ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი ქადაგიძე არის ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში გადაიყვანა - ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?

„ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში გადაიყვანა, ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?!, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორის, გიორგი ქადაგიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

ქადაგიძის განცხადებას, რომ „ჩვენი დელეგაცია ევროპულ და ამერიკულ ფორუმებზე კეთროვანია და რომ ისინი მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩამორჩენილ ლიდერებს ხვდებიან“, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა პირდაპირ, ბანკებს ატერორებდა, მახსოვს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმე, პირადად ჩართული იყო ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს, ეს არ არის ცინიზმი, შეურაცხყოფა? ამიტომ, ამ ადამიანებისგან ჩვენ არავითარ კრიტიკას არ მივიღებთ, ამ ადამიანებს, ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას, დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და პოლიტიკაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ მათი ეს განცხადებები მიუღებელია, მითუმეტეს, მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან. საერთოდ, არავის დამცველი ვარ, ყველა მოქალაქეს ვიცავ და ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ, მაგრამ კრიტიკას ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მიზანმიმართულად, გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა ერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს? ახლა რომ გადაადგილდებით მშვიდად, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი.

„აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სავალუტო ფონდთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად