ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ქალაქისთვის ფასდაუდებელია.

,,ჩვენი ქალაქისთვის რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ფასდაუდებელია, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე მისამართზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დღეს ამ პროექტების მიმდინარეობას, ადგილზე გავეცანით, ვნახეთ მიმდინარე სამუშაო პროცესი. ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მინისტრის მოადგილე, ქალაქის მერთან და გუბერნატორთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილ, ასევე, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე მიმდინარე პროექტებსაც გაეცნო. როგორც ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, წელს რეგფონდიდან, რუსთავისთვის 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

,,2023 წელი, იმ პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილი იყო და ამ ეტაპზეც ხორციელდება, საკმაოდ საინტერესო იყო ქალაქ რუსთავისთვის. რეგფონდიდან, წელს 10 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, ულამაზესი ქალაქია და ყველა ეს პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება, რუსთავის სპეციფიკიდან, გეოგრაფიიდან და სივრცითი მოწყობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ადეკვატურია“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის ქუჩის #11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის #14 და ასლანიკაშვილის ქუჩის #12 საცხოვრებელ შენობებს.

,,რუსთავში კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს გავეცანით, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან და ქალაქ რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი რუსთაველის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ეს მეორე ეტაპია, რომელიც დაახლოებით სამ თვეში დასრულდება“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ შენობებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, ფასადების დაზიანებული ნაწილები, დეკორატიული და ფუნქციური ელემენტები სრულად აღდგება, შეიღებება და ავთენტური სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, ბათუმის N14 და ასლანიკაშვილის N12-ის კვეთიდან რუსთაველის N32-ის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე მოეწყობა ბორდიურები, სარინერები და მწვანე სივრცეები, ტროტუარები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. რუსთაველის ქუჩის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 734 028 ლარია. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო