გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად

კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს უფრო ეფექტურად იყენებენ, ვიდრე ამას სახელმწიფო აკეთებს, რომელსაც უნდა, რომ ამ პრობლემას ებრძოლოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ განუცხადა.

როგორც ის ინტერვიუში აღნიშნავს, თითქმის, ყოველდღიურად ფსიქოაქტიური - ახალი ტიპის ნივთიერებები იქმნება და მათთან ბრძოლა, მათი მიდევნება, უკიდურესად რთულია. ამასთან, იმნაძე მოზარდებში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. როგორც იურისტი აღნიშნავს, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში, გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე საშუალო ევროპულს 2-ჯერ აღემატება.

როგორია ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, რა გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო და რამდენად ეფექტურია ის მიდგომები, რასაც სამართალდამცავები ნარკოდანაშაულთან ბრძოლისას იყენებენ - ამ კითხვებს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გურამ იმნაძე პასუხობს.

- გურამ, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოდანაშაულის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება და ამ მხრივ, საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, შეაფასეთ, თუ როგორი ნარკოპოლიტიკაა ქვეყანაში?

- დღევანდელი ნარკოპოლიტიკა ისევ პრობლემურია, სისტემური პრობლემები გვაქვს, კვლავაც წამყვანი აქცენტი მკაცრ სასჯელზეკეთდება. მკაცრი სასჯელი შეიძლება ისეთი სიხისტის, სიმძაფრის არ არის, როგორც 2012 წლამდე ან თუნდაც, 7-8 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც, სახელმწიფოს მთავარი ბერკეტი, ნარკოპოლიტიკის კუთხით სისხლისსამართლებრივი სასჯელია. ამავდროულად, დღეს არსებული პოლიტიკის პრობლემა იმაშიც ვლინდება, რომ ბოლო წლებში, რამდენიმე მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც ლიბერალიზაციისკენ, შემსუბუქებისკენ იყო მიმართული, მოსახლეობაში არასწორი აღქმები გააჩინა, თითქოს რაღაცები აღარ ისჯება. მაგალითად, ჩვენს ბევრ მოქალაქეს შეიძლება ეგონოს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლიბერალური მიდგომები გვაქვს, რომ მარიხუანას შეძენა, მისი მოხმარება ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს დაშვებულია, რაც ცხადია, ასე არ არის. ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა, თუნდაც, ეს მარიხუანა იყოს, არათუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სისხლის სამართლის დანაშაულია. მარიხუანას შეძენა-შენახვაზე, მის ტარებაზე კვლავაც ნარჩუნდება სანქციები. ამ არასწორმა აღქმებმა შეიძლება გამოიწვია ის, რომ მოქალაქეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ნივთიერებებზე, რამაც შეიძლება რაღაც დოზით ნივთიერებების მოხმარების ზრდა გამოიწვია. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს პრევენციული სისტემის გასამართავად და იმისთვის, რომ მოქალაქეები, განსაკუთრებით, მოზარდები ინფორმირებულები იყვნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ რისკებზე და ა.შ.

მეორე დიდი პრობლემა, რაც პრინციპში, გლობალურია და ჩვენზეც ვრცელდება, ნარკოპოლიტიკის ახალი ტენდენციებია.

- ალბათ, ინტერნეტით ნარკოტიკების შეძენას გულისხმობთ. რამდენად რთულია ასეთ დროს, თუნდაც, რეალიზატორებზე გასვლა და უშლის თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიები ამ სახის დანაშაულების გამოვლენას ხელს?

- დღეს, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა იმ გზებით აღარ ხდება, რაც 10-15 წლის წინ ხდებოდა. ახლა კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებს ეფექტურად იყენებენ, ვიდრე ამას სახელმწიფო აკეთებს, რომელსაც უნდა, რომ ამ პრობლემას ებრძოლოს. თითქმის, ყოველდღიურად, ფსიქოაქტიური - ახალი ტიპის ნივთიერებები იქმნება და მათთან ბრძოლა, მათი მიდევნება, დეტექცია უკიდურესად რთულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მათი წარმოება კი უმარტივესია, ამას მაინც და მაინც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ნედლეულის მოპოვება, დამუშავება არ ჭირდება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, საქართველოშიც შესაძლებელია სხვადასხვა პრეკურსორების გამოყენებით ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შექმნა. ამიტომაც, ეს მათთან ბრძოლას არსებითად ართულებს. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია ამ ნივთიერებების გავრცელების გზები, როცა ამ მიზნებით ინტერნეტი, სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენება, ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს სამართალდამცავებისთვის ამ პრობლემასთან ბრძოლას. ასეთი განვითარება რამდენიმე კუთხით არის საყურადღებო - ერთი, წმინდა სამართლებრივი კუთხით, რომ პოლიციას ძალიან უჭირს ასეთი ტიპის ქმედებებზე მიდევნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დეტექცია, აღმოჩენა და მათთან გამკლავება. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხითაც სერიოზული რისკები ახლავს ამ განვითარებას, რადგან ხშირ შემთხვევაში, თვითონ ადამიანებმაც არ იციან, რა ნივთიერებას მოიხმარენ. შეიძლება ეგონოთ, რომ მათთვის ნაცნობ ნარკოტიკულ საშუალებას იძენენ, თუმცა, აბსოლუტურად სხვა ნივთიერება, სხვა ეფექტებისა და სხვა რისკების მქონე აღმოჩნდეს. ამას ხშირად ახლავს იგივე ზედოზირების შემთხვევები, რაც ცხადია, მნიშვნელოვანი საფრთხეა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ამიტომ, ასეთი განვითარება აჩვენებს საჭიროებას, რომ სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება ქვეყანას, მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ კუთხით განათლებული და ინფორმირებული მოქალაქეები, რომ იცოდნენ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე.

უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გამართული ჯანდაცვის რგოლი, ჯანდაცვის სექტორი არსებობდეს, რათა ადამიანი, თუკი დარწმუნდება, რომ მას ნარკოტიკიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემა აქვს, შესაბამის სამკურნალო პროგრამებს მიმართოს.

- საერთო ჯამში, სახელმწიფო ნარკოდანაშაულს არაეფექტურად ებრძვის?

- ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძალიან რთულია. გააჩნია, ჩვენ ბრძოლას რას დავარქმევთ. შეიძლება ითქვას, რომ პოლიცია აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. უბრალოდ, მთლიანი პასუხისმგებლობა პოლიციაზე არ უნდა მოდიოდეს და აქ მნიშვნელოვანია, სხვა რგოლებიც გააქტიურდნენ - ჯანდაცვის, განათლების სექტორები, რადგან ცალსახად, მხოლოდ სამართალდაცვითი მექანიზმები საკმარისი არ არის.

- რა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ნარკოტიკებთან ბრძოლისას - რეალიზაცია თუ მოხმარება?

- რისკები და გამოწვევები, ორივე მიმართულებით შეიძლება არსებობდეს, ცხადია, ნარკოტიკის მოხმარება სარისკო ქცევად მიიჩნევა, უბრალოდ, არასწორია, ნარკოტიკის მომხმარებელს რომ კრიმინალს ვეძახით. დღემდე, ჩვენი კანონმდებლობა, პოლიტიკა ასეთ მოწესრიგებას გვთავაზობს, რაც არასწორია. რეალურად, სახელმწიფო ნარკოტიკის მომხმარებელს სხვა ტიპის მიდგომებს, უფრო მხარდამჭერ მიდგომებს უნდა სთავაზობდეს, რადგან თუ ადამიანს დამოკიდებულება აქვს განვითარებული, მან ამ დამოკიდებულებას შესაბამისი მეთოდებით უშველოს. ნარკოპოლიტიკას ორი ტიპის ასპექტი აქვს, ერთია ნარკოტიკზე მოთხოვნის შემცირება, აქ შემოდის მომხმარებელი, რომელიც მოთხოვნის მთავარი სუბიექტია. მეორე არის მიწოდების შემცირება, რაც გავრცელებას, წარმოებას, უფრო მეტად ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. მოთხოვნის შემცირების კუთხით სახელმწიფოს მთავარი ბერკეტი დასჯაა. თუკი მოქალაქეებს მესიჯს გავუგზავნით, რომ ნარკოტიკის მოხმარება, ფლობა, სამაგალითოდ, მკაცრი სასჯელებით ისჯება, ეს უნდა იყოს მათთვის მესიჯი და ამის გამო მათ ეს ქმედება აღარ უნდა ჩაიდინონ. ეს აბსოლუტურად მოძველებული პარადიგმაა, რომელიც დიდი ხანია უკვე განვითარებულ სამყაროში გადაიხედა და ეს პრინციპი უარყოფილია, თუმცა, ჩვენთან კვლავაც ეს არის მოქმედი პრინციპი. ნაცვლად ამისა, საჭიროა, მოთხოვნაზე შემცირება სახელმწიფომ უზრუნველყოს იმით, რომ ქვეყანაში პრევენციული სისტემა არსებობდეს, მოქალაქეებმა იცოდნენ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე, როგორ აარიდონ თავი ნარკოტიკის მოხმარებას, როგორ შემცირდეს ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი, როგორ ჩართოს მოქალაქეები სახელმწიფომ ლეგალურ სერვისებში. მიუხედავად იმისა, რომ „მეტადონის“ პროგრამა უფასოა, იმდენი ბარიერია, ძალიან ბევრი ადამიანი მასში არ ერთვება, ეს უკვე პრობლემაა, რადგან ეს ადამიანები უკვე არალეგალურ, „შავ მარკეტში“ იღებენ მონაწილეობას და იქ ქმნიან ნარკოტიკზე მოთხოვნას.

- რა ბარიერები აქვს ამ პროგრამას?

- ძირითადი ხარვეზები, ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული. ბენეფიციარების გარკვეული შეფასება უნდა არსებობდეს. თუკი ბენეფიციარი წლებია აღნიშნული პროგრამით სარგებლობს, მისი მხრიდან შიდა ნორმატიული წესების, მოთხოვნების დარღვევა არ ფიქსირდება, თუ ის სამედიცინო სფეროს ექიმების მიერ გაწერილ რეჟიმს და წესებს მიჰყვება, ასეთ ადამიანებს ეს პროგრამა უნდა ენდობოდეს და თუნდაც შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოსახმარი რამდენიმე დღის საჭირო დოზა გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი, წამახალისებელი ფაქტორი იქნება, რომ ამ პროგრამით სარგებლობა გააგრძელონ ან სხვებმაც გადაწყვიტონ ამ პროგრამით სარგებლობა.

- ეს არ გაზრდის შესაძლო დანაშაულს მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ბენეფიციარების ნაწილი დღიურ საკუთარ დოზასაც კი ჰყიდის და ამ ფაქტზეც სამართალდამცავებს არაერთი პირი ჰყავთ დაკავებული?

- რაღაც დოზით შეიძლება ამან რისკი გაზარდოს, მაგრამ ეს საწყის ეტაპზე იქნება. თუკი ეს პროგრამა იმდენად ხელმისაწვდომი გახდება ადამიანისთვის, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, მას აღარ დაჭირდება შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენა, ის პროგრამაში ჩაერთვება, რაც არალეგალური ბაზრის მოცულობას შეამცირებს და უკანონო ბაზრიდან პირიქით, ნარკოტიკის მომხმარებელ ადამიანს ლეგალურ სერვისში გადმოიყვანს. შესაბამისად, ნარკოტიკის დილერებს და გამსაღებლებსაც ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ ნარკოტიკული საშუალებებით ივაჭრონ. არის რისკი, რომ ადამიანმა მისთვის სამყოფი დოზის რაღაც ნაწილი ან სრული მოცულობა სხვებს გაუზიაროს, ან გაყიდოს, თუმცა ამ რისკის გამო დიდ პოტენციურ ბენეფიტზე უარი არ უნდა ვთქვათ. პოზიტიური შედეგები ბევრად დიდია, ვიდრე ამ რისკით დამდგარი საფრთხე, თუ ზიანი. სამედიცინო დარგის ძალიან ბევრი სპეციალისტისგან მომისმენია მოსაზრება, რომ თუნდაც ადამიანმა ასეთი ნივთიერება გაიტანოს გარეთ და ვიღაცას მიჰყიდოს, ბევრად ნაკლებად საზიანოა, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით დამუშავებულია და სხვა ნარკოტიკებთან შედარებით უსაფრთხოა, რაც ბაზარზეა გავრცელებული. ეს რისკი არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება გამკლავება, პოტენციური, პოზიტიური შედეგი კი ბევრად დიდია.

ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, რომ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს ამ პროგრამიდან ეს ნივთიერება მაინც გამოაქვს და სხვებს უზიარებს, რეალურად აჩვენებს, რომ თვითონ პროგრამაშიც არ არის რაღაც კარგად. არალოგიკურია, პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა მოქალაქეებისთვის, მაგრამ იმდენად ხელმისაწვდომი არ არის ადამიანებისთვის, რომ მოქალაქეებს ურჩევნიათ, ნაცვლად ამ უფასო პროგრამაში ჩართვისა, გარისკონ საკუთარი ჯანმრთელობაც, ფინანსური მდგრადობაც და მათ შორის, გარისკონ საკუთარი თავისუფლებაც. ისინი დიდ რისკზე მიდიან და ამ პროგრამიდან გამოტანილ ნივთიერებას არალეგალურად იძენენ. ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს იქ აკვირდებიან, რომ ეს ნივთიერება გადაყლაპონ, მაგრამ შეიძლება ეს რისკები ბოლომდე არ იყოს დაზღვეული და მაინც მოახერხოს ბენეფიციარმა პირის ღრუთი ნივთიერების გატანა. ამ რისკებს სახელმწიფო ბოლომდე ვერ დააზღვევს. იყო შემთხვევა, როცა პროგრამის ერთ-ერთი თანამშრომელი იმის გამო დააკავეს, რომ ნარკოტიკული საშუალება გაჰქონდა, ასეთ შემთხვევებს, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო თავიდან ვერ აიცილებს, მთავარია, ეს ერთეული შემთხვევა იყოს და არ იყოს სისტემური პრობლემა.

- ანუ „მეტადონის“ პროგრამა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის?

- ამ პროგრამის პრობლემაა ის, რომ ხელმისაწვდომი და მოქნილი არაა ბენეფიციარებისთვის, ის უფრო მეტად მათზე ორიენტირებული არ არის, ამ პროგრამის მონაწილეებისთვის მისით სარგებლობა გართულებულია. ასევე, გამოწვევაა, ამ პროგრამასთან დაკავშირებული აღქმები და სტერეოტიპები. ძალიან ხშირად, ამის ირგვლივ არასწორი აღქმებია. რეალობა ასეთია, ადამიანი რაც უფრო დიდ ხანსაა ამ პროგრამაში ჩართული, იმაზე მიუთითებს, რომ ის ახერხებს მართვის ქვეშ ჰქონდეს საკუთარი წამალდამოკიდებულობის პრობლემა ანუ პროგრამაში დიდ ხანს ყოფნა ცუდი მოვლენა არაა. ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარი ამ პროგრამას ენდობა და მისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ იგივე, ქუჩაში არ მოუწიოს ნარკოტიკის შეძენა და ა.შ. არადა, საჯარო სივრცეშიც მოგვისმენია მოსაზრება, რომ თითქოს, „მეტანოდის“ პროგრამაში პაციენტებს ითრევენ, ძალით იყოლიებენ, რომ ადამიანები რაც შეიძლება დიდ ხანს გააჩერონ, ეს ასე არ არის. ამ პროგრამაზე ნარკოტიკის მომხმარებელსაც შეიძლება ჰქონდეს ასეთი არასწორი აღქმები, რაც მათ მოტივაციას უმცირებს, რომ აღნიშნულით ისარგებლონ.

- როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ნარკოტიკების გავრცელება მარტივად ხდება. შეიძლება თუ არა, ამ მხრივ პრობლემად მივიჩნიოთ ღამის კლუბები და გასართობი ადგილები? რამდენად ეფექტიანად ხდება ამ დანაშაულების იქ აღკვეთა, რადგან ხშირად, საზოგადოებაში განცდა რჩება, თითქოს, პოლიცია აღნიშნულ ადგილებს ნაკლებად აკონტროლებს.

- გასართობ ადგილებზე თუკი რამე პრობლემა არის, ამ პრობლემას პოლიციის ყოფნა ვერ უშველის. რეალურად, შეიძლება გასართობი სივრცეები უკანონო ნივთიერებების მოხმარებას გარკვეული დოზით უკავშირდებოდეს, თუმცა, სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს, რომ ამ პრობლემას პოლიციის ხელით უშველოს, ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფომ ღამის კლუბებში საპოლიციო რეიდები ჩაატარა, თუმცა ამას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია, იქ, ადგილზე გარკვეული ტიპის ნივთიერებები აღმოაჩინეს, მაგრამ ამ ნივთიერებებიდან არც ერთი არ იყო ისეთი, რომელიც წინა დღეებში ქალაქში ზედოზირებას იწვევდა. თუ, ეს პერმანენტულ ხასიათს შეიძენს, კლუბური ცხოვრება, კულტურული სივრცეებიც კიდევ უფრო ანდერგრაუნდში, კიდევ უფრო მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ისაა, საფესტივალო სივრცეებზე, დიდ კულტურულ მოვლენებში, სადაც ასეთი რისკები არსებობს, არსებობდეს ზიანის შემცირების თანამედროვე მიდგომები. მაგალითად, არსებობს ასეთი ორგანიზაცია „მანდალა“, რომელიც ნარკოტიკების უფასო ტესტირებას აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რეალურად რა ნივთიერება აქვთ მათ და რა ნივთიერებაა ის, რაც უნდა მოიხმარონ. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ზედოზირების რისკები, თუ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სხვა ზიანის საფრთხეები. თუმცა, სახელმწიფო ასეთ პროგრამებს - ნარკოტესტირების პროგრამებს, თუ ორგანიზაციებს დიდად არ სწყალობს, არ ეთანამშრომლება და ასეთი ორგანიზაციები ძალიან დიდი რისკის ფასად, საკუთარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკის ფასად ახორციელებენ ამ საქმიანობას, რაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან დიდ საფესტივალო სივრცეებში ნამდვილად არის ნივთიერებების ზედოზირების რისკი მომატებული, ამას სჭირდება გამკლავება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსგანაც იყოს ასეთი ტიპის პროგრამების რაღაც გარკვეული ტიპის მხარდაჭერა.

- ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილი, სადაც ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება, ფონიჭალაა. მიუხედავად გახშირებული სპეცოპერაციებისა, ეს რაიონი ამ მხრივ პრობლემურად რჩება. რა არის ამის მიზეზი?

- ფონიჭალის ფენომენი ძალიან საინტერესოა, მე რომ აკადემიურ საქმიანობას ვეწეოდე, დარწმუნებული ვარ, საინტერესო კვლევების გაკეთება შეიძლებოდა ფონიჭალაში არსებულ მდგომარეობაზე. ახალი ამბავი არ არის, წლებია, 90-იანი წლებიდან ეს პრობლემა დგას, ფონიჭალის ხსენებაზე მოქალაქეების უმეტესობას ნარკოტიკების ასოციაცია უჩნდებათ. ერთის მხრივ, კვირა თუ არა, თვე არ გავა, იქ სპეცოპერაცია არ ჩატარდეს. მეორეს მხრივ, ფონიჭალის პრობლემა მაინც აგრძელებს არსებობას. შეიძლება შეთქმულების თეორიებში შესვლა ძალიან არასწორია, მაგრამ წარმოუდგენელია, სახელმწიფო, სამართალდამცავი უწყებების გარკვეული ნაწილის, შეიძლება დაბალ დონეზე, მაგრამ მათი ჩართულობის გარეშე ეს პრობლემა ასე განაგრძობდეს ფაქტობრივად, უწყვეტად არსებობას.

- რას გულისხმობთ?

- შეიძლება სახელმწიფომ იცის, რომ ეს პრობლემა არსებობს, სად არსებობს, რა დოზით და ამ პრობლემას მაშინ აცოცხლებს, როცა ეს სჭირდება. მაგალითად, ძალიან ხშირად იყო წინა წლებში შემთხვევები, როცა პოლიტიკური კრიზისი იყო, ან სამართალდამცავ ორგანოებში რაღაც ტიპის პრობლემები არსებობდა და სწორედ ამ დროს ვხედავდით რაღაც მასშტაბურ სპეცოპერაციას ფონიჭალაში, რომ თითქოს, მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, პოლიცია რაღაცას აკეთებდა, ეფექტიანად ებრძოდა დანაშაულს, ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობას. ჩემთვის ეს ასეთ აღქმას უფრო ტოვებს, მაგრამ ეს პერსონალური აღქმაა. ცხადია, ამის მიღმა რაიმე მტკიცებულება არ მაქვს, რომლითაც ამ ჩემს აღქმას დავასაბუთებ. თუმცა, ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, რომ ფონიჭალაში, წლებია, ეს პრობლემა არსებობს და ძალიან ხშირად, იქ ჩატარებული სპეცოპერაციები ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პრობლემებს ემთხვევა, იმ აღქმას მიჩენს, რაზეც ვისაუბრე.

ნარკოტიკული დანაშაული ფონიჭალაში რომ ხდება, ეს სარწმუნოა. წარმოუდგენელია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ვაჭრობის დანაშაულზე მიუთითებს, ეს ტყუილი იყოს, არაფერში აწყობს პოლიციას ეს მოიგონოს და ასეთ დანაშაულზე სპექტაკლი დადგას, მაშინ როცა საქმეებში ბევრი მტკიცებულება არსებობს, ფაქტია, რომ ეს მოცემულობა არის.

- თუ აწარმოებთ სტატისტიკას და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, არის თუ არა ნარკოდანაშაული ბოლო პერიოდში გაზრდილი?

- ნარკოდანაშაულის სტატისტიკას ვსწავლობთ და ყოველწლიურად გამოვცემთ წლიურ ანგარიშებს. 2022 წლის სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ წინა წლებთან შედარებით, ნარკოტიკის მოხმარების და ზოგადად, ნარკოდანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს გაზრდა წინა წლებს მიემართება, როცა ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო. რეალურად, 2022 წლის სტატისტიკა გათანაბრებულია პანდემიამდე არსებულ მდგომარეობაზე, რაც უფრო იმის მანიშნებელია, რომ კი არ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარება, უბრალოდ პოლიციელები უფრო მეტად ახერხებენ ამის აღმოჩენას, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვები მოიხსნა, მოქალაქეები გარეთ გადიან, სახლში ყოფნა აღარ უწევთ და ა.შ.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ქვეყანაში ძირითადად, რა ტიპის ნარკოტიკებია გავრცელებული და ამოღებული?

- კონკრეტულ ნივთიერებებზე არ ვიცი, მაგრამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები მასიურად და მარტივად ვრცელდება საქართველოში. მათი წარმოება ძალიან მარტივია, ეს ნივთიერებები მაღალი პოტენციის მატარებელია, შესაბამისად, მათი მცირე მოცულობა უფრო დიდი ნარკოტიკული თრობის მომტანია, ამიტომ თუკი, პირობითად, კანაფის შემთხვევაში საჭიროა დიდი მოცულობით გადატანა, ეს ნივთიერებები შეიძლება უმცირესი დოზით ასჯერადი მოხმარების დოზა იყოს, ამიტომ გავრცელება ამ კუთხითაც ადვილია, მათი აღმოჩენა რთული იმიტომ არის, რომ იგივე კლასიკური მეთოდები ნარკოტიკის აღმოჩენის - პოლიციელებს რაც აქვს, არ მოქმედებს, ეფექტური არ არის და ასევე, ქვეყნის შიგნით მათი გავრცელება ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება, სოციალური ქსელებით, რაც ამ პრობლემასთან ბრძოლისას სამართალდამცავების ძალისხმევას მინიმუმ, აორმაგებს.

- და ბოლოს, ნარკოდანაშაულში არასრულწლოვნების მონაწილეობაზეც მინდა გკითხოთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში?

- ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა აქ 2023 წლის ბოლოს იგეგმება. კვლევის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, მოზარდებში, 15-16 წლის ასაკში გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე საშუალო ევროპულს ზოგჯერ 2-ჯერაც აღემატება. მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ინჰალანტების ხელმისაწვდომობა, რაც იმას აჩვენებს, რომ მოზარდები იმ ნივთიერებას მოიხმარენ, რაც ფინანსური თვალსაზრისით მეტად ხელმისაწვდომია და რაზეც სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლი, ბრძოლის მექანიზმები არ აქვს. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია, სასკოლო სივრცეში, განათლების სისტემაში ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის უფრო სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით და მოზარდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის