ნინო ლაცაბიძე -  ჩვენ, კომპანია GWP-ის მოვთხოვეთ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპითა და კიდევ უფრო მეტი პროექტებით ამოწურონ რუსთავის წყალმომარაგების პრობლემური საკითხები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს.

„მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, იმ პროექტების განხორციელების პროცესში, რომელსაც კომპანია ახორციელებს. დღეს, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გვქონდა და ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც პრობლემური იყო. ჩვენ, კომპანია GWP-ის მოვთხოვეთ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპითა და კიდევ უფრო მეტი პროექტებით ამოწურონ რუსთავის წყალმომარაგების პრობლემური საკითხები, რათა ქალაქის განვითარებას უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობითვე, კომპანია GWP რუსთავში წყლის სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით ახორციელებს.

„განვიხილეთ რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც სემეკმა გასულ წელს გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაავალა, იმისთვის, რომ ქალაქში წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდეს, ავარიები იყოს ნაკლები და მოსახლეობა იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. გარკვეული შეფერხებები, რაც პროექტების განხორციელებისას არის, ძირითადად შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებასთან არის დაკავშირებული. კომპანიის ინფორმაციით, გეგმა-გრაფიკს დაეწევიან და სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდება. ასევე ვისაუბრეთ, მომდევნო წლის პროექტების დაგეგმვაზე, რასაც კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთობლივად ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შეათანხმებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანიის მიერ 2023 წლის ბოლომდე, რუსთავში განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა, 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.

„ქალაქ რუსთავი მერთან და სემეკის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ რუსთავისთვის აქტუალურ საკითხებზე, ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე და ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. განვიხილეთ ჩვენი კომპანიის მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმა და 2024 წლის გეგმის შემუშავებაზე აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ,“ - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

შეხვედრას, რომელიც რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში გაიმართა, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებიც ესწრებოდნენ, მორიგი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა კი ოქტომბერში დაიგეგმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს