ნიკა სიმონიშვილი - სამართლებრივი თვალსაზრისით კი, დიახ, ოთარ ფარცხალაძეს უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ის პოლიტიკური კონტექსტიც მესმის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლომ თუ არ შეხედა იმას, რის გამო და რა ვალდებულების შესასრულებლად წავიდა პრეზიდენტი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც სამართლებრივად იქნება სწორი და ამ ყველაფერს პოლიტიკური რეზონანსიც მოჰყვება - ეს საკითხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესების ერთობლიობა, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის მისაღებად საჭიროა პლენუმის 9 წევრიდან 6 ერთ აზრზე იყოს.

“როდესაც იმპიჩმენტის საკითხზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების ერთობლიობა ანუ ერთგვარად, სამართლებრივი პროცესები პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და პირიქით, პოლიტიკური სამართლებრივზე ანუ პოლიტიკური წინაპირობის გარეშე, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ მივა. ეს საკითხი პოლიტიკოსებმა უნდა აღძრან და შემდეგ პარლამენტში ისევ იმპიჩმენტით რომ დასრულდეს, სამართლებრივი წინაპირობა უნდა ჰქონდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციის 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი დაარღვია. თუ საკონსტიტუციო სასამართლო, პლენუმის 6 წევრის თანხმობით მაინც დაადასტურებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, შემდეგ უკვე პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს… ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან მოსამართლეები, ვინც არ დაუჭერენ მხარს იმას, რომ დარღვევა დადგინდეს და იქნებიან, ვინც დარღვევას დაუჭერს მხარს, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებიც მოიძებნებიან. აქ კითხვა ისმის, რომელი გადაწონის”, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის გაუჭირდება თქმა, მოგროვდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე 6 ხმა.

“საუბარი არის ხოლმე იმაზეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში არ უნდა შეაფასოს და პოლიტიკური კონტექსტიც უნდა დაინახოს, მეორენი ამბობენ, რომ წმინდა ფორმალისტურად უნდა მიუდგეს ანუ „ქართული ოცნება“ რასაც ამბობს, რომ არ შეიძლებოდა მთავრობის თანხმობის გარეშე წასულიყო და ფორმალურად არის დარღვევა, მაგრამ წმინდა ფორმალიზმი სამართალში, არცერთ შემთხვევაში არ გვადგება. კონსტიტუციის ის ნორმა, რომელზეც „ქართული ოცნება“ აპელირებს, არ შეიძლება ცალკე ამოგლეჯილად, უკონტექსტოდ განვიხილოთ. პოლიტიკური კონტექსტი კი არა, კონსტიტუცია უნდა შეფასდეს. კონსტიტუციური ნორმების დაცვა უნდა შეფასდეს. სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია თუ არა ერთიან კონტექსტში კონსტიტუცია. თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება და ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსს აცდენილია, ეს ცალსახად კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი წავიდა ისეთ ვიზიტში, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციით გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ანუ ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციაში გვიწერია. საკონსტიტუციო სასამართლომ თუ არ შეხედა იმას, რის გამო და რა ვალდებულების შესასრულებლად წავიდა პრეზიდენტი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც სამართლებრივად იქნება სწორი და ამ ყველაფერს პოლიტიკური რეზონანსიც მოჰყვება”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებას, სიმონიშვილის თქმით, აქაც პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტი უნდა დავინახოთ.

“სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების ახსნა არ შემიძლია. მაშინ როცა დასტურდება, რომ ადამიანს აქვს ორი ქვეყნის მოქალაქეობა ისე, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები მას არ დაუცავს, ეს არის იმის საფუძველი, რომ მას მოქალაქეობა შეუწყდეს. სამართლებრივი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილს უნდა შეეწყვიტა მისთვის მოქალაქეობა. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ეს უფრო პოლიტიკური არგუმენტია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეა ოთარ ფარცხალაძე. თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, ის ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს გასამართლებული. წმინდა იურიდიული თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილს ევალებოდა მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. ვფიქრობ, სხვა პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუნდაც ის, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ტვირთი დაუმძიმა და გაუხანგრძლივა. ხელისუფლებამ არამხოლოდ თავი აარიდებინა ოთარ ფარცხალაძეს სანქციებისგან, არამედ დღესაც არიდებინებს. ეს პროცესი განგრძობითია, იმის წყალობით, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. დიახაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური მოტივები, თუმცა არგუმენტში იმასთან დაკავშირებით, რომ ამით შეიძლება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალი დაესხა, მე საფუძველს ვერ ვხედავ. ეს იყო ცალსახა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამართლებრივი თვალსაზრისით კი, დიახ, ოთარ ფარცხალაძეს ნამდვილად უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ის პოლიტიკური კონტექსტიც მესმის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო