ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023

“ფარცხალაძის სკანდალი და იმპიჩმენტი - დაითანხმებს თუ არა „ოცნება“ პარლამენტში 12 ოპოზიციონერს პრეზიდენტის გადაყენებაზე”

„აბრამსები“ და რეფორმების მოთხოვნა აშშ-დან - რა ხდება ფრონტზე და რას მოასწავებს მძლავრი საჰაერო დარტყმები ორივე მხრიდან

***

“ფარცხალაძის სკანდალი და იმპიჩმენტი - დაითანხმებს თუ არა „ოცნება“ პარლამენტში 12 ოპოზიციონერს პრეზიდენტის გადაყენებაზე”

“აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, სულ უფრო ხშირად კეთდება მინიშნებები, რომ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას საპარლამენტო ოპოზიციაშიც ჰყავს მხარდამჭერები. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვებას? ანალიტიკოსები ამაზე წინასწარ ვერაფერს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ წესით პრეზიდენტის გადაყენება არც „ოცნებას“ უნდა აწყობდეს და არც ენმ-ს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ფარცხალაძის სკანდალი და იმპიჩმენტი - დაითანხმებს თუ არა „ოცნება“ პარლამენტში 12 ოპოზიციონერს პრეზიდენტის გადაყენებაზე”

„საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტებიც“, რაც დამატებით კიდევ 4 ხმაა. შესაბამისად, იმპიჩმენტისათვის კიდევ 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარი თქვა, იგი ხელისუფლების გარდა ოპოზიციის მხრიდანაც მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის გავლენით კი ოპოზიციის და განსაკუთრებით ენმ-ის თავდაპირველი უარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე ანალიტიკოსთა და თავად ოპოზიციის ნაწილისთვისაც კი უკვე არც ისე დამაჯერებელი ჩანს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ იმპიჩმენტის შესაძლო მხარდაჭერა ენმ-ს პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება და მათ გაუჭირდებათ ამ გადაწყვეტილების ახსნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსთა აზრით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი წესით არ „ქართულ ოცნებას“ უნდა აწყობდეს. თავად ეს პროცედურა კი მათ მხოლოდ იმ მიზნით წამოიწყეს, რომ სამართლებრივად დადასტურდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოქტომბერს კი 12 საათზე დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილება კი სასამართლომ 12 ოქტომბრამდე უნდა გამოაცხადოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლეოსბასა და ენმ-ის ფრაქციის ცალკეულ წევრებს შორის გარიგება შედგეს, რისი პრეცედენტიც უკვე იყო. „ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც შეიძლება, ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ, მათი ალიანსი კიდევ ერთხელ დადასტურდეს და თანამდებობიდან ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი. „მსგავსი პრეცედენტები ყველას გვახსოვს, როცა რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში მურუსიძის კლანი გააძლიერა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს და ზურაბიშვილი გადააყენონ. პრეზიდენტთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა სამშაბათს ანა ბუჩუკურმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის საჭირო ხმების მოგროვებას არც დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე გამორიცხავს. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. „მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კალაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, წესით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა აწყობდეს. მისი აზრით, იმის ალბათობა, რომ ენმ-ში ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერა სურთ, დიდია, თუმცა ეს მათვე დააზიანებს. „ჩემთვის გაუგებარია პოლიტიკურად, ან ერთს - ხელისუფლებას ვგულისხმობ - და ან მეორეს, „ნაციონალებს“, რაში სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი. ორივე მათგანს ეს საკმაოდ დააზიანებს. მაინც ვფიქრობ, რომ „ოცნება“ ამას მხოლოდ სამართლებრივი მიზნით აკეთებს და უბრალოდ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გამო რეაგირება ამ ფორმით მოახდინეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად ხელისუფლებას მისი იმპიჩმენტი სურს. ეს უბრალოდ არის რეაქცია მის ქცევაზე და საბოლოო ჯამში იმპიჩმენტი არ სურთ. „ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი დასავლეთის თვალში ძალიან დააზიანებს. ეს გაგებული იქნება ისე, რომ პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი ხელისუფლებამ იმპიჩმენტით მოიშორა თავიდან. დასავლურ წრეებში იმის უფრო მეტი არგუმენტი გაუჩნდებათ, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. მით უმეტეს, თუ ეს მოხდა კანდიდტის სტატუსის საკითხის განხილვის წინ. ამიტომ ამ თავის ტკივილის ატეხვა „ოცნებას“ ბოლომდე არ უნდა. „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი თუ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, პირველ რიგში დასავლეთში მათ მიმართ ისედაც სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ ელიტაში კიდევ უფრო განულდებიან. მათ გაუჭირდებათ ამის ახსნა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის იქნება გაუგებარი. ამით ხელისუფლება და ენმ ერთ თამაშში აღმოჩნდებიან, რაც „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის რადიკალური ფრთისთვის სრულიად მიუღებელი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე“, - დასძენს გამოცემა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ არსებობს ალბათობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ნაბიჯი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერა - მართლაც გადადგას. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამას ალბათ ისევ იმიტომ გააკეთებენ, რომ აქედან რაიმე სარგებელი ნახონ და ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების განცდა შექმნან. „ენმ-ის ხასიათი რომ ვიცი, შესაძლოა „ოცნებამ“ იპოვოს ეს 12 კაცი და ძალიან მარტივადაც იყიდოს. ამის ალბათობა დიდია და ფაქტია, რომ ერთმანეთს თავად პარტიაშიც კი არ ენდობიან. მე არ ვიცი „ოცნებას“ რამდენად აწყობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ან რაში აწყობს. თუმცა, დიდია ალბათობა, რინ „ნაციონალებს“ ეს ქვეყანაში დაძაბულობისა და პოლიტიკური არამდგრადობისთვის აწყობდეს. „მაგალითად, თუ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, მერე თავიაანთ კანდიდატს დააყენებენ. მართალია, მერე ახალი პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს და იმის ალბათობა, რომ ეს მათი კანდიდატი იქნება, დაბალია, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად აწყობთ. ქვეყანაში მოსახლეობის სხვა რამზე ყურადღების გადასატანად ნამდვილად სურთ. „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ ახლა ერთმანეთს ძალიან დაემგვანენ. ორივეს საერთო ინტერესები აქვთ. ამიტომ გამორიცხვით მე არაფერს გამოვრიცხავ. უბარლოდ ეს ენმ-ს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება, შესაძლოა ამომრჩევლის დაკარგვის ფასადაც კი. ამიტომ რამდენად უღირთ და რაში სჭირდებათ ამხელა რისკზე წასვლა, ეს უნდა გაანალიზონ. სხვაგვარად ენმ 2024 წლის არჩევნების წინ თვითმკვლელობის ტოლფას საქმეს ჩაიდენს“, - ამბობს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თუ რეალურად შედგა, მაშინ მას შეუძლია 2024 წლისთვის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მას შეუძლია ამით ე.წ. „მესამე ძალის“ ამომრჩეველზე იმუშაოს. თუმცა, დამოუკიდებლად პარტიის შექმნის შემთხვევაში, ის 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს“, - წერს სტატიის ავტორი.

„აბრამსები“ და რეფორმების მოთხოვნა აშშ-დან - რა ხდება ფრონტზე და რას მოასწავებს მძლავრი საჰაერო დარტყმები ორივე მხრიდან

„უკრაინაში ფრონტიდან რამდენიმე დღეა მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, რაც ანალიტიკოსების ნაწილს უტოვებს იმის განცდას, რომ ფრონტი ფაქტიურად გაყინულია. ამის ფონზე უკრაინამ აშშ-დან ახალი შეიარაღების მიღება დაიწყო, თუმცა პარალელურად მიიღო გარკვეული რეფორმების გატარების რეკომენდაციაც, რომელთა შესრულებაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება უკრაინის სამხედრო დახმარება. პარალელურად კი ორივე მხრიდან მასშტაბური საჰაერო დარტყმები მიდის, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას უკავშირება. რუსები ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა, უკრაინის სამიზნე კი რუსები შავი ზღვის ფლოტია, რათა მან მარცვლეულის გატანის შეფერხება ვერ შეძლოს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „აბრამსები“ და რეფორმების მოთხოვნა აშშ-დან - რა ხდება ფრონტზე და რას მოასწავებს მძლავრი საჰაერო დარტყმები ორივე მხრიდან

