მიხეილ სარჯველაძე - სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების მიზეზი იყო სებ-თან დაკავშირებული ცვლილებები - ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ სწრაფად აღდგება ურთიერთობები სავალუტო ფონდთან

სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების მიზეზი იყო სებ-თან დაკავშირებული ცვლილებები - ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ სწრაფად აღდგება ურთიერთობები სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება პროგრამის შეჩერების თაობაზე ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, სარჯველაძის აზრით, "როგორც ჩანს, ფონდისთვის კანონში ცვლილებების შესახებ არ იყო საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული". სარჯველაძე მიიჩნევს, რომ გატარებული ცვლილებები არ იძლევა ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.

"რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას და თუ არ მეშლება, ამაზე საჯარო სივრცეშიც ითქვა, რომ მიზეზი სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებისა, მდგომარეობდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში, ოღონდ იქ არ თქმულა, რომ ეს გინდა თუ არა, ცუდი ცვლილებებია ან კარგი ცვლილებებია. იქ ითქვა იმის თაობაზე, რომ უნდა შედგეს კონსულტაციები, მეტი ინფორმაცია დასჭირდებათ პარტნიორებს და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, რომ ის ცვლილებები, რომელიც გატარდა, რაიმე ფორმით იძლეოდეს საფუძველს ასეთი ურთიერთობების შეწყვეტისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ძალიან სწრაფად ურთიერთობები აღდგება.

ის, რომ შეთანხმებას მოითხოვს და კონსულტაციას (სავალუტო ფონდთან), როცა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე გვაქვს საუბარი კანონმდებლობაში, ეს არის სწორედ პირობა, რის გამოც ეს საფინანსო ინსტიტუტი ფიქრობს, რომ მისი პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. რაკი კანონმდებლობაში იმხანად ცვლილებები შევიდა, როგორც ჩანს, გაუჩნდათ საჭიროება შეესწავლათ ეს საკითხი და ჩამოეყალიბებინათ პოზიცია, ეს წაადგება თუ ხელს შეუშლის ეროვნული ბანკის მმართველობის უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებას. მე ნამდვილად არ მაქვს მიზეზი ვთქვა, რომ სებ- ის ფუნქციონირების ხარისხი იმ ცვლილებების შედეგად შემცირებულია. პირიქით, გაცილებით მეტი რისკის ფაქტორი არის დაზღვეული", - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება მოხდა. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს. აღნიშნული ცვლილებების მიზეზით, მიმდინარე წლის ზაფხულში, სავალუტო ფონდმა საქართველოს 40 მილიონ დოლარიანი პროგრამა შეუჩერა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო