ლევან ხაბეიშვილი მელიაზე - მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენის გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა

კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ და რა გზით აგრძელებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ, - ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის თანახმად, 7 ოქტომბერს შეიკრიბებიან და საზოგადოებას გააცნობენ, თუ რა პლატფორმიდან იბრძოლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა.

“ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ აჯობებს საკუთარ თავს, პირად ამბიციებს, პირად წყენას გადადებს და მზად იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლოს, ცხადია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, პოლიტიკური ჯგუფისთვის,სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის კარი იქნება ღია. კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ან არ იბრძოლონ ან სხვა სტრატეგია აირჩიონ. შესაბამისად, ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება. ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა. ჩვენ გვაქვს “გამარჯვების პლატფორმა” და ამ პლატფორმის კარი, ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა მელიასთან ამ საკითხზე საუბარი, როგორც ხაბეიშვილი პასუხობს, საჯარო პოლიტიკის მომხრეა და კულუარებში, კარს მიღმა მოლაპარაკებებს არ ემხრობა.

“საჯაროდ ვაფიქსირებ იმ პოზიციას, რომელიც, მათ შორის აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაბამისად, არავის დახურულ კარს მიღმა არ ვხვდები, საჯაროდ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, “ნაციონალურ მოძრაობაში” განსაკუთრებით, აღარასდროს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ პრეცედენტი გვაქვს, სადაც პარტიის თავმჯდომარე პირდაპირი წესითაა არჩეული, პოლიტიკური საბჭოს წევრებიც. ამიტომ გამჭვირვალობა, არჩევითობა “ნაციონალურ

მოძრაობაში” შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი იქნება. ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ერთობა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ და რა გზით აგრძელებენ ბრძოლას, თავად ამ დრომდე არ იციან და ამბობენ, რომ მომავალში რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ამის უფლება აქვთ, ოღონდ რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ. ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, მათ შორის ხალხთან კომუნიკაცია, საპენსიო რეფორმები, პარტიაში მიმდინარეობს მუშა პროცესი და ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მთელი ქვეყნიდან თანამოაზრეები შეიკრიბებიან და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.

„თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან ვიკრიბებით და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე არ ვაპირებ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილზე, საკმარისი ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა სულ სხვაა. როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არც 10, 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საერთო მიზნის გარშემო ერთ ორბიტაზე აუცილებლად ვიქნებით“, -განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარის არხის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო