გია ხუხაშვილი - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ ახლა საერთო ინტერესი აქვთ - სალომე ზურაბიშვილს როგორმე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინონ - სინამდვილეში, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს ინტერესიდან ამოდის, პრეზიდენტია

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვთ საერთო ინტერესი - სალომე ზურაბიშვილს როგორმე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინონ. სინამდვილეში, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს ინტერესიდან ამოდის, სალომე ზურაბიშვილია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც ის პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოართვა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების გამო სალომე ზურაბიშვილს ყველა იმიტომ ლანძღავს, რომ ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც სწორ ნაბიჯებს დგამს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის სიმბიოზი. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვთ აბსოლუტურად საერთო ინტერესი, რომ სალომე ზურაბიშვილს როგორმე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა ჩამოართმევინონ. „ქართული ოცნება“ ამით ძალიან დიდ უხერხულობას მოიხსნის, იმიტომ, რომ მათი ამოცანაა ფარცხალაძის თემის გადაგორება და ჩაფარცხვა, სალომე ზურაბიშვილი კი საკუთარი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობას არ აძლევს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იაფფასიანი ამოცანა, როგორმე ერთჯერადი, მოკლევადიანი გამარჯვება გამოაცხადოს და სახელმწიფოებრივად ეს რომ საზიანოა... ფაქტობრივად, ეს ორი ძალა სხვადასხვა ინტერესითაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათი პოლიტიკური ტაქტიკა ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.

სინამდვილეში, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს ინტერესიდან ამოდის, სალომე ზურაბიშვილია. ის იქცევა აბსოლუტურად სწორად, იმიტომ, რომ ხელისუფლება ძალიან სერიოზულ დისკომფორტშია. ამ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებას აქვს არჩევანი, გააუქმოს ავადსახსენებელი ბრძანება ან უნდა გამოაცხადოს რომ ფარცხალაძე არის ჯაშუში. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი თავისი გადაწყვეტილებით ხელისუფლების იძულებას ახდენს და არავინაა ისეთი სულელი, რომ ეს არ ესმოდეს. თავს ისულელებენ, იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან პრეზიდენტი რას აკეთებს. ორივეს ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ამოცანები აქვს და არა რაღაც სახელმწიფოებრივი. ასეთი სევდიანი სურათი გვაქვს. როცა პოლიტიკური ელიტა დაკავებულია არა გაჯანსაღებით, არა სახელმწიფოებრივი ამოცანებით, არამედ პოლიტიკური „იწილო ბიწილოთი“ და მზად არიან ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესები საკუთარ ინტერესს გადააყოლონ.

კიდევ არის მეორე პრობლემა - ოპოზიციას მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად. ამ დროს სალომე ზურაბიშვილი იწყებს თამაშს, შემოდის ქართულ საჭადრაკო დაფაზე როგორც რეალური და უკვე საკმაოდ ძლიერი მოთამაშე - ელემენტარულად ეჭვიანობენ. ამის გამო ხდება ყველაფერი, ძალიან ვიწროპარტიული ინტერესების გამო დღეს ყველა ლანძღავს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც სწორ ნაბიჯებს დგამს და ზუსტად ეს აშინებს ოპოზიციას. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ის ასე ადვილად არ დათმობს ამ ყველაფერს და ცოტა ხანში ჩვენ დავინახავთ, რომ მისი ეს გადაწყვეტილებები ნამდვილად იყო სწორი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი მოთხოვნა სუს-თან უნდა იყოს, რათა მან ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვება შეუზღუდოს.

„ადამიანზე უმძიმესი ბრალდებით გამოძიება მიდის. მას უნდა შეუზღუდონ საზღვრის კვეთა. ამაზე რატომ არაფერს ამბობენ? სუს-ს უნდა მოსთხოვო, საზღვრის კვეთა შეიზღუდოს. რა პრივილეგიებზეა საუბარი, ეს ხომ თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია?! რა პრივილეგიები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელმაც ყველაფერი საკუთარ შვილზე გადააფორმა, თვითონ ანგარიშს არ გახსნის, შესაბამისად, რა პოლიტიკურ დივიდენს ელოდებიან მოკლევადიანი ყიჟინის გარდა? იმისთვის, რომ ეს კაცი ვერსად გავიდეს და გაინძრეს, ყველამ სუს-ს უნდა მოსთხოვოს შეეზღუდოს საზღვრის კვეთა, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში მოხდებოდა. მას გამოძიების დასრულებამდე უნდა ჩამოართვან დოკუმენტები, იმისთვის რომ ვერ გადაკვეთოს საზღვარი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია. განცხადების თანახმად, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი