პეტრე ცისკარიშვილი - ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „კლანთან“ ერთად კომერციულ საქმიანობაშია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ფარცხალაძის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის „კლანთან“ ერთად კომერციულ საქმიანობაშია ჩართული.

როგორც ცისკარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, „ეს ასევე არის გზავნილი, რომ შეწყვიტონ ფულის კეთება იმიტომ, რომ ცივილიზებულ სამყაროს არ სძინავს“.

„აშშ-ის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება არის ერთი ფიზიკური პირის მიმართ კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური ღონისძიებების გატარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს აქტი ასევე არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, რომელიც ფარცხალაძის მსგავსად რუსულ რეჟიმთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის „კლანთან“ ერთად ჩართულია კომერციულ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის, კრემლის რეჟიმისთვის სანქციების გვერდის არიდებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბევრი ასეთი აქტორია. სწორედ მათ მიმართ არის ეს გზავნილი, რომ შეწყვიტონ შესაბამისი მოქმედებები, ფულის კეთება, ჯიბეების გასქელება იმიტომ, რომ ცივილიზებულ სამყაროს არ სძინავს. მსოფლიო ვერ დაელოდება როგორ მოიძლიერებს პუტინი თავის პოზიციებს და როგორ იშოვიან ამ სქემაში ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ ბიზნესმენები, ასევე, სამთავრობო წარმომადგენლები მილიონობით დოლარს. ასევე, ეს არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართაც, რომ გატარდეს იდენტური ეკონომიკური და კომერციული სანქციები, როგორც ფარცხალაძის შემთხვევაში, დაუყადაღდეს ქონება, შეეზღუდოს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც. თუ ჩვენ ვართ აშშ-ს გეოსტრატეგიული პარტნიორები, მაშინ უნდა გატარდეს სარკისებური სანქციებიც საქართველოში, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ ამ რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფარცხალაძეს არ უჭირავს არანაირი თანამდებობა ბოლო 10 წელია და შეხებაში არ ყოფილა ხელისუფლებასთან, ბიძინა ივანიშვილის რუსულ „კლანთან“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე გახდა რუსეთის აგენტი და რუსეთს ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში, ამის გამო მიიღო მან რუსეთის მოქალაქეობა და ავტომატურად გააუქმა საქართველოს მოქალაქეობა.

„ვერანაირ სტატუსს დასანქცირებული მოსამართლეებით, დასანქცირებული „კლანის“ ბიზნესმენებით, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მიიღებს. თუ მართლა უნდა პრეზიდენტს, საქართველომ წინ წაიწიოს და ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას, უნდა შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ჩვენი მეორე მოთხოვნა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეცაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო