სერგი კაპანაძე - ფარცხალაძე ამ ხელისუფლების წანაზარდია და მისი დასანქცირება, წესით, კატასტროფული ფასი უნდა დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“

ფარცხალაძის დასანქცირება, წესით, კატასტროფული ფასი უნდა დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“ და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ არჩევნებზე ამ ყველაფერში „ქართული ოცნება“ გადაიხდის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს,- ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კაპანაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოთარ ფარცხალაძე კერძო პირია და მიიჩნევს, რომ ის შეზრდილია მმართველ პარტიასთან და იმ სისტემასთან, რომელიც საქართველოში არის.

ამასთან, კაპანაძემ არ გამორიცხა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირების კანდიდატი „ამ სისტემის შემქმნელი მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს“.

„ფარცხალაძე, რომელიც მარტო გენერალური პროკურორი კი არ იყო, წასვლის მერე გახდა ძალიან გავლენიანი ადამიანი, ბევრ ბიზნეს გარიგებაში მონაწილეობდა, იყო დაახლოებული პირი დღემდე პროკურატურაში არსებულ ხალხთან, ისევე როგორც ივანიშვილთან და პოლიტიკურ გუნდთან. გაგახსენებთ, რომ ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე არაფერს ფლობდა, ხელისუფლებაში მყოფნის დროს კი უზარმაზარი ქონება შეიძინა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მერე ღიად დაიწო რუსეთთან ეკონომიკური და სხვა ტიპის ურთიერთობები და რისი ეჭვიც აქამდე გვქონდა, რომ შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ახლა ამერიკამ პირდაპირ დაადასტურა.

ფარცხალაძე არ არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც არანაირი შეხება და კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. ფარცხალაძე შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, მან დანიშნა პროკურორად, მან დააფარა ხელი, როდესაც უმძიმესი ამბავი ჰქონდა დიპლომთან დაკავშირებით, გენერალური აუდიტორის ცემასთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში გამოაძვრინეს. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის შეზრდილი „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს და როგორც ახლა აღმოჩნდა, რუსეთთან ურთიერთობის რაღაც მიმართულებას. ცალკე ფარცხალაძეს ვერ განიხილავ. კი, აშშ-მ კონკრეტულად ერთი პირი დაასანქცირა, მაგრამ ეს არის გზავნილი და ჩემი აზრით, ვექტორი, რომელიც კიდევ მიიყვანს სხვა ადამიანების დასანქცირებამდე. აქ ყველაზე მთავარი ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი განუყოფელი ნაწილი იყო „ქართული ოცნების“ ოფიციალურად და მერე უკვე არაფორმალურად, არის კავშირში რუსეთის სპეცსამსახურებთან“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ის, რომ ამაზე არანაირი რეაგირება არ არის, არც ქართული სპეცსამსახურების მხრიდან, არც ქართული სამართალდამცველების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ფარცხალაძე ამ ხელისუფლების წანაზარდია.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფული ტემპებით შორდება დასავლურ გზას, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიდის რუსეთისკენ. ამაზე მეტი ნათელი დადასტურება, ჩემი აზრით, ძალიან ძნელია, რომ იყოს. ამიტომ 2024 წელს უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ, თუ გვინდა, რომ შემოვბრუნდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ისტორიული გზა, რაც არის დასავლეთისკენ.

ყველა ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ოლიგარქს ამ არაფორმალური მმართველობით სახელმწიფოს მიტაცების სქემაში და მონაწილეობს სასამართლოში, იქნება ეს, პროკურატურაში თუ სხვა ხელისუფლებაში, ჩემი აზრით, არის მომდევნო ობიექტი სანქციების. მეორე, ვინც რუსეთის ინტერესებს ატარებს აქ და ამ ყველაფრის თავი და თავია, არის ივანიშვილი, მის მიერ შექმნილი სისტემა და ის მილიონები, რომლის მეშვეობითაც მართავს ივანიშვილი, ამიტომ კი ნამდვილად ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სანქცირებულ პირთა ინტერესის ქვეშ შეიძლება მოექცნენ როგორც ივანიშვილი, ისე მისი უახლოესი გარემოცვა, იმიტომ, რომ უახლოესი გარემოცვა არის ფარცხალაძეც და ის კლანიც, რომელიც ცოტა ხნის წინ დაასანქცირა ამერიკამ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ შეიძლება ამაზე უარესი ურთიერთობა ჰქონდეს. ასე უპასუხა კაპანაძემ დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა ამ დასანქცირების ფონზე ვაშინგტონთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაფუჭდეს.

„მე არ მგონია, რომ ეს ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაფუჭდეს. ასეთი ცუდი ურთიერთობა ჩვენ არასდროს გვქონია ამერიკასთან. ეს არის ურთიერთობა, რომელშიც საქართველოს მხარე თავის თავს უფლებას აძლევს, რომ პირდაპირ ლანძღოს ამერიკის ელჩი საქართველოში, დააბრალოს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩათრევა, გადაეფაროს სანქცირებულ მოსამართლეებს და სხვა პირებს. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს ურთიერთობებში, მე ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