სალომე ზურაბიშვილი - მთავარია, რომ ყველას უნდა ევროპული მომავალი, არ შეიძლება სხვა მომავალი იყოს რუსეთი, საქართველო ამას არ დაუშვებს - ყველაფერი ჩვენ ხელშია, ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს და ვინც ეცდება, თვითონ დაიკარგება

მთავარია, რომ ყველას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

„ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კართან, ვიცით ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, არ ვიტყვი, რომ „ან არ მოგვენიჭება“, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და მთავარი გზა, რაც არის დღეს გასავლელი, არის ჩვენი და თქვენი, ერთად გასავლელი და ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნაბიჯი, შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ. ყველას აქვს თავისი როლი, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფერო, საგარეო პოლიტიკა თუ ექსპერტების სფერო. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი.

მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შედის და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, შეგხვდეთ აქ, სასახლეში. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის, ბოლოჯერ. ვნახავთ, როგორც იქნება, ისე იქნება, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს საშუალება გვეძლევა დღეს. რეალურად დღეს ჩვენ შევდივართ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი. მე ჩემ თავს ვთვლი პირველ რიგში, ხალხის წარმომადგენლად, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენი ხართ ამ, საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ თქვენი ხმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024