„განსაკუთრებით ძლიერი იყო რუსების დარტყმა ოდესის პორტზე და უკრაინელების შეტევა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე. უკრაინელები წერენ, რომ ამ შეტევისას დაიღუპა შავი ზღვის ფლოტის სარდალი, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი. თუმცა 26 სექტემბერს გაავრცელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომის კადრები, რომელზეც დარბაზში მყოფი სოკოლოვიც ჩანს. ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს დადგმული კადრები იყოს. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-დან „აბრამსის" ტიპის ტანკების პირველი პარტია მიიღო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი კიევს შორი რადიუსის რაკეტებს „ატაკემს"-ებს (ATACMS) გადასცემს და ისინი მხოლოდ კასეტური ჭურვებით იქნება აღჭურვილი. ამის პარალელურად კი თეთრმა სახლმა უკრაინას ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ რეფორმების გატარებას სთხოვს. სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ იარაღის გადაცემა ფრონტზე მნიშვნელოვან ლოკალურ გარდატეხას შეიტანს. კიევი კი შეეცდება აშშ-ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რადგან ომის მსვლელობაში დამაბრკოლებელი არ გახდეს დახმარების შეფერხება“, - აღნიშნავს გამოცემა.

25 სექტემბერს ოდესის პორტზე რუსულ მასშტაბურ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. მარცვლეულის საცავის გარდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო ნავსადგურის და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს შენობები. ასევე რუსების საჰაერო დარყმის შედეგად განადგურდა ორლოვკას საგუშაგო და ერთადერთი საბორნე პუნქტი, რომელიც აკავშირებს უკრაინას რუმინეთთან. განადგურებულია რამდენიმე საწყობიც. ამავე დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში ოთხი ავიაბომბი ჩამოაგდეს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. მანამდე კი, 22 სექტემბერს, უკრაინელებმა მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ შტაბზე. უკრაინული მხარის ცნობით, ამის შედეგად დაიჭუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი და კიდევ 33 მაღალი რანგის ოფიცერი, ასევე 105 სამხედრო, შენობა კი აღდგენას აღარ ექვემდებარება. თუმცა, სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომიდან, სადაც ჩანს, რომ მას სოკოლოვიც ესწრება. 26 სექტმბერს კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსიდან" ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების შტაბზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, სადაც, მათი ცნობით, ოპერატიული თათბირი მიმდინარეობდა. უკრაინული მედია წერს, რომ 8 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 7 დაიჭრა“, - განაგრძობს გამოცემა.

„პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტი „გაყინული" არაა და მაღალი ინტენსივობის ბრძოლები მიდის ყველა მხრიდან, უბრალოდ ამაზე ინტენსიურად არ წერენ. მისი თქმით, საჰაერო დარტყმებით რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ბლოკადის გაძლიერება სურთ, უკრაინელებს კი - რუსების ლოგისტიკური და მართვითი ცენტრების განადგურება. „არ ვფიქრობ, რომ ფრონტზე არაფერი ხდება და გაყინულია. ყველა მიმართულებაზე ყოველდღიურად მაღალი ინტენსივობის ბრძოლა მიდის. მთავარი ამოცანაა, რომ მაღალი ინტენსივობის ბრძოლები შენარჩუნდეს. მედიაში რომ არ ვრცელდება ცნობები, ეს არაფერს ნიშნავს. ბრძოლა ყოველდღიურად მიდის და ომის დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა არ შეწყდეს. „რაც შეეხება დაბომბვებს, უკრაინა ძირითადად ამაზეა ორიენტირებული, თუმცა რუსებს სარაკეტო დარტყმების გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე უკრაინას, რომელიც ძირითადად იმ მცირე საშუალებებით შემოიფარგლება, რაც აქვთ - „ნეპტუნის" რაკეტების სახმელეთო ვერსია, „შტორმ შედოუ" და უპილოტო საფრენი მოწყობილობები. „უკრაინა ძირითადად ცდილობს, რომ სამხედრო ობიექტებს, სამეთაურო პუნქტებს დაარტყას. რუსების შავი ზღვის ფლოტზე იერიში ძალიან გააქტიურებულია - როგორც სამეთაურო რგოლზე, ასევე სხვადასხვა მცურავ საშუალებებზე. ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში კი უკრაინელები ლოჯისტიკურ ხაზებს ბომბავენ და დრონებით მცირე მიზნებს აზიანებენ. ეს უკრაინის სტრატეგიაა - ცდილობს, რომ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად მწყობრიდან გამოიყვანოს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტურადაც გამოსდის. „რუსეთი კი რას ცდილობს - ბოლო სარაკეტო დაბომბები რაც ვანხეთ, დარტყმები აქამდე თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო, ახლა ძირითადი დაწოლა მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზეა - რომ დაზიანდეს და მაქსიმალურად განადგურდეს ის, რაც უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას ხელს შეუწყობს. ჯერ დუნაიზე დაბომბეს მარცვლეულის ტერმინალი, ახლა ოდესაში. ძირითადი მიზანი ისაა, რომ უკრაინამ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ექსპორტზე ვერ გაიტანოს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ“, - დასძენს გამოცემა.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალზე უკრაინული ინფორმაცია უფრო დამაჯერებელია და რუსული კადრები დადგმულს ჰგავს. „უკრაინა ასეთ ინფორმაციას ტყუილად არ გაავცელებდა, რომ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის სარდალი დაიღუპა. რუსებისგან უფრო მგონია მანიპულაცია და შესაძლოა კადრები დადგეს. „რაც შეეხება დარყმებს, უკრაინელებს „ჭკვიანი" ბრიტანული „შტორმ შადოუ"-ები აქვთ. ეს ზუსტი დამიზნების იარაღია და რუს ოკუპანტებს საკმაოდ სერიოზული ზარალი მიაყენეს, ფაქტიურად მთავარი შტაბი გაუნადგურეს. უკრაინელებმა ახალი ტაქტიკური ელემენტი გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სიატემები გაარღვიეს. ჯერ დრონების შეტევით რუსი სამხედრობის ყურადღება გადაიტანეს და სარაკეტო დარტყმები დაიწყეს, რასაც სერიოზული ფსიქოლოგიური ეფექტიც ჰქონდა. „რუსეთის დარტყმების მიზანია, რომ უკრაინა ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს, თუმცაღა როგორც კი უკრაინელებმა შავი ზღვის ფლოტს დაარტყეს, ოდესიდან ხორბლის პირველი რეისი გამოვიდა, რუმინეთში ჩავიდა და იქიდან მოხდა ხორბლის გატანა. „მგონია, რომ სარაკეტო დარტყმები გამწვავდება. რადგან ამერიკელები „ატაკემსებს" გადასცემენ და ეს ზუსტი დამიზნების სარაკეტო კომპლექსი რუსების შეშფოთების მიზეზია, რადგან ამის მიწოდებით უკრაინას დიდი უპირატესობა ენიჭება, რომ ოკუპანტებს ლოჯისტიკური ხაზები გადაუჭრას. ითქვა, რომ ამას რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ, თუმცა რუსებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმდენი ბაზა და მომარაგების ცენტრი აქვთ, რომ ეს რომ განადგურდეს, რუსებისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან", - წერს გამოცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ამერიკული „აბრამსის" ტანკების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია, რასაც კრემლისგან გამოხმაურება მოჰყვა. პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „აბრამსები" სერიოზული იარაღია, თუმცა საბრძოლო მოქმედების მსვლელობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. „უკრაინის დამცველები არ გეგმავენ, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, მალე გადასცეს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენონ", - ამის შესახებ კი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმ, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ამის პარალელურად, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში მაიკ პაილმა დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას წერილი გაუგზავნა, სადაც დაფიქსირებულია იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინამ მისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გასაგრძელებლად უნდა გაატაროს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ახალი შეიარაღება ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. მისი თქმით, კორუფცია უკრაინისთვის „აქილევსის ქუსლია" და ქვეყნის ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ ვაშინგტონის მოთხოვნები გაითვალისწინოს, რათა ეს არ გახდეს სამხედრო დახმარების შეფერხების მიზეზი. „უკრაინა ყველა შეიარაღებას ეფექტურად იყენებს. ამ შეიარაღების გადაცემა სტრატეგიულად ბევრს არაფერს შეცვლის. თუმცა, ტაქტიკურად და ოპერატიულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალები ჰქონდეს, რათა ომის გაგრძელება შეძლოს. ახლა ისეთი შეიარაღების მიწოდება უნდა მოხდეს, რომელიც ნამდვილად ესაჭიროება. „ატაკემსზე" ნამდვილად არის საუბარი და ალბათ „ეფ-16"-ების გადაცემაც დროულად უნდა დაიწყოს, რათა უკრაინამ შეძლოს და ის უპირატესობა, რაც რუსეთს გააჩნია სარაკეტო დარტყმების მხრივ, რაღაცა სახით დაბალანსდეს. „შტორმ შადოუები", „ატაკემსები" და „ეფ-16"- ები ამას ნამდვილად შეძლებენ. „უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ მედგრად იბრძვის, „აქილევსის ქუსლები" ნამდვილად აქვს. სისტემური კორუფცია ისევ დიდი პრობლემაა და რა თქმა უნდა, აშშ-სგან, ევროპისგან და სხვა მოკავშირეებისგან ყოველთვის იქნება მოთხოვნა, რომ სწორი რეფორმები ჩაატაროს, ამაში უჩვეულო არაფერია. „იარაღის გადაცემა კი ხდება, მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე საკმაო დრო გადის. ვისურვებდი, რომ ტემპი უფრო ჩქარი იყოს. არ მგონია, რომ ამ ამბავმა იარაღის მიწოდება შეაფერხოს, რადგან უკრაინელები ყველაფერს საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს და რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოსდით. დიდი შეცდომა იყო პოლონეთთან ურთიერთობის დაძაბვა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

„სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ახალი იარაღით უკრაინას ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. რაც შეეხება აშშ-ის რეკომენდაციებს, მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინა ამას შეასრულებს. „ამ იარაღით ლოკალური ტაქტიკური შეტევების წარმოება შეიძლება და არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალურ მასშტაბებში ფრონტის ხაზი გაარღვიონ, რაც უკრაინას იმის საშუალებას მისცემს, რომ შემდგომში სტრატეგიული შეტევები განავითარონ. „აბრამსის" ტანკებს ეს შეუძლიათ, რომ კარგად ეშელონიზირებული და გამაგრებული ზღუდეები გაარღვიონ. „ატაკემსებით" შეიძლება გაანადგურონ ბუნკერები, სანგრები და ა.შ. ეს იმდენად სერიოზული იარაღია, რომ არ გამოვრიცხავ რუსეთმა დარტყმებს მოუხშიროს. „როგორც ჩანს, უკრაინა აშშ-ის მითითებებს გაითვალისწინებს რეფორმების თვალსაზრისით. ისინი ითხოვენ, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს ტენდერებისა და შესყიდვების პროცესები და საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ამას უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეასრულებს, რათა ეს ყველაფერი სამხედრო დახმარებაზე არ აისახოს და ფრონტზე დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდეს. „თუმცაღა, აქვე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკული დახმარება სხვა მიზეზის გამო გარკვეულწილად შემცირდეს, რადგან ახლა წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ. ამასთანავე, 2024 წლისთვის საბიუჯეტო ხარჯებზე მუშაობენ და თავდაცვაზე რამდენი იქნება გამოყოფილი, გაირკვევა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო