თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაზუსტება სჭირდება, რადგანაც ამ პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მეტი ახსნა სჭირდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ის აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.

მისი თქმით, აღნიშნულმა პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია.

„გარკვეულწილად, ეს ალბათ, პრეზიდენტის ტაქტიკაა მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე გითხრათ, სამართლებრივად გაუგებარია და ალბათ, ცოტა მეტი ახსნა სჭირდება ამას. კანონმდებლობა გარკვეულ ვადას იძლევა მოქალაქეობის, როგორც მიცემის ასევე წართმევასთან დაკავშირებით და თუ არ ვცდები, ეს ვადა პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ცალკეული ადამიანების, მათ შორის პოლიტიკოსების შემთხვევა, როდესაც ავტომატურად უწყდებოდათ მოქალაქეობა და ამ მოცემულობაში კი, ეს ასე არ ხდება, ამას სჭირდება დამატებითი განმარტება, რადგანაც ერთი არის სამართლებრივი ასპექტი და მეორე პოლიტიკური ასპექტი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დაზუსტება მაინც სჭირდება, რადგანაც ამ პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს, არანაირი გამოძიება არ ჩაატაროს „ეფესბეს“ ჯაშუშობაში მხილებულ ადამიანზე და მას შესაძლებლობა მისცეს, წაიღოს ის ქონება და ფული, რომელიც ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

განცხადების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო