შალვა პაპუაშვილი - სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა - უნდა ვირწმუნოთ, რომ უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ

სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა - უნდა ვირწმუნოთ, რომ უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, მომავალში კი უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიცა სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაცია.

"სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლადჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო. ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თაობათა მრავალსაუკუნოვანი ოცნების მიღწევისკენ ჩვენი სწრაფვა ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის მომაკვდინებელ რეალობას შეეჯახა.

თუმცა, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა, სიღარიბის შემცირება, ნატოსა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიური ეკონომიკის განვითარება.

ეს ყველაფერი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ბევრი სხვა ერისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიც არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაცია.

ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქზწ".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო