ნონა ქურდოვანიძე - სამართლებრივად გამოჩნდა, რომ სები მოერგო ერთი პირის - ფარცხალაძის ინტერესებს - სანქციას აქვს სწრაფად აღსრულების ეფექტი და არ შეიძლება მისთვის ამ ბერკეტის გამოცლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

სამართლებრივად გამოჩნდა, რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში შეიცვალა რეგულაცია და ის მოერგო ერთი პირის ინტერესებს იმ მომენტისთვის, საუბარია ფარცხალაძეზე, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ, ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა არარსებობა დამოკიდებული იყოს ადამიანის მოქალაქეობაზე.

ამასთან, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სანქციას აქვს სწრაფად აღსრულების ეფექტი და არ შეიძლება მისთვის ამ ბერკეტის გამოცლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში.

„მაშინ, როდესაც ამოქმედებული იყო სანქციები, ახალმა რეგულაციამ, სანქციების მიღმა დატოვა იმ მომენტისთვის პირი, რომელიც სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა, საუბარია ფარცხალაძეზე. რეგულაციამ გამიჯნა საქართველოს მოქალაქეები სხვა პირებისგან და დაადგინა, რომ გარკვეული შეღავათები არსებობადა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო სახეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოქმედდებოდა შეზღუდვები, რაც არასწორი პრაქტიკა და არასწორი გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, ეს მოერგო ერთი ადამიანის ინტერესებს, ეს ცხადი იყო და ასე გამოჩნდა. გარდა ამისა, არგუმენტები, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მომხდარიყო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული და ამის შემდეგ ამოქმედებულიყო სანქცია, ესეც არ არის სამართლებრივად სწორი პოზიცია.

ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა არარსებობა იდგეს ამ შემთხვევაში მოქალაქეობის ნიშნით ასე გამიჯვნაზე არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი და ეს არგუმენტი არასწორია.

გარდა ამისა, სანქციების რეჟიმი განსხვავებულია ჩვეულებრივი რეჟიმებისგან, სანქციებს ის ეფექტი აქვს, რომ ის აღსრულებადია სწრაფად. თუ მას ამ ბერკეტს გამოაცლი, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო დონეზე სანქციების გამოყენების მექანიზმებს, თუ მაინც სასამართლო ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნებოდა, პირს უნდა დაეკისროს თუ არა კონკრეტული სანქცია?“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ სებ-ის თანამშრომლების ნაწილმა დაიწყო პეტიციის შეგროვება, რომელიც შეეხება 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას, თუმცა აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის გამო საზოგადოებამ აღნიშნული პეტიცია ვერ იხილა. როგორც მან აღნიშნა, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ძალიან მძიმე საქმესთან გვექნება შეხება.

„ამ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცათ. თუმცა ამას გადამოწმება სჭირდება. ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა სუს-ის გავლენები თუ არსებობს, ეს ძალიან მძიმე პრობლემაა, ამაზე ხშირად ისმის საუბარი, რომ სუს-ს აქვს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე მას კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული და ეს ჩარევები არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ელემენტი, ეს გაცდენილია დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

ის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეეხო და აღნიშნა, რომ სამართლებრივად ზურაბიშვილს უფლება არ ჰქონდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ გაეუქმებინა.

„ალბათ, უფრო მორალური შეფასების ჭრილში ჯდება, როგორც საქართველოს მოქალაქე ისე დაისაჯოს თუ არა ფარცხალაძე, სამართლებრივად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ არ შეუწყდა მოქალაქეობა ფარცხალაძეს, არის კანონთან შეუსაბამო, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. კანონმდებლობა და სამართლებრივი შეფასება ცალსახად ადგენს, რომ თუ პირს აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და თუ ამის შესახებ მანამდე არ იცოდნენ სახელმწიფო ორგანოებმა და ეს შეიტყვეს მოგვიანებით, უნდა დაიწყოს ამაზე წარმოება და უნდა შეწყდეს მოქალაქეობა და პრეზიდენტის როლი ამ შემთხვევაში ძალიან ფორმალურია, იმიტომ, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ შეუნარჩუნოს, მან უნდა შეუწყვიტოს აუცილებლად მოქალაქეობა“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო