ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023

ვინ შეიძლება იყოს “ოცნების” მთავარი მეტოქე არჩევნებში

ევროპა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღს ასახელებს - როგორ ჩაერთვებიან პროცესში საქართველო და მოლდოვა

გიუმრის ბაზისთვის გადასახადი და რომის სტატუტის რატიფიცირება - სადამდე მივა ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა

* * *

ვინ შეიძლება იყოს “ოცნების” მთავარი მეტოქე არჩევნებში

“პოლიტიკური სეზონი დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით პოლიტიკურ ძალთა ქმედებებში რადიკალური ცვლილებები არ ჩანს, თუ არ ჩავთლით ცალკეულ პოლიტიკოსთა მხრიდან გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს, რომ 2024 წელი იქნება სწორედ საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი. “ნაციონალურ მოძარობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში მძიმე რეალობაა და პარტიის შიგნით ბევრ საკითხთან მიმართებაში ფუნდამენტური განსხვავებაა. მისი თქმით, თუ დარწმუნდება რომ “ერთად ბრძოლა, ერთი პარტიის ნომრის ქვეშ ბრძოლა შეუძლებელი იქნება, სხვა პალათფორმიდან მოუწევს ბრძოლა”. სხვა ოპოზიცივრი პარტიები მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებას ცდილობენ, არის საუბრები იმაზეც, რომ თუ პრეზიდენტი პოსტს დატოვებს, სწორედ ის გახდეს მესამე პოლიტიკური ძალის ლიდერი. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან სისუსტე ხშირად მეტ რიკს შეიცავსო. იმასაც ამბობენ, რომ კვლევების მიხედვთი ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩის რესურსი არ აქვთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ შეიძლება იყოს “ოცნების” მთავარი მეტოქე არჩევნებში.

“შემდგომი წელიწადნახევარი კრიტიკული იქნება. გველოდება არჩევნები. დარწმუნებული ვარ ამას გადავაგორებთ. გვექნება განსხვავებული პოლიტიკური სურათი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, - აცხადებს პარტია “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ანალიტიკოსები კი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში პარტიებს გააქტიურებას ურჩევენ, რათა თავის ქცევით, პროგრამებით პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ხედვით თავი მოაწონონ ამომრჩეველს. როგორ დალაგდება მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური სპექტრი და ვინ იქნება მთავარი კონკურენტი “ქართული ოცნების”, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტად მომავალ არჩევნებში რჩება “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობა. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით კი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ოცნების” მეტოქე დიდი ალბათობით ისევ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სასურველია, რომ “ქართულ ოცნებას” უფრო ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს და მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს. ამისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკავშილი ოპოზიციურ პარტიებს. დღეის მოცემულობით მომავალ არჩევნებში “ოცნების” მნიშვნელოვან კონკურენტად კვლავ რჩება “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობა. პრეზიდენტი ვერ იქნება “ოცნების” მთავარი კონკურენტი, რადგან მას არ ჰყავს თავისი მხარდამჭერები და არ ჰყავს დასაყრდენი ძალა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ნაადრევია საუბარი იმაზე თუ ვინ იქნება მთავარი კონკურენტი “ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჯერ რეალურად პროცესი არც დაწყებულა, თუმცა, “ქართული ოცნების” საპირწონედ, ამ ეტაპზე რჩება “ნაციონლური მოძრაობა”. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რა ხდება “ნაცმოძრაობაში”. რაღაც ზეპარტიულის შექმნას აპირებენ. რაც შეეხება “ლელოს” და სხვა პარტიებს, “ლელოს” არა მგონია, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი წინსვლა. “ლელოს” გარანტირებულად “ქართული ოცნების” მეტოქეობა კი არა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტია არ აქვს. მელია თუ სხვა პლატფორმიდან აპირებს ბრძოლას, ვნახოთ რას ნაწილს წამოიღებს პარტიიდან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩაერთვება თუ არა ის კონკურენციაში, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. დრო გამოაჩენს, შეიძლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისეთი ძალა გამოჩნდეს, რომელიც “ოცნებასთან” კონკურენციაში “ნაცმოძრაობას" ჩაანაცვლებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ევროპა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღს ასახელებს - როგორ ჩაერთვებიან პროცესში საქართველო და მოლდოვა

“ევროკავშირი უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებს თუ როდიდან შეიძლება დაიწყოს უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკება - ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ეს კონკრეტული დრო ამა წლის შობამდეა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს იმ თარიღს ემთხვევა, როცა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა მთელი ენერგია იმაზე უნდა იქნას მიმართული, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რის შემდეგაც შესაძლებლობების ფანჯარა უფრო ფართოდ გაიღება. თუმცაღა, აქვე დასძენენ, რომ ქვეყნის წევრობაზე მოლაპარაკება ხანგრძლივია, მაგრამ პროცესის დაწყება უმნიშვნელოვანესია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღს ასახელებს - როგორ ჩაერთვებიან პროცესში საქართველო და მოლდოვა.

“როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა “გარდიანთან” ამბობს, ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს. “ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უნდა შევიდეს, ევროკავშირში მის სრულ გაწევრიანებამდე”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. თსუ-ს პროფესორი და საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველაზე მაქსიმუმი, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს, ეს კანდიდატის სტატუსია. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები ერთს ამბობენ, თუმცა, მისი თქმით, წევრი ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სხვა გზავნილებს აჟღერებენ, რომ “უკრაინის ინტეგრაცია დაჩქარებული წესით წარმოუდგენელია”.

“სამწუხაროდ ჩვენ ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, სანამ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება და საქართველოს იმიჯი არ გამოსწორდება, განსაკუთრებით დემოკრატიის თვალსაზრისით, ამაზე სამწუხაროდ საუბარი ვერ იქნება. ახლა მთელი ჩვენი ენერგია იმაზე უნდა იყოს გადართული, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს მაქსიმუმია რისი გაკეთებაც დღეს შიძლება. დანარჩენი მე მგონია არარეალურია, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. შესაძლოა ისინი ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ. წევრობაზე მოლაპარაკება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, წლები დასჭირდება, ასე სწრაფად არ მოხდება წევრობა, მაგრამ თვითონ პროცესის დაწყება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად არავინ არ იცის მოლაპარაკებებს რამდენი წელი მოუნდება, სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა დრო დასჭირდა, ბოლოს ხორვატიასთან მოლაპარაკებები ათი წელი გაგრძელდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სკორნელი კაკაჩია.

“უკრაინის ევროინტეგრაციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გამოვყოთ - ის, რომ ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურა მომხრეა, რომ უკრაინა დაჩქარებული წესით ევროპულ ოჯახში შევიდეს, ეს ერთია, მაგრამ, მეორეა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რას ამბობენ. ვგულისხმობ გერმანიას, საფრანგეთს, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკურ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის ინტეგრაცია დაჩქარებული წესით წარმოუდგენელია და ევროპის გადასახადის გადამხდელებს ძალიან ძვირი დაუჯდება. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გერმანელი პოლიტიკური აქტორები ამბობენ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციაზე ევროპარლამენტის მომდევნო პოლიტიკური ვადის შემდეგ შეიძლება დალაპარაკება, ეს 2029 წელს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ძალიან სათუოა, რომ ევროკომისიის სურვილები ასრულდეს, როცა თავად ბრიუსელის მთელი ბიუროკრატიის დამფინანსებლები ევროკავშირის მსხვილი წევრები არიან - გერმანია და საფრანგეთი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“როცა თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, აქ ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა იყოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და თუ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თუნდაც ერთი, ან რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგება, ძალიან სათუო ხდება, რომ ბრიუსელიდან ცალკეული პოლიტიკური განცხადებები რეალობით იყოს ხორცშესხმული. ეს მაფიქრებინებს, რომ განცხადებები და სურვილები ერთია, მაგრამ თავად ევროკავშირის წევრებისა და ბრიუსელის მოწოდებებში სულ სხვა რაღაცა იკითხება. არ მინდა, რომ უკრაინელი, ქართველი და მოლდოველი ხალხი ილუზიებში იყვნენ, რომ უკრაინასთან ფორსირებულად იწყება ეს ყველაფერი და საქართველო თითქოს ჩამორჩება, ეს მხოლოდ განცხადებებია და მეტი არაფერი. ვისურვებდი, რომ აღნიშნული ქვეყნები ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ,მაგრამ, არსებულ რეალობას უნდა გადავხედოთ და წარმოდგენები შემდეგ შევიქმნათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ხანგრძლივი პერიოდია, მანამდე ეს მშვიდობიან ქვეყნებთან ხდებოდა და გაიწელა, მაგრამ, უკრაინა, რომელიც სავალალოდ და სამწუხაროდ დანგრეულია, ამდენი ადამიანია დაღუპული, გახიზნული და ყველაფერი ჩამოშლილია, მასთან რეფორმებზე საუბარი ძალიან გაჭირდება. მაგრამ, ამავე დროს ძალიან მკაფიო სიგნალები მოდის, როგორც ევროპული, ისე ამერიკული მედიიდან, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიან პირობებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება, როცა ის ევროპაში კორუფციის კუთხით მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ. ამას დასავლური წყაროები ამბობენ და არა რუსული და ამიტომ აქ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ვიცით პროცედურები რაცაა, მრავალმხრივი დარგობრივი მოლაპარაკებებია ამა თუ იმ რეფორმის განხორციელებისთვის, მაგრამ რეალობა სხვაა, რომელიც იმ ჭარბი და ცრუ მოლოდინების საპირწონეა, რასაც ცალკეული პოლიტიკოსები ქმნიან, თუნდაც კიევში და თუნდაც ბრიუსელში”, - ამბობს აბაშიძე.

“საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე შურყევლად დგას, ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი პრეტენზია, რომ ესა თუ ის საკითხი არ შესრულდა, დეზინფირმაცია და მანიპულაციაა და მეორეც, რეფორმების შესრულებას გარკვეული დრო სჭირდება, ისევე, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდება. არ შეიძლება ქვეყანა ფორსირებულად იმაში დაავალდებულო, რისი შესრულებაც ამ ვადებში წარმოუდგენელია. მანიპულაციებს, დეზინფორმაციებს აქვს ადგილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება პოლიტიკური ნებით ხდება და არა დამსახურებით, რაც ჩვენ შარშან ვიხილეთ. როგორც საქართველოს ხელისუფლება და ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორები ამბობენ, ევროკავშირმა შარშანდელი შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და კრემლის დესტრუციული პროპაგანდა არ უნდა გაახაროს”, - დასძენს გია აბაშიძე.

გიუმრის ბაზისთვის გადასახადი და რომის სტატუტის რატიფიცირება - სადამდე მივა ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა

“სომხეთის საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი შევიდა, ქვეყნის მთავრობა კი მოითხოვს, რომ რუსებმა გიუმრში სამხედრო ბაზისთვის გადასახადი გადაიხადონ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდება, რადგან კრემლს რომის ქარტიის რატიფიცირებაზე მწვავე რეაქცია უკვე ჰქოდა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის, ამის მიზანი აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ყველა ვარიანტში სომხეთში ჩასვლა აეკრძალება და ყველაფერთად ერთად ამ საკითხსაც მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გიუმრის ბაზისთვის გადასახადი და რომის სტატუტის რატიფიცირება - სადამდე მივა ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა.

“სომხეთში ამ დრომდე საპროტესტო ტალღა არ ცხრება, აქციებს მართავენ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგე პრორუსული ძალები და ისინი, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა სურთ, - მიაჩნიათ, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით ვალდებულებები არ შეასრულა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სიტუაცია იმ დონემდეა დაძაბული, რომ რუსეთმა ამის შემდეგ შესაძლოა სომხეთში ყველანაირი ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქმე სამხედრო გადატრიალებამდეც მივიდეს. სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი სომხეთის პარლამენტის სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა. კანონპროექტს სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანი წარადგენს. სანამ კანონპროექტის რატიფიცირების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგში შევიდოდა, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ გეგმაში ნამდვილად ჰქონდა, თუმცა დასძინა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ერევანს მაინც ემუქრება და აფრთხილებს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ერევნის გეგმებს, შეუერთდეს რომის სტატუტს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების ფონზე. ფაშინიანმა კი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რამაც შესაძლოა მოსკოვთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო დაძაბოს, როგორც სომხეთის პრემიერი ამბობს, რუსებმა სომხეთში მდებარე გიუმრის სამხედრო ბაზის ყოფნისთვის, გადასახადი უნდა გადაიხადოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მიწები ისე დავუთმოთ, უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუგზავნით ანგარიშ-ფაქტურას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გადაიხადოს ჩვენს ქვეყანაში ჯარების განლაგების საფასური”, - ღიად განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა... კავკასიის საერთაღორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა წუთობრივად იძაბება და არაა გამორიცხული ამას ისიც დაემატოს, რომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია ისევ “აფეთქდეს”. ხოლო შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ყველაფერთან ერთად რუსეთმა სომხეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს”, - დასძენს გამოცემა.

“ერევანსა და მოსკოვს შორის სიტუაცია უკვე გამწვავებულია, ფაშინიანმა პირდაპირ ხელი დაადო, რომ რუსეთმა სომხეთს უღალატა და პირველად მათი თანამშრომლობის ისტორიაში კონტრიბუცია დაადო, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ფულადი ანაზღაურება მოითხოვა. ამასთან, სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, ეს პუტინისთვის პირდაპირი გამოწვევაა. ეს ნიშნავს, რომ პუტინს სომხეთში ჩასვლა აეკრძალება, თუ ჩავიდა - დააპატიმრებენ. სომხური მხარე ამბობს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის არ კეთდება, მაგრამ გასაგებია, რომ ეს მათ შორის პუტინსაც მოიცავს. როგორც ერევანი ამბობს, ეს იმისთვის კეთდება, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ბრალი წაუყენონ, თუ ისინი რაიმეს მოიმოქმედებენ. მეორეს მხრივ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინს ბრალი წაუყენა და მისი დაპატიმრება მოითხოვა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთიბა საათობრივად და წუთობრივად იძაბება. ამასთან, რეგიონში შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და სომხეთ-აზერბაიჯანის ომში გადაიზარდოს (და არა ყარაბაღს შორის) აქ უკვე რუსეთი ვეღარ გამოძვრება და ამ ომში ჩართვა მოუწევს, რადგან ეს უკვე სომხეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს უკვე ორ ქვეყანას შორის ომი იქნება და რეგიონულ კონტურებს მიიღებს, სადაც უკვე ირანი, თურქეთი და რუსეთი ჩაერთვებიან. ამან შესაძლოა ჩვენს რეგიონში სიტუაცია ააფეთქოს, იმედია, რომ სიტუაცია ზანგეზურის ომამდე არ მივა. ახლა სომხეთში ყარაბაღიდან 20 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩადის, ეს კიდევ გაიზრდება, ამასთან, სტეპანაკერტში აფეთქება მოხდა, სამასი ადამიანი დაიღუპა და ამან სიტუაცია უფრო დაძაბა, რადგან ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია რამ გამოიწვია ეს აფეთქება. შესაძლოა უბრალოდ დაემთხვა”, - განაგრძობს სამხედრო ანალიტიკოსი.

“არაა გამორიცხული, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია იქამდე გამწვავდეს, რომ ძალოვანი ელემენტიც შევიდეს, პუტინმა შინაგან საქმეთა მინისტრი ფაშინიანთან შემთხვევით არ გააგზავნა, შს მინისტრს რა უნდა სომხეთში, მაგრამ როგორც ჩანს ეს ულტიმატუმი იყო. ასევე გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, რომ დაახლოებით 3 ათასი “ვაგნერელი” უკვე ერევანშია. არც ისაა გამორიცხული, რომ ფაშინიანის მიმართ ძალისმიერი მეთოდი გამოიყენონ, მათ შორის ტერორისტული აქტები არაა გამორიცხული. სიტუაცია ისეთი არაპროგნოზირებადი და დაძაბულია, რომ ყველა სცენარია მოსალოდნელი”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება, ფაშინიანი კი სომეხი ხალხის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს, რადგან სომხეთი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, მაგალითად რუსულ ბუნებრივ აირზე, შესაძლოა მიწოდება შეუწყვიტოს, ან ფასი გაუზარდოს. ასევე, სომხური პროდუქციის იმპორტი აკრძალოს. კიდევ შესაძლებელია, შიდაპოლიტიკური სიტუაციაც უფრო მეტად აურიოს, თუმცა პრორუსული ძალები რამდენიმე დღეა აქციებს ატარებენ და ვერაფერს გახდნენ და შეიძლება მთავრობის ჩამოგდება გაუჭირდეთ. ანტირუსული განწყობები ძალიან გაზრდილია და საქმე ისაა პრორუსულ ძალებს მხარდამჭერი რამდენად ეყოლება. რუსებს სომხეთში საკმარისი ძალები არ ჰყავთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია სათავისოდ შეცვალონ, 2018 წელს ფაშინიანს ის ძალა ჰყავდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეეცვალა, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. კი ბატონო, არიან ადამიანები, რომლებიც ყარაბაღის დაკარგვას ფაშინიანს აბრალებენ, მაგრამ, ბევრი აცნობიერებს იმას, რომ ეს მთლად მისი ბრალი არაა და რომ რუსეთმა სომხეთი მიატოვა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო