დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს და თან ქართველ საზოგადოებას ატყუებენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გარდა ამისა, ბარამიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსა და ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა. კითხვაზე, რატომ ვერ მიდის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობამდე, ბარამიძე ამბობს, რომ „პირადი ამბიციის გადადება ადვილი არაა“.

„როცა ჩვენმა საუბარმა არ გაჭრა, თვითონ, მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, თორემ ამას ვლაპარაკობთ ამდენი ხანი, ვიდრე მისი პოსტი გამოქვეყნდებოდა. ვამბობდით, რომ უკანა პლანზე უნდა გადავდოთ [პირადი ამბიცია]. პირადი ამბიციის გადადება ადვილი არაა. როდესაც ამბიცია აქვს ადამიანს, ბევრ საღ აზრს თრგუნავს, ადვილი არაა, პირადი წყენის გადაბიჯება. არა მხოლოდ პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც. არაა ადვილი ადამიანს აპატიო იმის გამო, რომ სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვას, სცადა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა მენეჯმენტმა ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან და მის გუნდთან ურთიერთობის დალაგება, გიორგი ბარამიძემ უპასუხა: „როგორ არა, ამით პირადად იყო და არის დაკავებული პრეზიდენტი სააკაშვილი“.

მისივე თქმით, „ამ პროცესში ჩართულია ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია“.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით საბჭოს შექმნის იდეაზე და თქვა, რომ ეს ერთობა „ერთობლივი ბრძოლის დაგეგმვის მექანიზმი“ იქნება.

„როდესაც მიშას გარშემო გაერთიანების იდეაზეა საუბარი, არიან სხვა ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა უფრო ეკომფორტულებათ ასე მოსვლა ამ ასპარეზზე და ჩვენ გახსნილები ვართ. მიშა იქნება ხელმძღვანელი. მიხეილ სააკაშვილს მოღალატეთა რეჟიმმა მოქალაქეობა ჩამოართვა და მას ფორმალურად ამის უფლება არ აქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერია, ეს ფაქტობრივად ასეა, თორემ იურიდიულად ხომ არ ვსაუბრობთ? „ქოცს“ ქაღალდზე რა ეწერება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გუნდია. თუ რაღაც შეიქმნება, ბუნებრივია, რომ მიშა იქნება ამ ყველაფრის თავი და თავი და მაკონსოლიდირებელი. მგონი, რამე ახალი არ თქმულა ხო? საბჭოს დაარქმევ, თუ რაღაც სხვას, რა მნიშვნელობა აქვს. იქნება რაღაც ერთობა. მთავარი ხომ შინაარსია და არა ის, რა სახელი დაერქმევა რაღაც ჯგუფს. ჩვენ ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები, ეს იქნება რაღაც სტრუქტურა, სადაც შეხვედრები და საუბრები გვექნება, იქნება ერთობლივი ბრძოლის დაგეგმვის მექანიზმი. არ აქვს მნიშვნელობა - ვიღაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არა. მთავარია, ერთად ვებრძოლოთ ამ რუსულ რეჟიმს, რათა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შემდეგ ბევრი გვექნება საკამათო და სამსჯელო. შემდეგ სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად მთავარი საკითხები გვექნება გადასაწყვეტი“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე კი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ არჩევნებამდე წარადგენენ საერთო ხედვას.

მისივე თქმით, „ქართველმა ხალხმა არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოიგოს და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ეს რეჟიმი გატეხილი და ჩამოშლილია“.

„არაა აუცილებელი ერთი დოკუმენტი შეიქმნას. ეს არის ჩარჩო ხედვა, რომლის გარშემო შემოიკრიბება მომავალი კოალიციური მთავრობა“,- განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრის საკითხს, ბარამიძის თქმით, „ეს არის „შიდაქოცური“ ბინძური სპექტაკლი და „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ აპირებს“.

„სხვებზე თავს ვერ დავდებ, იმიტომ კი არა, რომ აუცილებლად ცუდს იზამენ, მაგრამ მე როგორ უნდა დავდო თავი, ეს ხომ ქარაფშუტობა იქნება? ფარული კენჭისყრაა და რომ არ დაიწყონ, აი „ნაცებმა“ მიაჭირეს ხელიო, „ნაცები“ ვიქნებით შორს, საერთოდ არ ვიქნებით დარბაზთან ახლოსაც კი, რომ შემდეგ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს. არ ვენდობით იმ ადამიანებს, რადგან ვიღაც შეიძლება მართლა გაიყიდოს. სხვებზე ვსაუბრობ, ვინც პარლამენტში არიან და მათზე არ ვსაუბრობ, ვინც ჩვენიდან გავიდნენ, მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ. არაერთი გაყიდული გვინახავს, ვინც აქეთ ისვრის ტალახს და ვინც ტალახში ფულის გამო გორაობს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს