ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ქონების გადასახადით დაბეგვრის პრინციპების ძირეული ცვლილება განიხილება

ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ქონების გადასახადით დაბეგვრის პრინციპების ძირეული ცვლილება განიხილება.

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის შეცვლაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

სონღულაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, საკითხი ერთიან კონტექსტში იქნება განხილული და წარმოდგენილი და ამიტომ პარლამენტის მიერ ცალკეული ინიციატივების მიღება მიზაშეწონილი არ არის.

რაც შეეხება დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ ინიცირებული პროექტს, ის ქონების გადასახადით დაბეგვრის კრიტერიუმებისა და განაკვეთების ახლებურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. როგორც ინიციატორმა აღნიშნა, მოქმედი ნორმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ მიიღეს და ინფლაციისა და შემოსავლების ზრდის გათვალისწინებით, მოძველებულია.

გოცირიძის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით უნდა განისაზღვროს. კერძოდ, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის იყოს საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტის; 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტის. 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტის.

“აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტს და არა უმეტეს 0.2 პროცენტს. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტის.

საგადასახადო ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი 60 000 ლარამდე იზრდება“, - განმარტა გოცირიძემ კანონპროექტის წარდგენისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო